ცხოველებზე ჩატარებულ ცდებში, ექსპერიმენტულმა ინექციამ ოსტეოართრიტი სრულად განკურნა — #1tvმეცნიერება
სახსრების ხრტილების დამაუძლურებელი, ქრონიკული განლევა, რასაც ორთეოართრიტს უწოდებენ, ყოველდღიურად ასეულობით მილიონ ადამიანში იწვევს ტკივილსა და ძვლის დაშლას. თუმცა, ახალი საშველი შეიძლება უკვე მოჩანდეს ჰორიზონტზე — ერთი მარტივი ინიექციის სახით.
ცხოველებზე ამჟამად მიმდინარე ექსპერიმენტებზე დაყრდნობით, დაზიანებულ სახსარში ინჟინერიის გზით სათუთად შექმნილ, ნელა გამოთავისუფლებადი პრეპარატის მიწოდების სისტემის ინექციის სახით შეყვანას შეუძლია დაიყოლიოს ორგანიზმის ხრტილოვანი და ძვლოვანი უჯრედები, რომ სულ რაღაც რამდენიმე კვირაში განახორციელონ ეფექტიანი აღდგენის პროცედურები.
„ორ წელიწადში, ჩვენ შევძელით უპრეცედენტო იდეიდან ამ თერაპიების შემუშავებამდე მისვლა და იმის დემონსტრირება, რომ ისინი ცხოველებში ოსტეოართრიტს უკუაქცევენ“, — ამბობს კოლორადო-ბულდერის უნივერსიტეტის ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერი სტეფანი ბრაიანტი.
ჯგუფმა ცხოველებზე ექსპერიმენტების პირველი ნაწილი უკვე დაასრულა და მზადაა მეორე ფაზის დასაწყებად. ამ ნაწილში შეაგროვებენ უსაფრთხოებისა და ტოქსიკოლოგიის მეტ მონაცემს, რითაც საფუძველს მოამზადებენ ადამიანებზე კლინიკური ცდების დაწყებას.
„ჩვენი მიზანია არა მხოლოდ ტკივილის მკურნალობა და პროგრესის შეჩერება, არამედ ამ დაავადების სამუდამოდ დასრულება“, — ამბობს ბრაიანტი.
ამჟამად ოსტეოართრიტის განკურნების საშუალება არ არსებობს — ან ტკივილს მართავენ, ან სახსრებს ანაცვლებენ ლითონის ან პლასტმასის შემცვლელით.
ახალი კვლევა პოტენციურად მიუთითებს გამოსავალზე, რომელიც „რაზმავს“ ორგანიზმის უჯრედებს დაზიანებული სახსრების აღსადგენად.
წამლის მიწოდების სისტემის გარდა, ჯგუფი მუშაობს ინექციის სახით შეყვანად „იმპლანტზეც“, რომელიც ადგილზე დაფიქსირდება და ორგანიზმის უჯრედებს შეკრებს ხრტილში არსებულ ხარვეზთა ამოსავსებად. მკვლევართა საბოლოო მიზანია ამ დაავადების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა ვარიანტების ქონა.
ოსტეოართრიტს ოთხი ეტაპი გააჩნია — ხრტილების ადრეული და მსუბუქად დაკარგვიდან დაწყებული, ხრტილების სრული გაქრობით და ძვლების ერთმანეთთან შეხების ადგილების ძლიერი ტკივილით დამთავრებული; სწორედ ამ დროს ჩნდება ყველაზე მწვავე შებოჭილობა, შეშუპება და ანთება.
„ამ მომენტში, მრავალი პაციენტისთვის არჩევანს წარმოადგენს ან მასიური, ძვირად ღირებული ქირურგიული ჩარევა, ან არაფერი. ამ ორს შუაში სხვა არჩევანი არ არსებობს“, — ამბობს პროფესორი ევალინა ბურჯერი.
თუ გავითვალისწინებთ, რამდენად გავრცელებულია ოსტეოართრიტი, რამდენად მტკივნეულია ის და რამდენად ზღუდავს მოძრაობას დღიდან-დღემდე, ამჟამად მრავალი კვლევა მიმდინარეობს სამკურნალო საშუალებათა საძებნელად.
ჩვენს სახსრებში ხრტილების ოდენობა დროთა განმავლობაში ბუნებრივად მცირდება, მაგრამ ამისგან დაცვის ერთ-ერთი გზა რეგულარული ვარჯიშია. ძლიერი კუნთები სახსრებზე დაწოლას ამცირებს, მოძრაობა კი საკვები ნივთიერებებით მდიდარ სითხეებს მათკენ ამისამართებს.
2026 წლის დასაწყისში, სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა გამოავლინეს კონკრეტული ცილა, რომელიც პასუხისმგებელია ასაკთან ერთად ხრტილების დაკარგვაზე; ამ ცილის დონის შემცირება შეიძლება სიბერეში სახსხრების დაცვაში დაგვეხმაროს.
ამასობაში, სემაგლუტიდი — პრეპარატ ოზემპიკსა და ვეგოვიში შემავალი აქტიური ინგრედიენტი — ასევე იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ოსტეოართრიტის მკურნალობაში, რადგან აძლიერებს უჯრედულ მეტაბოლიზმს და ხელს უწყობს ჯანსაღი ხრტილის ადგილზე შენარჩუნებას.
რეალური პრეპარატების შემუშავებას გარკვეული დრო დასჭირდება, თუმცა ეს კვლევითი სამუშაოები უკვე ძალიან იმედისმომცემია.
ახალი საინექციო პრეპარატის შემქმნელ ჯგუფს იმედი აქვს, რომ კლინიკური ცდები მომდევნო 18 თვეში დაიწყება, მაგრამ ეს დამოკიდებულია ცხოველებზე ექსპერიმენტთა შემდეგ რაუნდზე.
კვლევებს აფინანსებს ქსოვილის რეგენერაციისა და ოსთეოართრიტის ახალი ინიაციატევების პროგრამა (NITRO) და ჯანდაცვის მოწინავე კვლევით პროექტთა სააგენტო (ARPA-H) — ეს უკანასკნელი აშშ-ის ჯანდაცვის დეპარტამენტის შემადგენლობაშია.
მომზადებულია colorado.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.