პროსტატის კიბოს ახალ კლინიკურ ცდაში, ახალმა იმუნოთერაპიულმა პრეპარატმა იმედისმომცემი შედეგი აჩვენა. პრეპარატი, სახელად VIR-5500, არის „T-ლიმფოციტების შენიღბული დამაკავშირებელი“. ამ ტიპის იმუნოთერაპია ჩვენს იმუნურ არსენალს კიბოს წინააღმდეგ საბრძოლველად ააქტიურებს.
ცდაში, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს და რეცენზირება არ გაუვლია, მოწინავე სტადიის პროსტატის კიბოს მქონე პაციენტებს, რომლებიც სხვა პრეპარატებზე არ რეაგირებდნენ, VIR-5500 მისცეს.
პირველადი დასკვნები აჩვენებს, რომ პაციენტებს, რომლებმაც ყველაზე მაღალი დოზები მიიღეს, აღენიშნათ PSA-ს (პროსტატა-სპეციფიკური ანტიგენი) დონის 82-პროცენტით შემცირება — პროსტატის კიბოს ხშირად გამოყენებული საზომის.
საოცარია, რომ ამავე ჯგუფის პაციენტთა თითქმის ნახევარს ასევე აღენიშნათ სიმსივნის შემცირება როგორც თავდაპირველი სიმსივნის ადგილას, ისე მეტასტაზურ სიმსივნეებში (სიმსივნეები, რომლებიც პროსტატიდან სხეულის სხვა ნაწილებში გავრცელდა).
კიბოს უჯრედებს აქვთ მექანიზმი, რომ თავი აარიდონ ჩვენი იმუნური სისტემის მხრიდან განადგურებას. თუმცა, იმუნოთერაპიები აძლიერებს ჩვენი იმუნური სისტემის კიბოსთან ბრძოლის უნარს. ამას ისინი თავის არიდების სტრატეგიებთან ბრძოლით აკეთებენ.
ბოლო წლებში, ფენომენალური წარმატება აჩვენა სხვადასხვა იმუნოთერაპიამ. მიუხედავად ამისა, მრავალი კიბო მაინც რთულად სამკურნალო რჩება, მათ შორის პროსტატის კიბოც, რაც აჩენს უფრო ეფექტიანი იმუნოთერაპიების საჭიროებას.
T-ლიმფოციტების დამაკავშირებელი იმუნოთერაპიის სპეციფიკური ტიპია, რომელიც იმუნური უჯრედების, სახელად T-უჯრედებისა და კიბოს უჯრედების ერთმანეთთან მიმაგრების გზით მუშაობს — ამისათვის, ორივე ტიპის უჯრედების ზედაპირზე ერთმანეთთან აკავშირებს მოლეკულებს.
ეს იძულებითი სიახლოვე T-უჯრედებს ხელს უწყობს კიბოს მკვლელი ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებების გამომუშავებაში, ასევე აგულიანებს ანთებით პროცესთა კასკადს, რომლებიც ხელს უწყობენ კიბოს განადგურებას.
ამჟამად არსებობს T-უჯრედების 200 სხვადასხვა დამაკავშირებელი, რომელთაგან ბევრი კლინიკურ ცდებს გადის სხვადასხვა სახის კიბოს სამკურნალოდ, მათ შორისაა მრავალი ტიპის მიელომა, ლეიკემია და ფილტვის კიბო.
T-უჯრედების დამაკავშირებლები
T-უჯრედების დამაკავშირებლები მხოლოდ კიბოს წინააღმდეგ არ არიან გამოცდილი. ასევე შეიძლება დაგვეხმარონ სხვა ვირუსული დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა B ჰეპატიტი, რომელიც იწვევს ინფექციას ხშირად მთელი ცხოვრების მანძილზე. ისევე როგორც კიბოს შემთხვევაში, იმუნური რეაქციისგან თავის არიდება ვირუსსაც შეუძლია, მაგრამ T-უჯრედების დამაკავშირებლებს შეუძლიათ, ხელი შეუწყონ ვირუსით ინფიცირებულ უჯრედთა უფრო ეფექტიანად მოსუფთავებას.
მიუხედავად იმისა, რომ T-უჯრედების დამაკავშირებლებზე დიდ იმედს ამყარებენ, მძლავრი ანთება, რომელსაც ისინი იწვევს, შეიძლება ორპირი მახვილი აღმოჩნდეს. ზოგიერთ შემთხვევაში, შეუძლია გამოიწვიოს სერიოზული ანთებითი მდგომარეობა, სახელად ციტოკინების გამოთავისუფლების სინდრომი.
ციტოკინები არის უჯრედების მიერ გამოყოფილი ცილის მესინჯერები, რომლებსაც შეუძლიათ ანთების წარმართვა. ნორმალურ ვითარებაში, მათი გამოყოფა მკაცრად კონტროლირებულია, მაგრამ ციტოკინების გამოთავისუფლების სინდრომისას, მათი რეაგირება ჭარბი და უკონტროლოა. ამან შეიძლება გამოიწვიოს მრავალორგანული უკმარისობა პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში შედეგებით.
ასეთი ანთებითი გვერდითი ეფექტები შეიძლება სხვა იმუნოთერაპიების შემთხვევაშიც წარმოიშვას. სავარაუდოდ, ამ მდგომარეობას მართავს იმუნური პასუხის მძლავრი, მწვავე აქტივაცია.
სწორედ ამიტომაა საჭირო T-უჯრედების დამაკავშირებლებისა და სხვა იმუნოთერაპიული პრეპარატების დახვეწა, რათა დავრწმუნდეთ, რომ მათი ეფექტები ნაკლებად ტოქსიკურია.
ამის ერთ-ერთი გზაა იმუნოთერაპიების ისეთი ვერსიების შექმნა, რომლებიც არააქტიურია, მაგრამ შეიძლება ერთხელ გააქტიურდეს კიბოს შიგნით.
ეს ხერხდება წამლის „ნიღბით“ დაფარვით, რომელიც მას ხელს უშლის როგორც კიბოს, ისე T-უჯრედებთან დაკავშირებაში. როცა პრეპარატი სიმსივნეში შედის, კიბოში უხვად არსებული მოლეკულები მის ნიღაბს შლიან, რაც წამალს სამიზნე უჯრედებთან დაკავშირების საშუალებას აძლევს.
პროსტატის კიბოს ახალ, იმედისმომცემ ცდაში გამოყენებული პრეპარატი VIR-5500 ერთ-ერთია სხვა მრავალი T-ლიმფოციტების შენიღბული დამაკავშირებლიდან.
შედეგად, შენიღბვა ქმნის ეფექტიან წამალს, რომელიც შეიძლება უსაფრთხოც იყოს. სიმსივნე-სპეციფიკურმა აქტივაციამ უნდა შემოსაზღვროს კიბოს საწინააღმდეგო, ანთებითი რეაქცია მხოლოდ სიმსივნის შიგნით, რითაც მოხდება ანთების ფართოდ გავრცელების პრევენცია.
ამას გარდა, ის T-უჯრედების დამაკავშირებლებს საშუალებას აძლევს, უფრო მეტად შერჩევითი იყვნენ კიბოს უჯრედებისადმი, რადგან ზოგიერთი მათი სამიზნე შეიძლება ნორმალური, ჯანმრთელი უჯრედის სახით გამოიყურებოდეს. ამან შეიძლება ერთდროულად შეამციროს ტოქსიკურობა და გააუმჯობესოს კიბოს საწინააღმდეგო მოქმედება.

შენიღბული იმუნოთერაპის დამატებითი სარგებელი ის არის, რომ ორგანიზმში არააქტიური წამლიდან აქტიურ წამლად გარდაქმნას დრო სჭირდება. ეს კი ცვლის პაციენტისთვის პრეპარატის დოზირებას.
კლინიკაში T-უჯრედების დამაკავშირებლებს ხშირად მცირე დოზებით აძლევენ, რომელსაც შემდეგ ზრდიან, რათა არ მოხდეს იმუნიტეტის მწვავე, გადაჭარბებული აქტივაცია. თუმცა, ნიღაბმა პრეპარატს უფრო ნელა გამოყოფის საშუალება უნდა მისცეს, რაც მის მიწოდებას უფრო მარტივსა და უსაფრთხოს გახდის. თავად ნიღაბი შეიძლება პრეპარატს ასევე ხელს უშლიდეს სხეულში დაშლაში და ახანგრძლივებდეს მის სიცოცხლისუანრიანობას.
ახალი ცდის მნიშვნელოვანი მიგნება ის იყო, რომ იმ პაციენტთა უმეტესობას, რომლებმაც VIR-5500-ის უმაღლესი დოზა მიიღეს, მხოლოდ მსუბუქი გვერდითი ანთებითი ეფექტები აღენიშნათ. გამომდინარე T-უჯრედების დამაკავშირებლების ცნობილი ტოქსიკურობიდან, შედეგი ამაღელვებელია და მიუთითებს, რომ შენიღბვა მუშაობს ჭარბი ანთების რისკების შემცირების თვალსაზრისით.
თუ სამომავლო კვლევები დაადასტურებს, რომ T-უჯრედების დამაკავშირებლების შენიღბვა ქმნის უსაფრთხო, უფრო ეფექტიან პრეპარატებს, შემდეგ მათი გამოყენება უფრო მრავალმხრივი გახდება. შესაძლებელი იქნება მათი კომბინირება კიბოს ტრადიციულ თერაპიებთან, როგორიცაა ქიმიოთერაპია და რადიოთერაპია.
ადრეულ კლინიკურ ცდებში, პროსტატის კიბოს მკურნალობაში იმედისმომცემი შედეგები აჩვენა T-უჯრედების სხვა დამაკავშირებლებმაც; დაიწყო ცდები სხვა მრავალი სახის კიბოების მკურნალობაშიც, მათ შორის, პანკრეასის, კოლორექტალური და ფილტვის კიბოს.
ვინაიდან ცდები გრძელდება, კლინიკური წარმატების სრული მასშტაბის შეფასება ჯერ ძალიან ადრეა. ადრეული ცდები მხოლოდ მცირე ოდენობის პაციენტზე ტარდება.
მიუხედავად ამისა, პირველადი შედეგები წარმოადგენს დიდ იმედს იმ კიბოების წინააღმდეგ, რომელთა მკურნალობაც სხვა იმუნოთერაპიებით რთულია.
მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.




