ადრეულ ცდებში, კიბოს მკურნალობის ახალმა მეთოდმა ლეიკემიის განუკურნებელი ფორმის პაციენტები განკურნა — #1tvმეცნიერება
ადრეულ ცდებში, კიბოს მკურნალობის ახალმა მეთოდმა ლეიკემიის განუკურნებელი ფორმის პაციენტები განკურნა — #1tvმეცნიერება

იმუნოთერაპიის ინოვაციური ფორმით მკურნალობის შემდეგ, T-ლიმფოციტების (T-უჯრედები) ლეიკემიის განუკურნებელი ფორმის მქონე პაციენტებში კიბო რემისიაში გადავიდა.

მკურნალობა იყენებს ჯანმრთელი დონორის T-ლიმფოციტებს — სისხლის თეთრი უჯრედების ტიპს, რომლებიც ლაბორატორიაში ისეა დამუშავებული, რომ ამოიცნოს და თავს დაესხას ლეიკემიის უჯრედებს.

კიბოს პერსონალიზებული თერაპიებისგან განსხვავებით, რომლებშიც პაციენტის საკუთარ უჯრედებს იყენებენ, ახალი თერაპიის მომზადება წინასწარ არის შესაძლებელი „მზა პროდუქტის“ სახით; შესაბამისად, სწრაფად გამოიყენებენ პაციენტებზე, რომლებსაც ეს გადაუდებლად სჭირდებათ.

პაციენტებისთვის, რომლებსაც დაავადება ყოველი სტანდარტული მკურნალობის შემდეგ ხელახლა უბრუნდებოდათ, ახალი, მზა თერაპია, რომელიც ლეიკემიას სპობს და დაუფიქსირებელ დონეზე აბრუნებს, ნამდვილად დიდი შვებაა. ლონდონის სამეფო კოლეჯის ჰოსპიტალსა და გრეით-ორმონდ-სტრიტის ჰოსპიტალში 11 პაციენტზე ჩატარებული ცდის შედეგები New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნდა.

თერაპიაში გამოყენებული სამეცნიერო ხრიკი განსაკუთრებით ჭკვიანურია. T-ლიმფოციტების ლეიკემიაში, თავად კიბო შედგება T-ლიმფოციტებისგან და შესაბამისად, უბრალოდ გარედან უფრო მეტი T-ლიმფოციტის დამატება ჩვეულებრივად გამოიწვევდა მეგობრულ ცეცხლს — თერაპიული უჯრედები თავს დაესხმებიან როგორც ერთმანეთს, ისე კიბოს ან უარყოფილი იქნებიან პაციენტის იმუნური სისტემის მიერ.

გენების რედაქტირების ხელსაწყოების გამოყენებით, მკვლევრებმა დონორის T-ლიმფოციტებში გამორთეს ან შეცვალეს საკვანძო მოლეკულები ისე, რომ შეუძლიათ გვერდი აუარონ პაციენტის იმუნურ თავდაცვას და თავდასხმის ფოკუსი ლეიკემიის უჯრედებზე გადაიტანონ.

ადრეულ კვლევებში, პაციენტებს, რომლებსაც მკურნალობის არანაირი სხვა გზა აღარ ჰქონდათ დარჩენილი, ღრმა რემისია აღენიშნათ, რომელშიც მგრძნობიარე ტესტებიც კი ვეღარ აფიქსირებენ ლეიკემიას. ამან შემდეგ გზა გაუხსნა დონორისგან ღეროვანი უჯრედების ან ძვლის ტვინის გადანერგვას, რაც ერთადერთ რეალურ გზად რჩება ამ პაციენტთა გრძელვადიანი განკურნებისთვის.

არასპეციალისტებისთვის მაცდუნებელია მედიაში ნანახი სათაურები „განუკურნებელი კიბოს უკუქცევის“ შესახებ, სადაც წერენ, რომ ეს არის მაგიური ჯოხი, რომელიც მალე ჩაანაცვლებს ქიმიოთერაპიას და რადიოთერაპიას. სიმართლე უფრო მოკრძალებულია და გარკვეულწილად უფრო შთამბეჭდავიც.

ეს თერაპია არ არის განკუთვნილი იმისათვის, რომ პირველ რიგში ჩაუტარონ ყველას, ვისაც ლეიკემია აქვს. ის სპეციალური ვარიანტია იმ მცირე ოდენობით პაციენტისთვის, რომელთა კიბომაც გაუძლო სტანდარტულ მკურნალობას ან შემდეგ კვლავ დაბრუნდა. ასეთ შემთხვევაში, სადაც ალტერნატივა შეიძლება იყოს მხოლოდ პალიატიური მზრუნველობა, კიდევ ერთი ვარიანტის გამოჩენამ შეიძლება ცხოვრება შეცვალოს, მაშინაც კი, თუ ის იდეალური არ არის.

კიდევ ერთი რამ, რასაც მედიაში ხშირად არ ახსენებენ, არის ის, რომ ეს თერაპია ხიდია და არა საბოლოო დანიშნულების ადგილი. აღწერილ შემთხვევებში, მიზანი იყო კიბოს ისე შემცირება, რომ შესაძლებელი გამხდარიყო ღეროვანი უჯრედების გადანერგვა.

გენური ინჟინერიით დამუშავებული T-ლიმფოციტები კონტროლს მთელი სიცოცხლის განმავლობაში ვერ განახორციელებენ. ისინი ლეიკემიის წინააღმდეგ ძალიან ძლიერ, მაგრამ დროებითად მოქმედებენ, პაციენტს ტრანსპლანტაციისთვის დროს აძლევენ, რომელსაც შემდეგ შეუძლია ჯანსაღი იმუნური და სისხლის ფორმირების სისტემის აღდგენა.

ეს კომბინირებული სტრატეგია — ინტენსიური, მაგრამ დროში შეზღუდული იმუნოთერაპია, რომელსაც ტრანსპლანტაცია მოსდევს — სწორედ ისაა, რაც ზოგიერთ ამ პაციენტს გრძელვადიანი გადარჩენის რეალურ შანსს სთავაზობს.

კვლევა New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.