შექმნეს ვაქცინა, რომელმაც თაგვებში მრავალი სხვადასხვა ტიპის კიბოს პრევენცია მოახდინა — #1tvმეცნიერება
ახალ ვაქცინას შეუძლია მოახდინოს მრავალი სხვადასხვა ტიპის კიბოს პრევენცია; თაგვებზე ჩატარებულ ტესტებში, კიბოს ზოგიერთი ფორმის წინააღმდეგ მან 88 პროცენტამდე ეფექტიანობა აჩვენა.
ვირუსული ინფექციების პრევენციის ან ავადობის შემცირებისათვის არსებულ ვაქცინათა მსგავსად, კიბოს ეს ვაქცინაც იმუნურ სისტემას ასწავლის, გამოჩენისთანავე დაესხას თავს სიმსივნეებს.
ვაქცინაში შემავალი ნანონაწილაკები ანტიგენის სახით წარმოადგენს კიბოს უჯრედების ამოცნობად კომპონენტს — ეტიკეტი, რომელიც ჩვენს იმუნურ უჯრედებს საფრთხის შესახებ აფრთხილებს. მეორე მასალა, დამხმარე სუპერ-ადიუვანტი კიდევ უფრო ასტიმულირებს იმუნურ სისტემას შეტევაზე გადასვლისათვის.
პირველ ტესტებში, მასაჩუსეტს-ამერსტის უნივერსიტეტის მეცნიერებმა თაგვების ჯგუფს ვაქცინაცია ჩაუტარეს მელანომის პეპტიდების შემცველი ნანონაწილაკებით, რამდენიმე კვირის შემდეგ კი სატესტო თაგვები მეალანომის უჯრედების ზემოქმედების ქვეშ მოაქციეს.
იმ თაგვების 80 პროცენტი, რომლებსაც ნანონაწილაკების ვაქცინა გაუკეთეს, გადარჩა და კიბოსგან თავისუფალი დარჩა კვლევის მიმდინარეობისას, მთელი 250 დღის განმავლობაში. საპირისპიროდ, ყველა თაგვი, რომელიც ვაქცინირებული არ იყო ან გაკეთებული ჰქონდა სხვა ფორმულირების ვაქცინა, შვიდი კვირის განმავლობაში მოკვდა.
მეორე ტესტში, ჯგუფმა უფრო ზოგადი ანტიგენი გამოიყენა — ნივთიერება, სახელად კიბოს ლიზატი, რომელიც კიბოს დაშლილი უჯრედებისგან მზადდება. არსებობდა ჰიპოთეზა, რომ ლიზატმა შეიძლება იმუნური სისტემა კიბოს სხვადასხვა ტიპის შესახებ გააფრთხილოს, რაც პრევენციულ შემთხვევებში სასარგებლო იქნებოდა.

ვაქცინის გაკეთების შემდეგ, თაგვები მოაქციეს მელანომის, პანკრეასის ან სამმაგად უარყოფითი ძუძუს კიბოს ზემოქმედების ქვეშ. უმეტესობას არც ამ შემთხვევაში განუვითარდა კიბო – კიბო არ დაემართა პანკრეასის კიბოს ზემოქმედების მყოფთაგან 88 პროცენტს, ძუძუს კიბოს ზემოქმედების მყოფთაგან 75 პროცენტს და მელანომის შემთხვევაში 69 პროცენტს.
წარუმატებელი აღმოჩნდა მკვლევართა მცდელობა, გადარჩენილ თაგვებში მოეხდინათ კიბოს გავრცელების სტიმულირება — ასივე პროცენტს კიბო მაინც არ განუვითარდა.
„ინჟინერიით შევქმენით ნანონაწილაკები, რომლებიც იმუნურ სისტემას მრავალი გზით ააქტიურებს; ეს ნანონაწილაკები აერთიანებს კიბოსგან თავისუფალ ანტიგენებს. ამ მეთოდით ჩვენ შეგვიძლია კიბოს ზრდის პრევენცია და გადარჩენის მაჩვენებლის მნიშვნელოვანი ზრდა“, — ამბობს მასაჩუსეტს-ამერსტის უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერი პრაბჰანი ატუკორალე.
მკვლევართა ჯგუფის განცხადებით, საკვანძოა ე. წ. სუპერ-ადიუვანტი, რომელიც შედგება ლიპიდური ნანონაწილაკებისგან, აერთიანებს ორ იმუნურ ადიუვანტს და უზრუნველყოფს მათ ერთობლივ მიწოდებას იმუნური პასუხის გასაძლიერებლად.
რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე ცდები მხოლოდ თაგვებზე ჩატარდა და არ არსებობს გარანტია, რომ შედეგები ადამიანებზეც იგივე იქნება.
თუმცა, ეს მეთოდი პოტენციურად შეიძლება მოერგოს სხვადასხვა ტიპის კიბოს და დაეხმაროს როგორც მკურნალობას დიაგნოზის შემდეგ, ისე პრევენციას მაღალი რისკის პაციენტებში.
კვლევა Cell Reports Medicine-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია umass.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.