ძუძუს კიბო ხშირად ხელახლა ბრუნდება, მაგრამ მეცნიერებმა მისი შეჩერების ახალ, ეფექტიან გზას მიაგნეს — #1tvმეცნიერება
ძუძუს კიბოს წარმატებული მკურნალობის შემთხვევათა თითქმის 30 პროცენტში, სიმსივნე კვლავ ბრუნდება, რაც ყოველწლიურად მსოფლიოში 685 000 ადამიანის სიცოცხლეს იწირავს. მეცნიერებმა სავარაუდოდ მიაგნეს ახალ მეთოდს, რომელიც კიბოს ხელახლა გაჩენის ამ შემთხვევებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
პენსილვანიის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ ჩატარებული ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ძვლის ტვინსა და სხეულის სხვა ნაწილებში არსებული მიძინებული სიმსივნური უჯრედების (DTC) აქტიური მიზანში ამოღება პაციენტებს კიბოსგან თავისუფალ მდგომარეობას შეუნარჩუნებს.
ამჟამად, ძუძუს კიბოზე ნამკურნალებ პაციენტებს ფრთხილად მეთვალყურეობენ, რათა არ გამორჩეთ კიბოს დაბრუნების შემთხვევა. ახალი მიდგომა არ საჭიროებს ლოდინს და მონიტორინგს — ამის ნაცვლად, რეციდივის ძირითადი მიზეზების აღმოსაფხვრელად გამოიყენება მედიკამენტები.
„ამჟამად, ჩვენ უბრალოდ არ ვიცით, დაუბრუნდება თუ არა ვინმეს კიბო და როდის — სწორედ ამ პრობლემის გადაჭრა განვიზრახეთ. ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ რეციდივის პრევენცია მონიტორინგითა და კიბოს მიძინებული უჯრედების მიზანში ამოღებით, რეალურად იმედისმომცემი სტრატეგიაა და იმედი მაქვს, ამ მხრივ მრავალი სხვა კვლევაც ჩატარდება“, — ამბობს პენსილვანიის უნივერსიტეტის სამედიცინო ონკოლოგი ანგელა დემშელი.

სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ დადასტურდა, რომ ეს მიძინებული უჯრედები მკურნალობის პოტენციური სამიზნეა. სხვა ბოლოდროინდელმა კვლევებმა გამოავლინა ის გზები და პრეპარატები, რომლებითაც შეიძლება მოხდეს მიძინებულ უჯრედთა მკურნალობა, რამაც მკვლევრები მიიყვანა ჰიდროქსიქლოროქინამდე (ავტოიმუნური დაავადების სამკურნალო პრეპარატი) და ევეროლიუმსამდე (კიბოს საწინააღმდეგო უკვე არსებული პრეპარატი) ან ორივემდე.
ცდების სერიები ჩაატარეს ძუძუს კიბოზე ნამკურნალევ 51 ადამიანზე, რომელთაც დადასტურებულად საკმაოდ დრამატულად ჰქონდათ კიბოს მიძინებული უჯრედები. ინდივიდუალურად, პრეპარატებმა მოსპო მიძინებულ უჯრედთა 80 პროცენტამდე, მაგრამ კიდევ უფრო ეფექტიანად იმუშავეს ერთობლივად — ეს უჯრედები 87 პროცენტით მოსპეს.
ჯგუფი, რომელიც ორივე პრეპარატს, ჰიდროქსიქლოროქინსა და ევეროლიუმს იღებდა, სამი წლის განმავლობაში დარჩა კიბოსგან თავისუფალი. შედეგები შთამბეჭდავი იყო რომელიმე ერთ-ერთით ნამკურნალებ პაციენტებშიც — 92-93-პროცენტიანი გადარჩენის მაჩვენებლით.
ასეთივე დადებითი შედეგები დაფიქსირდა კიბოს მოდელ თაგვებზე ჩატარებულ ცდებში, რომლებიც ადამიანებზე ცდების დაწყებამდე ჩაატარეს. ცხოველთა ტესტირებამ მკვლევრებს იმ მექანიზმის უფრო დეტალურად შესწავლის საშუალებაც მისცა, რომლითაც პრეპარატები მუშაობენ.
„ჩვენდა გასაოცრად დავადგინეთ, რომ ზოგიერთი პრეპარატი, რომელიც არ მოქმედებს აქტიურად მზარდი კიბოების წინააღმდეგ, ძლიერ ეფექტიანია ამ მიძინებულ უჯრედთა წინააღმდეგ. ეს კი იმას გვეუბნება, რომ კიბოს მიძინებულ უჯრედთა ბიოლოგია ძლიერ განსხვავდება აქტიურად მზარდი კიბოს უჯრედების ბიოლოგიისგან“, — ამბობს პენსილვანიის უნივერსიტეტის კიბოს ბიოლოგი ლევის ჩოდოში.
ეს მიძინებული უჯრედები ძუძუს კიბოს გადარჩენილ ყველა ადამიანს არ რჩება იმუნურ სისტემაში, მაგრამ ვისაც რჩება, ამ სახის მკურნალობის ადრეული შედეგები იმედისმომცემია. შემდეგი ნაბიჯია ცდების ჩატარება უფრო მეტ ადამიანზე და პრეპარატების სხვადასხვა კომბინაციისა და დოზის დატესტვა.
ამ დროისათვის, ხელახლა დაბრუნებული ძუძუს კიბოს ბოლომდე ამოძირკვა ფაქტობრივად შეუძლებელია, რაც ამ დაავადების სიკვდილიანობის ზოგად მაჩვენებელს ზრდის.
„კიბოს დაბრუნების მუდმივი შიში არის ის, რაც ძუძუს კიბოს გადარჩენილ ბევრ ადამიანს აწუხებს მკურნალობის დასრულების შემდეგ“, — ამბობს დემიშელი.
კვლევა Nature Medicine-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია pennmedicine.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.