წითელი მგლურა დაკავშირებულია ვირუსთან, რომელსაც თითქმის ყველა ადამიანი ატარებს — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
წითელი მგლურა დაკავშირებულია ვირუსთან, რომელსაც თითქმის ყველა ადამიანი ატარებს — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვირუსული ინფექცია შეიძლება წითელი მგლურას თითქმის ყველა შემთხვევის საფუძველი იყოს. ამის შესახებ იუწყება ახალი კვლევა, რომელიც ასეთი კავშირის შესახებ ამ დროისთვის ყველაზე ძლიერ მტკიცებულებას გვთავაზობს.

სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ამ ქრონიკული ავტოიმუნური დაავადების „სასტიკი საიდუმლოს“ უკან შეიძლება ეპშტაინ-ბარის ვირუსი (EBV) იმალებოდეს.

ეპშტაინ-ბარის ვირუსი არის პათოგენი, რომელიც „კოცნის დაავადებას“ (მონონუკლეოზი) იწვევს და ახალი აღმოჩენების თანახმად, მას შეუძლია პირდაპირ დააინფიციროს და გადააპროგრამოს კონკრეტული იმუნური უჯრედები და ეს გახდეს სისტემური წითელი მგლურას, შემოკლებით მგლურას სიმპტომების დაწყების მიზეზი.

„ეს არის ყველაზე შთამბეჭდავი აღმოჩენა, რაც კი ჩემს ლაბორატორიაში გამიკეთებია მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში. ვფიქრობთ, ის წითელი მგლურას შემთხვევათა 100 პროცენტს ერგება“, — ამბობს ლაბორატორიის ხელმძღვანელი, იმუნოლოგი უილიამ რობინსონი.

ზრდასრულ ადამიანთა აბსოლუტურ უმეტესობას მთელ მსოფლიოში, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე აქვს შეხება ეპშტაინ-ბარის ვირუსთან, რომელიც თითქმის არანაირ სიმპტომს არ იწვევს და ლატენტურად იმელაბე სხეულის უჯრედებში.

თუმცა, წითელი მგლურას შემთხვევაში, აღინიშნება ღრმა ინფექცია, სავარაუდოდ იმიტომ, რომ მათ EBV-ის უფრო ძლიერი შტამი შეხვდათ. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ამ ავტოიმუნური დაავადების მქონე პაციენტთა შორის, EBV-ით ინფიცირებული B-უჯრედების (B-ლიმფოციტები) მაჩვენებელი დაახლოებით 400-დან ერთია.

ლაბორატორიაში, ინფექციამ B უჯრედებში ცვლილება შეიტანა, გაააქტიურა სისტემა, რომელიც განაპირობებს მათი ანთებისთვის განკუთვნილი გენების „ჩართვას“.

„ამას კი აქვს პოტენციალი, რომ ხელი შეუწყოს სისტემური დაავადების გამომწვევ ავტოიმუნურ რეაქციებს“, — ირწმუნება მკვლევართა ჯგუფი, რომელსაც სტენფორდის უნივერსიტეტის იმუნოლოგი შედი იუნისი ხელმძღვანელობდა.

აღმოჩენა შესაძლოა დაგვეხმაროს, ამოიხსნას დიდი ხნის საიდუმლო იმის შესახებ, თუ პირველ რიგში რა იწვევს წითელ მგლურას და რატომ მიმდინარეობს მისი სიმპტომები, ერთი შეხედვით შემთხვევითი ციკლებით — გამწვავებებითა და ჩაცხრობით.

წითელი მგლურა იწვევს იმას, რომ იმუნური სისტემა შეცდომით თავს ესხმის საკუთარი სხეულის ჯანმრთელ ქსოვილებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფართომასშტაბიანი ანთება, პოტენციურად მძიმე, სიცოცხლისთვის საშიში შედეგებით.

წითელი მგლურა

დაავადება ისტორიულ ჩანაწერებში პირველად ახ. წ. 850 წელს მოიხსენიება; მიუხედავად ამისა, დღემდე არ ვიცით მისი გამომწვევი მიზეზი ან სამკურნალო საშუალება. მგლურა ექსპერტებმა ოფიციალურად მხოლოდ მე-19 საუკუნეში აღიარეს და აღწერეს როგორც გამონაყარი, რომელიც მგლის ნაკბენს წააგავდა (აქედან ეწოდა ისტორიული ლათინური სახელი).

მგლურას საიდუმლო ხშირად მის რთულ ბუნებას უკავშირდება და ფიქრობდნენ, რომ სავარაუდოდ გამოწვეული იყო მრავალი ურთიერთქმედი ფაქტორით, როგორებიცაა საკვები ნივთიერებების დეფიციტი, გენეტიკა, ჰორმონული პრობლემები ან ინფექციები.

სტენფორდის უნივერსიტეტის ახალი კვლევა გვთავაზობს, რომ მართლაც შეიძლება არსებობდეს გამაერთიანებელი ახსნა — ვირუსული წარმომავლობის.

წლებია, მეცნიერები ეჭვობდნენ, რომ ეპშტაინ-ბარის (EBV) ვირუსი მგლურასთან კავშირშია. ცნობილია, რომ ეს ვირუსი აინფიცირებს B-უჯრედებს; ამავე დროს ცნობილია ისიც, რომ მგლურას მქონეებში B-უჯრედების აქტივობა დაუბალანსებელია. სირთულე ისაა, რომ EBV-ის გაზომვა რთულია, როდესაც ის აინფიცირებს და B უჯრედებში იმალება.

სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შეიმუშავეს ჭკვიანური მეთოდი იმის დასადგენად, თუ რომლებია სისხლის თეთრი უჯრედებიდან ინფიცირებული ვირუსით.

სეკვენირების ამ ახალი მეთოდის გამოყენებით, ჯგუფმა აჩვენა, რომ მგლურას მქონე ადამიანებს აქვთ EBV-ით ინფიცირებული გაცილებით მეტი B-უჯრედი, ვიდრე მგლურას არმქონეებს, განსაკუთრებით კი მეხსიერების B-უჯრედები, რომლებიც განაპირობებენ სწრაფ იმუნურ პასუხებს.

ჯანმრთელი ადამიანის სხეულში არსებული ასეულობით მილიარდი B-უჯრედიდან მხოლოდ დაახლოებით 20 პროცენტია „ავტორეაქტიული“, ანუ მომზადებულია ანტისხეულების წარმოსაქმნელად და მკვლელი იმუნური უჯრედების გასააქტიურებლად. თუმცა, როცა EBV ლატენტურ B-უჯრედებს აინფიცირებს, როგორც ჩანს, ეს მათ ანთებისკენ მიდრეკულ მდგომარეობაში აბრუნებს.

„ჩვენ მიერ მიღებული შედეგები გვთავაზობს მექანიკურ საფუძველს იმისა, თუ რატომ უვითარდება სისტემური წითელი მგლურა ეპშტაინ-ბარის ვირუსით ინფიცირებულ ინდივიდთა მხოლოდ მცირე რაოდენობას“, — წერენ მკვლევრები.

მექანიზმს მხარს უჭერს მგლურას ახალი იმუნოთერაპია, რომელიც დეფექტურ B-უჯრედებს ეძებს და ცვლის. კლინიკურ ცდებში მან მნიშვნელოვანი შედეგები აჩვენა — მიაღწიეს რემისიის მსგავს შედეგებს.

მომავალში, ამ კვლევის შედეგები შესაძლოა აქტუალური იყოს EBV-თან დაკავშირებული სხვა ავტოიმუნურ მდგომარეობებისთვისაც, როგორიცაა მრავლობითი სკლეროზი, ხანგრძლივი კოვიდი, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი.

„პრაქტიკულად, ერთადერთი გზა, რომ არ შეგხვდეს ეპშტაინ-ბარის ვირუსი, არის ბუშტში ცხოვრება“, — ამბობს რობინსონი.

კვლევა Science Translational Medicine-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია med.stanford.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.