მასშტაბურმა კვლევამ გამოავლინა ოთხი რისკ-ფაქტორი, რომელიც გულის შეტევისა და ინსულტის შემთხვევათა 99 პროცენტთან არის დაკავშირებული — #1tvმეცნიერება
გულის შეტევები და ინსულტები იშვიათად ხდება გაფრთხილების გარეშე.
სამხრეთ კორეასა და აშშ-ში 9 მილიონზე მეტი ზრდასრული ადამიანის ჯანმრთელობის მონაცემების თანახმად, თითქმის ყველას, ვისაც გულის დაავადება უვითარდება და ემართება გულ-სისხლძარღვთა რაიმე სერიოზული მოვლენა, წინა პერიოდში ოთხი ძირითადი რისკ-ფაქტორიდან ერთ-ერთი აქვს.
ეს ფაქტორებია სისხლის მაღალი წნევა, მაღალი ქოლესტერინი, სისხლში შაქრის მაღალი დონე და თამბაქოს მოწევა (წარსულში ან ახლა).
გრძელვადიანი კვლევისას, ეს რისკ-ფაქტორები წინ უსწრებდა გულ-სისხლძარღვთა სერიოზული მოვლენების შემთხვევების 99 პროცენტს.
60 წელზე ქვემოთ ქალებშიც კი, დემოგრაფიულ ჯგუფში, რომელსაც ყველაზე დაბალი აქვს გულ-სისხლძარღვთა მოვლენების რისკი — გულის შეტევებისა და ინსულტების 95 პროცენტზე მეტი დაკავშირებული იყო ამ არსებული რისკ-ფაქტორებიდან ერთ-ერთთან.
გულ-სისხლძარღვთა მოვლენებთან ყველაზე ხშირად დაკავშირებული ფაქტორი იყო სისხლის მაღალი წნევა. აშშ-შიც და სამხრეთ კორეაშიც, იმ ადამიანთა 93 პროცენტზე მეტს, რომლებმაც გულის შეტევა, ინსულტი ან გულის უკმარისობა გადაიტანეს, იქამდე ჰიპერტენზია ჰქონდათ.
შესაბამისად, ამ რისკ-ფაქტორის მართვა შეიძლება გადამწყვეტი იყოს გულ-სისხლძარღვთა სერიოზული დაავადების პრევენციისთვის.
„ვფიქრობთ, კვლევა ფრიად დამაჯერებლად აჩვენებს, რომ ერთი ან მეტი ამ არაოპტიმალურ რისკ-ფაქტორის ზემოქმედება გულ-სისხლძარღვთა შედეგებამდე არის თითქმის 100 პროცენტი. მიზანი ახლა არის მუშაობა ამ შეცვლადი რისკ-ფაქტორების კონტროლის გზების საპოვნელად და არა გზიდან გადახვევა სხვა ფაქტორების საძებნელად, რომლებიც ადვილად ექვემდებარება მკურნალობას და არ არის გამომწვევი მიზეზი“, — ამბობს აშშ-ის ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის კარდიოლოგი ფილიპ გრინლანდი.
ავტორები შენიშნავენ, რომ მათ მიერ მიღებული შედეგები ეჭვქვეშ აყენებს ბოლოდროინდელ მტკიცებებს, რომ იზრდება რისკ-ფაქტორების არარსებობის შემთხვევაში განვითარებული ფარული გულ-სისხლძარღვთა მოვლენები. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ წინა კვლევებში შეიძლება გამორჩათ დიაგნოზები ან უგულებელყოფილი იყო რისკ-ფაქტორების ის დონეები, რომლებიც კლინიკური დიაგნოსტიკური ზღვრის ქვემოთ იყო.
პუბლიკაციის თანმხლებ რედაქტორის სვეტში, დიუკის უნივერსიტეტის კარდიოლოგი ნეჰა პაგიდიპატი (რომელიც კვლევაში ჩართული არ ყოფილა) ირწმუნება, რომ შედეგები აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია რისკების მართვა იქამდე, ვიდრე ისინი სერიოზულ, პოტენციურად ფატალურ შედეგებს გამოიწვევს.
კვლევა Journal of the American College of Cardiology-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია news.northwestern.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.