აფრიკაში ებოლას ყველაზე მძიმე შტამი ვრცელდება — #1tvმეცნიერება
აფრიკაში ებოლას ყველაზე მძიმე შტამი ვრცელდება — #1tvმეცნიერება

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას გავრცელების შედეგად 90-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა; ამის გამო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ებოლა ძლიერ გადამდები ჰემორაგიული ცხელებაა, რომელმაც აფრიკაში ბოლო 50 წელიწადში სულ მცირე 15 000 ადამიანი იმსხვერპლა. ამჟამინდელი აფეთქების გამომწვევი შტამის წინააღმდეგ არ არსებობს არც ვაქცინა და არც კონკრეტული სამკურნალო საშუალება.

დაღუპულები

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის, სამუელ-როჯერ კამბას ცნობით, ამჟამინდელ აფეთქებას უკვე 91 ადამიანი შეეწირა.

მათი ცნობით, ეჭვია ინფიცირების დაახლოებით 350 შემთხვევაზე. მათი უმეტესობა 20-დან 39 წლამდე ასაკისაა, ნახევარზე მეტი კი ქალია.

ამ დროისათვის, ლაბორატორიაში შემოწმებულია რამდენიმე ნიმუში. აფეთქების ცენტრია ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე იტურის პროვინცია, რომელიც უგანდასა და სამხრეთ სუდანს ესაზღვრება. ეს რეგიონი ოქროთია მდიდარი და მაღალია მოსახლეობის ყოველდღიური მობილობა, რაც სამთო მოპოვებით საქმიანობას უკავშირდება.

პროვინციის ზოგიერთ ნაწილში ასევე შეინიშნება რამდენიმე შეიარაღებული დაჯგუფების მხრიდან ძალადობა, რაც უსაფრთხოების მიზნით იქ წვდომას ართულებს.

რეგიონული რისკი

ვირუსი უკვე გავრცელდა იტურის პროვინციისა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ.

შემთხვევა დაფიქსირდა გომაშიც — კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთის დიდ ქალაქში, რომელიც გასული წლის დასაწყისიდან რუანდის მიერ მხარდაჭერილი მთავრობის მოწინააღმდეგე ჯგუფის, სახელად M23-ის კონტროლის ქვეშაა. გომა ჩრდილოეთ კივუს პროვინციის დედაქალაქია და ესაზღვრება იტურის.

დადასტურდა სიკვდილის ერთი შემთხვევა უგანდაშიც. საქმე ეხება კონგოდან გადმოსულ ორ ადამიანს. გავრცელების ადგილობრივი კლასტერი ჯერ არ აღრიცხულა.

აფრიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC აფრიკა) იტყობინება, რომ მაღალია გავრცელების რისკი აღმოსავლეთ აფრიკის იმ ქვეყნებში, რომლებიც კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას ესაზღვრება.

17 მაისს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ აფეთქება გამოაცხადა „საერთაშორისო მნიშვნელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობად“ — განგაშის მეორე უმაღლესი დონე საერთაშორისო ჯანდაცვის რეგულაციების მიხედვით.

არ არსებობს ვაქცინა

ამჟამინდელი აფეთქება გამოწვეულია ბუნდიბუგიოს შტამით, რომლის წინააღმდეგ არ არსებობს არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი.

მისი გავრცელების შეკავების ნაბიჯები დამოკიდებულია დამცავი ზომების დაცვასა და შემთხვევების სწრაფად გამოვლენაზე, რათა მოხდეს კონტაქტის შემცირება.

ებოლას საწინააღმდეგო ამჟამინდელი ვაქცინა ეფექტიანია მხოლოდ ვირუსის ზაირის შტამის წინააღმდეგ, რომელმაც გამოიწვია უდიდესი აფეთქებები ამ დრომდე აღრიცხულთა შორის.

ბუნდიბუგიოს შტამს ამ დრომდე გამოწვეული აქვს ორი აფეთქება — 2007 წელს უგანდაში და 2012 წელს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. სიკვდილიანობის მაჩვენებელი 30-50 პროცენტი იყო.

გავრცელება

2018-2020 წლებში, ებოლას ყველაზე სასიკვდილო აფეთქებამ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დაახლოებით 2300 – 3500 სიცოცხლე შეიწირა.

წინა აფეთქებამ, რომელიც გასული წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე მძვინვარებდა, 45 ადამიანი იმსხვერპლა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანას ებოლას აფეთქებების მართვის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს, ამჟამინდელი გავრცელების სპეციფიკური მახასიათებლები ექსპერტებს აშფოთებს. კონგოს მოსახლეობა 100 მილიონს აჭარბებს.

„ესაა აფეთქება, რომელიც ძალიან სწრაფად გავრცელდება, მით უმეტეს, რომ ის მჭიდროდ დასახლებულ პროვინციაში დაიწყო“, — ამბობს ვირუსოლოგი ჟან-ჟაკ მიემბე.

მიემბე ებოლას თანააღმომჩენი იყო 1976 წელს, მუშაობდა კონგოს კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელად, რომელმაც ვირუსის ხელახლა გამოჩენა დაადასტურა.

თუ ამჟამად საეჭვო ყველა შემთხვევა დადასტურდა, ამჟამინდელი აფეთქება აღრიცხულთა შორის მეშვიდე უდიდესი იქნება და მეორე უდიდესი ვირუსის არა-ზაირის შტამის მიერ გამოწვეულთა შორის.

„მისტიკური დაავადება“

ვირუსის წარმომავლობის დასადგენად მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური გამოკვლევები.

ამჟამინდელი აფეთქების პირველი იდენტიფიცირებული შემთხვევა იყო ძიძა, რომელიც 22 აპრილს მივიდა ქალაქ ბუნიას ჯანდაცვის ცენტრში, იტურის პროვინციის დედაქალაქში.

თუმცა, აფეთქების ეპიცენტრი მისგან 90 კილომეტრშია, მონგბვალუს ზონაში. მაღალი სიკვდილიანობის მქონე დაავადების გამოჩენის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას 5 მაისს ეცნობა, მას შემდეგ, რაც სხვებს შორის, ოთხ დღეში დაიღუპა ჯანდაცვის ოთხი მუშაკიც.

ბუნდიბუგიოს შტამით ინფიცირებულ ადამიანებს თავდაპირველად აღენიშნებათ გრიპის ან მალარიის მსგავსი სიმპტომები, რაც მის დაფიქსირებას აჭიანურებს.

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ამჟამინდელი აფეთქების შესახებ ცნობები იმის გამოც დაგვიანდა, რომ ადგილობრივ საზოგადოებებს თავდაპირველად სჯეროდათ, რომ ეს იყო „მისტიკური დაავადება“ ან „ჯადოქრობა“. ამის გამო, დაავადებულები ექიმთან მისვლის ნაცვლად, სამლოცველო ცენტრებში მიდიოდნენ.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.