მეცნიერებმა შექმნეს ანტიბიოტიკების ახალი კლასი, რომელიც რეზისტენტულ სუპერბაქტერიებს ხოცავს — #1tvმეცნიერება
მეცნიერებმა შექმნეს ანტიბიოტიკების ახალი კლასი, რომელიც რეზისტენტულ სუპერბაქტერიებს ხოცავს — #1tvმეცნიერება

მეცნიერებმა აღმოაჩინეს ანტიბიოტიკების სრულიად ახალი კლასი, რომელიც ამჟამინდელ პრეპარატთა უმეტესობისადმი რეზისტენტულ ბაქტერიებს ანადგურებს.

მას ზოსურაბალპინი უწოდეს და ძლიერ ეფექტიანია კარბაპენემის კლასის ბაქტერია Acinetobacter baumannii-ის (Crab) წინააღმდეგ. საავადმყოფოებში მზარდი გავრცელების გამო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ამ პათოგენისათვის „პრიორიტეტი 1“ კლასიფიკაცია აქვს მინიჭებული.

Crab-ი ინფიცირებულ ადამიანთა დაახლოებით 60 პროცენტს კლავს. ხშირად იწვევს საშარდე გზების, სასუნთქი გზებისა და სისხლის მიმოქცევის ინფექციებს, რომლებიც თავის მხრივ, პოტენციურად იწვევენ სეფსისს. მასზე მოდის ინფექციების დაახლოებით 20 პროცენტი ისეთ ადგილებში, როგორებიცაა საავადმყოფოები, მოვლის სახლები და ჯანდაცვის სხვა ასეთი დაწესებულებები.

ანტიბიოტიკების მოქმედების პრინციპი შემდეგია: აღწევენ უჯრედის იმ კედელში, რომელიც ინფექციურ ბაქტერიას აკრავს გარშემო და აღწევენ იქ არსებულ სასიცოცხლო მექანიზმებთან. მას შემდეგ, რაც იქ მოხვდება, ანტიბიოტიკი ამ მექანიზმებს ბლოკავს — ან ბაქტერიის ზრდას აჩერებს, ან საერთოდ მის სიკვდილს იწვევს.

ბაქტერია Crab-ი ნამდვილი კლინიკური გამოწვევაა, რადგან აქვს უჯრედის ორშრიანი კედელი — მახასიათებელი, რომელსაც მიკრობიოლოგები „გრამუარყოფითს“ უწოდებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ანტიბიოტიკს ორივე შრის გადაკვეთა სჭირდება, რათა ბაქტერიის სასიცოცხლო მექანიზმებამდე მიაღწიოს, დახოცოს და ინფექციასაც უმკურნალოს.

ამ წესის გამონაკლისია პენიცილინზე დაფუძნებული ანტიბიოტიკები, რომელთა სამიზნეც თავად უჯრედის კედელია. ამ ანტიბიოტიკებს კარბაპენემებს უწოდებენ და ისინი პენიცილინისგან მისი აღმოჩენიდან 48 წლის შემდეგ მიიღეს. მოქმედებს იმავე პრინციპით.

მეცნიერებმა მას ჭკვიანური ქიმიური მოდიფიკაციები ჩაუტარეს, რაც ბაქტერიას მის წინააღმდეგ რეზისტენტულობის გამომუშავებას უხშობდა. ამის გამო, ეს ანტიბიოტიკები ბაქტერია Acinetobacter baumannii-თ გამოწვეული ინფექციების მკურნალობის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაწილი იყო.

თუმცა, Crab-მა, ამ ინფექციის რეზისტენტულმა, ე. წ. სუპერბაგ ვერსიამ, კარბეპენამების დაშლის უნარი განივითარა, რამაც მას ევოლუციური უპირატესობა მიანიჭა და საავადმყოფოებში გაბატონდა.

ზოსურაბალპინი

ანტიბიოტიკების ახალი კლასი, ზოსურაბალპინი, Crab-ის წინააღმდეგ ძლიერ ეფექტიანი აღმოჩნდა როგორც ლაბორატორიაში, ისე ინფიცირებულ ცხოველებში. მკვლევრებმა ზოსურაბალპინი ინფექციის მქონე პაციენტებისგან აღებულ Crab-ის ასზე მეტი ნიმუშის წინააღმდეგ დატესტეს.

მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, რომ ზოსურაბალპინმა ეს ბაქტერიული შტამები დახოცა. ეს ბაქტერიები მან ასევე დახოცა Crab-ით ინფიცირებული თაგვების სისხლის მიმოქცევის სისტემაში, რამაც სეფსისის განვითარების პრევენცია მოახდინა.

Crab-ი გამოიმუშავებს ტოქსინს, სახელად ლიპოპოლისაქარიდს, რომელიც მას თავისი უჯრედული კედლის გარე ნაწილში აქვს მოთავსებული და ადამიანების დასაინფიცირებლად იყენებს.

ზოსურაბალპინი ბლოკავს მოლეკულურ აპარატს, სახელად LptB2FGC-ს, რომელსაც ტოქსინი ლიპოპოლისაქარიდი შიდა ბარიერიდან გარეთ გამოაქვს.

შედეგად, ტოქსინი ბაქტერიის შიგნით გროვდება და მის სიკვდილს იწვევს. ბაქტერიები ამის წინააღმდეგ საკუთარი არსენალიდან იარაღის გამოყენებას ცდილობენ, მაგრამ ზოსურაბალპინი მათი „სროლის“ საშუალებას არ აძლევს.

მექანიზმი LptB2FGC საკმაოდ უნიკალურია Crab-ისთვის, რასაც გარკვეული უპირატესობები და უარყოფითი მხარეები აქვს. ცუდი ის არის, რომ ზოსურაბალპინი მხოლოდ Crab ინფექციებს ხოცავს და არა სხვა ტიპის ბაქტერიებით გამოწვეულს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ექიმებმა პაციენტს ამ ინფექციის ზუსტი დიაგნოზი უნდა დაუსვან, რათა გადაწყვიტონ, რომ ზოსურაბალპინით მკურნალობა დაიწყონ.

მთავარი უპირატესობა ის არის, რომ შემცირებულია ანტიბოტიკის მიერ რეზისტენტულობის გამომუშავების შანსი, რადგან რეზისტენტულობა შეიძლება მხოლოდ Crab-ს გაუჩნდეს და არა სხვა ტიპის ბაქტერიებს.

მკვლევართა განცხადებით, პრეპარატის სამიზნეში, LptB2FGC-ში, მათ უკვე ნახეს გარკვეული მუტაციები. თუმცა, ეს ზოსურაბალპინის ეფექტიანობას მხოლოდ ამცირებს და მთლიანად არ აჩერებს.

დიდებული ამბავი ისაა, რომ პირველი შემთხვევაა, როდესაც რომელიმე ანტიბიოტიკი ამ გზით მოქმედებს. ეს მიკრობიოლოგებს ჩვენი ბაქტერიული მტრების დახოცვის კვლევის ახალ გზას სთავაზობს, იქამდე, ვიდრე ისინი დაგვხოცავენ.

ზოსურაბალპინი ამჟამად კლინიკური ცდების პირველ ფაზაშია, რომელშიც Crab-ით ინფიცირებული პაციენტები მონაწილეობენ. ამ ადრეულ ტესტირებაში მწარმოებელი კომპანია Roche გაარკვევს, ხომ არ აქვს პრეპარატს რაიმე გვერდითი ეფექტები.

და რაც ყველაზე მთავარია, დადგინდება, მოქმედებს თუ არა პრეპარატი ადამიანებშიც ზუსტად ისე, როგორც თაგვებში. ამავე დროს გაირკვევა, გამოვლინდება თუ არა მონაწილე ადამიანებში ანტიბიოტიკისადმი რაიმე რეზისტენტულობა.

ჯერ ძალიან ადრეული ეტაპია და მაღალია ალბათობა, რომ ახალმა ანტიბიოტიკმა წარუმატებლობა განიცადოს. თუმცა, მეცნიერები გამოწვევებს სულ უფრო მზად ხვდებიან. აღმოჩენა მნიშვნელოვან შესაძლებლობებს სთავაზობს მთლიანად სამეცნიერო საზოგადოებას და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში.

კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.