მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ უძველესი მომაკვდინებელი დაავადება სწრაფად ხდება ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული — #1tvმეცნიერება
მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ უძველესი მომაკვდინებელი დაავადება სწრაფად ხდება ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული — #1tvმეცნიერება

მუცლის ტიპი განვითარებულ ქვეყნებში დღეს იშვიათობაა, მაგრამ ეს უძველესი საფრთხე, რომელიც უკვე ათასწლეულებია არსებობს, ჯერ კიდევ ძალიან დიდი საფრთხეა თანამედროვე მსოფლიოსთვის.

ახალი კვლევის მიხედვით, ბაქტერია, რომელიც მუცლის ტიფს იწვევს, ფართოდ ივითარებს პრეპარატებისადმი რეზისტენტულობას და სწრაფად ანაცვლებს შტამებს, რომლებიც რეზისტენტული არ არის.

ამჟამად, მუცლის ტიპის მკურნალობის ერთადერთი ეფექტიანი გზაა ანტიბიოტიკები; დაავადებას იწვევს ბაქტერია Salmonella enterica-ს სეროტიპი Typhi (S Typhi). გასული 30 წლის განმავლობაში, ორალური ანტიბიოტიკებისადმი ამ ბაქტერიის რეზისტენტულობა გაიზარდა და გავრცელდა.

ნეპალიდან, ბანგლადეშიდან. პაკისტანიდან და ინდოეთიდან 2014-2019 წლებში აღებული S Typhi-ის 3489 გენომის სეკვენირების შემდეგ, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ბოლო წლებში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი პრეპარატებისადმი ძლიერ რეზისტენტული ტიპი (XDR Typhi).

XDR Typhi არ ემორჩილება არა მხოლოდ ფრონტის ხაზის ანტიბიოტიკებს, მაგალითად, ამპიცილინს, ქლორამფენიკოლს, ტრიმეტოპრიმი/სულფამეტოქსაზოლს, არამედ სულ უფრო მეტად რეზისტენტული ხდება ახალი ანტიბიოტიკებისადმიც, როგორებიც არის ფლუოროკინოლონები და მესამე თაობის ცეფალოსპორინები.

და რაც კიდევ უფრო უარესია, ეს შტამები სწრაფი მაჩვენებლით ვრცელდება გლობალურად.

XDR Typhi-ს შემთხვევათა უმეტესობა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაშია, ასევე აღმოსავლეთ და სამხრეთ აფრიკაში, მაგრამ ტიფის სუპერშტამები ასევე ფიქსირდება გაერთიანებულ სამეფოში, აშშ-სა და კანადაში.

„მაჩვენებელი, რომლითაც S. Typhi ბოლო წლებში გამოჩნდა და გავრცელდა, ნამდვილად შეშფოთების მიზეზია და წარმოაჩენს პრევენციული ზომების გადაუდებელ გაფართოებას, განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეყნებში“, — ამბობს სტენფორდის უნივერსიტეტის ინფექციურ დაავადებათა სპეციალისტი ჯეისონ ენდრიუსი.

წამლებისადმი რეზისტენტული მუცლის ტიფი მეცნიერებს უკვე წლებია აშფოთებს, მაგრამ ახალი კვლევა ამ ბაქტერიაზე ამ დრომდე ჩატარებული უდიდესი გენომური ანალიზია.

2016 წელს, XDR ტიფის შტამი პაკისტანში გამოავლინეს. 2019 წელს ის ამ ქვეყანაში დომინანტი გენოტიპი გახდა.

ისტორიულად, XDR ტიფის უმეტეს შტამებს ებრძვის მესამე თაობის ანტიმიკრობული საშუალებები, მაგალითად, კინოლონები, ცეფალოსპორინები და მაკროლიდები.

თუმცა, 2000-იანი წლების დასაწყისში, კინოლონებისადმი რეზისტენტული მუტაციები შემთხვევათა 85 პროცენტზე მეტს შეადგენდა ბანგლადეშში, ინდოეთში, პაკისტანში, ნეპალსა და სინგაპურში. ამასობაში დაიწყო რეზისტენტულობა ცეფალოსპორინისადმიც.

დღეისათვის, რჩება მხოლოდ ერთი ორალური ანტიბიოტიკი: მაკროლიდი, აზითრომიცინი. არ არის გამორიცხული, დიდხანს ვეღარც ამ პრეპარატმა იმუშაოს.

ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ახლა ასევე ვრცელდება მუტაციები, რომლებიც აზითრომიცინისადმი რეზისტენტულია, რაც საფრთხეს უქმნის მუცლის ტიფის სამკურნალო ყველა ორალური ანტიბიოტიკის ეფექტიანობას. მიუხედავად იმისა, რომ ეს მუტაციები XDR S Typhi-ს ჯერ არ მიუღია, თუ ასე მოხდა, სერიოზული გასაჭირის წინაშე აღმოვჩნდებით.

მკურნალობის გარეშე, მუცლის ტიფის შემთხვევათა დაახლოებით 20 პროცენტი შეიძლება ფატალურად დასრულდეს და ამ დროისათვის, მსოფლიოში ყოველწლიურად მუცლის ტიფის 11 მილიონი შემთხვევა აღირიცხება.

სამომავლო აფთქებების პრევენცია შეიძლება მოხერხდეს ტიფის შეწყვილებული (კონიუგირებული) ვაქცინებით, მაგრამ თუკი ამ ვაქცინებისადმი წვდომა გლობალურად არ გაიზრდება, მალე შეიძლება, მსოფლიო ჯანდაცვის ახალი კრიზისის წინაშე აღმოჩნდეს.

მუცლის ტიფის მთავარი კვანძი შეიძლება სამხრეთ აზია იყოს, რომელზეც მოდის მთელ შემთხვევათა 70 პროცენტი, მაგრამ COVID-19-მა გვასწავლა, რომ დაავადების შტამები ჩვენს გლობალიზებულ მსოფლიოში ძალიან ადვილად ვრცელდება.

იმისათვის, რათა ასე არ მოხდეს, ჯანდაცვის ექსპერტები ქვეყნებს მოუწოდებენ, რომ გააფართოონ წვდომა მუცლის ტიფის ვაქცინებზე და ინვესტირება მოახდინონ ახალ ანტიბიოტიკთა კვლევებში. მაგალითად, ინდოეთში ჩატარებული ერთი ახალი კვლევის მიხედვით, თუ ურბანულ დასახლებებში ბავშვები ტიფზე ვაქცინირებული იქნებიან, ამან შეიძლება მოახდინოს მუცლის ტიფის შემთხვევათა 36 პროცენტისა და სიკვდილის პრევენცია.

ამ მხრივ, პაკისტანი ახლა მსოფლიოს წინა ხაზზეა. პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც მოსახლეობას მუცლის ტიფის რუტინული ვაქცინაციით უზრუნველყოფს. შარშან, ვაქცინაცია მილიონობით ბავშვს ჩაუტარდა; ჯანდაცვის ექსპერტები აცხადებენ, რომ პაკისტანს ბევრმა ქვეყანამ უნდა მიბაძოს.

ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულობა მსოფლიოში სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რომელიც უფრო მეტ ადამიანს კლავს, ვიდრე აივ/შიდსი და მალარია. იქ, სადაც კი ხელმისაწვდომია, ვაქცინაცია სამომავლო კატასტროფათა პრევენციის საუკეთესო იარაღია.

დასაკარგი დრო ნამდვილად არ არის…

კვლევა The Lancet Microbe-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია scimex.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი