სკანდინავიის შორეული ტყეების ბინადარ დათვებში ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულობა აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
სკანდინავიის შორეული ტყეების ბინადარ დათვებში ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულობა აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

შვედეთის შორეული ტყეების ბინადარ მურა დათვებში გაკეთებული ახალი აღმოჩენა კიდევ ერთი მიმანიშნებელია იმისა, თუ რამდენად შორს მიდის კაცობრიობის საქმიანობის უარყოფითი მხარეები. თუმცა, ამავე დროს, იმის კარგი მაგალითიც არის, როგორ შეიძლება ყველაფერი შემოვაბრუნოთ მარტივი ქმედებებით.

1940-იან წლებში ანტიმიკრობული პროდუქტების წარმოების ინდუსტრიულ მასშტაბებამდე ზრდას ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულობის პრობლემა მოჰყვა, რაც დღითი-დღე იზრდება. ამის კვალი უკვე შვედეთის მურა დათვების (Ursus arctos) კბილებშიც აღმოაჩინეს. 1950-იანი წლებიდან მოყოლებული, ეს ცხოველი ანტბიოტიკებისადმი მზარდ რეზისტენტულობას აჩვენებს.

თუმცა, 1990-იან წლებში შვედეთმა ანტიბიოტიკების საკონტროლებლად რეგულაციები შემოიღო და დათვებში ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულობაც შემცირდა.

ეს იმაზე მიუთითებს, რომ რეგულაცია გარემოსადმი ანთროპოგენული ზიანის შემცირების მძლავრი იარაღია.

უკვე ათწლეულებია, ანტბიოტიკებისადმი რეზისტენტულობა სულ უფრო მზარდი პრობლემაა. ანტიმიკრობული პრეპარატები ისეთი ობის სოკოების, მაგალითად, პენიცილიუმის თავდაცვით სისტემებს იყენებს. ბუნებაში ეს სოკოები ანტიბიოტიკურ მოლეკულებს აწარმოებენ, რათა თავი დაიცვან ბაქტერია მეტოქეებისგან; ადამიანმა ამ მოლეკულების დაუფლება და თავის სასარგებლოდ გამოყენება შეძლო.

თუმცა, ბუნებაში ბაქტერიები ობის სოკოების თავდაცვითი სისტემების საპასუხოდ ვითარდებიან (ახალი თავდაცვა უვითარდება სოკოსაც); ასე ხდება ანტიბიოტიკური პრეპარატების მიმართაც. ბაქტერიები ჩვენ მიერ შექმნილი ანტიბიოტიკი პრეპარატებისადმი სულ უფრო რეზისტენტულები გახდნენ, რაც ჩვენთვის ნამდვილად პრობლემაა. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის 2019 წლის მოხსენების მიხედვით, ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ბაქტერიებით ინფიცირების გამო, მხოლოდ აშშ-ში წელიწადში 35 000 ადამიანი კვდება.

უცნობია, ზუსტად რამდენად ღრმად აღწევს ბუნებაში ანტიბიოტიკები. ვიცით, რომ ანტიბიოტიკები და ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ბაქტერიები გარემოში შეიძლება მოხვდეს ჩამდინარე წყლებით; შესწავლილია გავლენა წყალში არსებულ ველურ ბუნებაზეც, მაგრამ ძალიან ძნელი დასადგენია უფრო ფართო გავლენა დროთა განმავლობაში.

ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა, რომელსაც მიკრობიოლოგი ჯაელ ბრილი ხელმძღვანელობდა, ეს სირთულე მუზეუმების საშუალებით გადაწყვიტა: მურა დათვების თავის ქალებით. მათ 1842-2016 წლებს შორის პერიოდის 82 მურა დათვის კბილის ქვები აიღეს.

კბილის ქვა არის დროთა განმავლობაში წარმოქმნილი ფენა, რომელიც პირში არსებულ ბაქტერიათა ნიმუშებს ინახავს. ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული გენების საძებნელად, ჯგუფმა ამ ბაქტერიების გენომების სეკვენირება მოახდინა.

1950-იანი წლების შემდგომ დათვებში მათ ამ ბაქტერიების დონის მატება აღმოაჩინეს. 1980-იანი წლების შემდეგ ნიმუშებში ამას მოჰყვა კლება, მას შემდეგ, რაც შვედეთის მთავრობამ სოფლის მეურნეობაში ანტიბიოტოკების გამოყენება აკრძალა, 1995 წელს კი ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულობასთან ბრძოლის პროგრამა შემოიღო.

„შვედეთში ამ ბაქტერიების რაოდენობა ახლოს მიუყვება ადამიანთა მიერ ანტიბიოტიკების მოხმარებას, რაც იზრდებოდა მეოცე საუკუნეში და შემდეგ, ბოლო 20 წლის განმავლობაში შემცირდა“, — ამბობს ბრილი.

მისი განცხადებით, უახლოესი წარსულის მონაცემებში მათ ასევე იპოვეს ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულ გენთა დიდი მრავალფეროვნება, რაც სავარაუდოდ, ადამიანთა მიერ მოხმარებული სხვადასხვა სახის ანტიბიოტიკით არის განპირობებული.

დათვების თავის ქალის ნიმუშები შვედეთის სხვადასხვა რეგიონში იყო შეგროვებული, რასაც ჯგუფის აზრით, ადამიანებთან მათი სიახლოვის გამო, ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულობის ცვალებადი გავრცელება უნდა გამოევლინა. მიუხედავად იმისა, რომ შვედეთში მურა დათვები ადამიანებისგან თავს შორს იჭერენ, ზოგიერთი დათვი ადამიანებთან სხვებზე უფრო ახლოს ბინადრობს; მკვლევრები ვარაუდობდნენ, რომ ამ დათვებში ყველაზე მაღალი იქნებოდა ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ბაქტერიების მაჩვენებელი.

მათდა გასაკვირად, ასე არ აღმოჩნდა.

„მიყრუებულ ადგილებსა და ადამიანთა სიახლოვეს ბინადარ დათვებში ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულობის ერთნაირი დონე აღმოვაჩინეთ. ეს იმაზე მიუთითებს, რომ გარემო მართლა ძლიერ არის დაბინძურებული რეზისტენტული ბაქტერიებითა და ანტიბიოტიკებით“, — ამბობს შვედეთის ქალაქ უფსალას უნივერსიტეტის გენეტიკოსი კატერინა გუშანსკი.

1995 წლის შემდეგ დაბადებულ დათვებში ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ბაქტერიების დონე დაბალია, რაც ფრიად იმედისმომცემია. ეს დონე ისეთივე დაბალი არ არის, როგორც ანტიბიოტიკების ინდუსტრიულ მასშტაბებამდე წარმოებამდე იყო, მაგრამ აჩვენებს, რომ რაღაცის გაკეთება შეგვიძლია ჩვენ მიერ გამოწვეული გარემოსდაცვითი პრობლემების აღმოსაფხვრელად.

„ჩვენი კვლევა მიუთითებს, რომ ადამიანთა ქმედებებს, როგორც უარყოფითს, ისე დადებითს, შეუძლია პირდაპირი გავლენა ჰქონდეს სხვადასხვა მიკრობულ საზოგადოებაზე, მათ შორის გარეულ ცხოველებთან დაკავშირებულ მიკრობებზე“, — წერენ მკვლევრები.

მათივე განცხადებით, ეს კვლევა ადასტურებს, რომ ადამიანებსა და პირუტყვში ანტიმიკრობული საშუალებების გამოყენების შეზღუდვის ფართომასშტაბიანი პოლიტიკა შეიძლება ეფექტიანი იყოს ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულობასთან ბრძოლაში.

კვლევა ჟურნალ Current Biology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.