18-24 ნოემბერს ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის კვირეული აღინიშნება, კამპანია წელს კორონავირუსის პანდემიის დროს ანტიბიოტიკების რესურსის შენარჩუნებისკენ არის მიმართული

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია 2020 წლის 18-24 ნოემბერს ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეულს აღნიშნავს, სლოგანით: „ანტიმიკრობული პრეპარატები გამოიყენეთ სიფრთხილით“. კვირეული მიმართულია ანტიბიოტიკების, როგორც ფასეული რესურსის შენარჩუნებისკენ „კოვიდ-19“ პანდემიის დროს, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაშია ნათქვამი.

ცენტრის ცნობით, საქართველოში ანტიბიოტიკების ცნობიერების ამაღლების მსოფლიო კვირეული 2016 წლიდან აღინიშნება და ქვეყანა აგრძელებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივას ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის კვირეულის შესახებ.

„საქართველო თავიდანვე შეურთდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივას ანტიმიკრობული რეზისტენტობის წინააღმდეგ დაუყოვნებლივი მოქმედებების დაწყების შესახებ. სამედიცინო პერსონალისა და მოსახლეობის მონაწილეობა ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეულში მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობას არ გააჩნია საზღვრები. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა შევუერთდეთ მსოფლიო საზოგადოებას ანტიბიოტიკების გონივრული გამოყენების პროპაგანდაში.

საქართველოში მიმდინარე 2020 წლის WAAW კამპანია ეხმიანება „კოვიდ-19“ პანდემიის გამოწვევას და პრობლემებს და ხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპული რეგიონის მხარდაჭერით“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში.

ცენტრის ცნობით, 2020 წლის კამპანიის მთავარი გზავნილებია:

„კოვიდ-19“-ის პანდემიამ შეიძლება, მიგვიყვანოს ანტიბიოტიკების გაზრდილ მოხმარებასთან. ეს შეიძლება, მივიღოთ ანტიბიოტიკების არასწორი გამოყენების შედეგად, რაც გამოიწვევს ახალი რეზისტენტობის ჩამოყალიბებასა და მის გავრცელებას;

„კოვიდ-19“-ის პანდემიის გლობალური პასუხია, გაძლიერდეს ჯანმრთელობის სისტემა, მ.შ. სპეციფიკური აქტივობები, როგორებიცაა ანტიბიოტიკების მართვა, ინფექციური კონტროლი, ხელების დაბანა და იმუნიზაცია, რომლებიც ამცირებს და აკონტროლებს რეზისტენტობის ჩამოყალიბებას და გავრცელებას;

ანტიმიკრობული რეზისტენტობა (ამრ) ქმნის სერიოზულ საფრთხეს ჯანმრთელობის სისტემისთვის, შემდგომი ხანგძლივი რთული ჰუმანიტარული და ეკონომიკური შედეგებით. „კოვიდ-19“-ის პანდემიის დროს ამრ-ის სპეციფიკური აქტივობების სისტემატიური ჩავარდნა ანგრევს გლობალურ ბრძოლას ამრ-ის წინააღმდეგ;

როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრში აღნიშნავენ, საქართველოში ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის გავრცელების შეკავებისა და მსოფლიო გამოწვევების კვალდაკვალ განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები: ანტიმიკრობული რეზისტენტობის საწინააღმდეგო ეროვნული სტრატეგიის დანერგვა; საქართველო ჩართვა ევროკავშირის ანტიმიკრობული რეზისტენტობისა და სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების ერთობლივ აქტივობებში; აქტივობები ერთაინი ჯანმრთელობის მიდგომით; სამედიცინო სტაციონარულ დაწესებულებებში ინფექციების კონტროლის სისტემისა და ანტიმიკრობული პრეპარატების მართვის პოლიტიკის შეფასება და მონიტორინგი; საავადმყოფოებში ინფექციების პრევენციისა და კონტროლის თანამედროვე პრინციპების დანერგვა; შემუშავდა ინფექციების პრევენციისა და კონტროლის ახალი გაიდლაინი;​ ამრ რეფერენს ლაბორატორიაში (ლუგარის ცენტრი) გრძელდება რეზისტენტობის მექანიზმის ფონოტიპური და გენეტიკური დადასტურება და რეზისტენტული შტამების სექვენირება (WGS); საქართველოს მიკორბიოლოგიურ ლაბორატორიების CAESAR ეროვნულ ქსელის 60 პროცენტი ახორციელებს ანტიმიკრობული მგრძნობელობის განსაზღვრას EUCAST სტანდარტით; საქართველო ჩართულია ანტიმიკრობული რეზისტენტობის ზედამხედველობის გლობალურ სისტემაში (GLASS); 2017 წლიდან მიმდინარეობს ამრ მონაცემების (დაახლოებით 200 კლინიკიდან) შეგროვება-დამუშვება CAESAR-ისა და GLASS ქსელისთვის; რიგ ლაბორატორიებში გაუმჯობესდა ხარისხის სისტემის მართვა (QMS) და დაინერგა ხარისხის გარე და შიდა კონტროლის პროგრამები; გაფართოვდა ეროვნული ბაქტერიოლოგიური EQA პროგრამა – „GEOMICQUA“ და მიმდინარეობს ISO17043 აკრედიტაციისთვის მზადება; მიმდინარეობს ანტიმიკრობული რეზისტენტობის ეროვნული პროფილის შექმნა; ჩატარდა CAESAR -ის ეროვნული ქსელის სამუშაო შეხვედრა (როგორც ადგილზე, ასევე Webinar); მიმდინარეობს საკვებ პროდუქტებში ნარჩენი ანტიბიოტიკების განსაზღვრა; მიმდინარეობს სასოფლო-სამეურნეო ცხოველებში ანტიმიკრობული რეზისტენტობის მონიტორინგი; 50-ზე მეტი სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების პერსონალს ჩაუტარდა ტრეინინგი თემაზე „ინფექციების პრევენცია და კონტროლი „კოვიდ-19“-ის პანდემიის პირობებში“; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ანტიმიკრობულ რეზისტენტობასთან ბრძოლის საერთაშორისო ცენტრს (ICARS) შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის ძირითადი მიზანია სამედიცინო, სასოფლო-სამეურნეო და ვეტრინარულ დაწესებულებებში ანტიმიკრობული საშუალებების რაციონალური გამოყენების დანერგვა.

„მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ რომ:

• მიუხედავად იმისა, რომ „კოვიდ-19“ ინფექციის ზოგიერთი სიმპტომი იმეორებს ბაქტერიული ინფექციის სიმპტომებს, პანდემიის დროს უნდა მივაქციოთ ყურადღება AMS გაიდლაინს, რომელიც, თავიდან აგვარიდებს ამრ სამომავლო უარყოფით შედეგებს.

• არსებული კვლევებით, მხოლოდ „კოვიდ-19“-ით ჰოსპიტალიზებული პაციენტების რვა პროცენტს აღენიშნება ბაქტერიული ან ფუნგური ინფექცია; თუმცა, პაციენტების 72 პროცენტს მაინც ენიშნებათ ანტიბიოტიკოტერაპია. ეს პრაქტიკა, არა მხოლოდ საფუძველია მსოფლიოში არასწორი მკურნალობის გავრცელებისა, არამედ ხელს უწყობს სამომავლოდ რეზისტენტობის ჩამოყალიბებასაც.

• ამიტომ – ანტიბიოტიკების ფართოდ გამოყენება პროფილაქტიკის ან მკურნალობისთვის „კოვიდ-19“-ის დადასტურებულ ან სავარაუდო შემთხვევების დროს, როდესაც შემთხვევა მსუბუქი მიმდინარეობისაა და ბაქტერიული ინფექცია ნაკლებ სავარაუდოა, მიუღებელია!

• კოვიდ-19 საშუალო სიმძიმის პაციენტებს, რომელთაც აქვთ პნევმონია, ანტიბიოტიკოთერაპიის დანიშვნას არა ექვემდებარებიან; თუ არ აღენიშნებათ ბაქტერიული ინფექციის ნიშნები და სიმპტომები.

• „კოვიდ-19“ მძიმე პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ ბაქტერიული ინფექციის ნიშნები და სიმპტომები, რეკომენდებულია ანტიბიოტიკოთერაპია“, – ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციაში.