დაავადებათა კონტროლის ცენტრს, ვაქცინების შესანახად, სპეციალური მაცივრები და ცივი ყუთები გადაეცა
დაავადებათა კონტროლის ცენტრს, ვაქცინების შესანახად, სპეციალური მაცივრები და ცივი ყუთები გადაეცა

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს (NCDC), ვაქცინების შესანახად, 330-ზე მეტი სპეციალური მაცივარი გადაეცა.

ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, აღჭურვილობა მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ კლინიკებში გადანაწილდება.

მათივე ცნობით, სპეციალური მაცივრები აღჭურვილია ძაბვის რეგულატორით, ტემპერატურის აღმრიცხველი მოწყობილობით, ქარხნულად დაპროგრამებული განგაშის სისტემითა და შენახვის პირობების მონიტორინგისთვის განკუთვნილი ეკრანით.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, სპეციალური მაცივრები გაერო-ს ბავშვთა ფონდმა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შეიძინა. პროექტის მიზანი „კოვიდის“ საწინააღმდეგო ვაქცინის მიწოდების ცივ ჯაჭვში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა და სამედიცინო დაწესებულებების ახალი აღჭურვილობით უზრუნველყოფაა.

გაერო-ს ბავშვთა ფონდმა კლინიკებს ასევე გადასცა 500 ცივი ყუთი, სადაც საჭირო ტემპერატურაზე ვაქცინის შენახვის ხანგრძლივობა 107 საათია.

„ცივი ჯაჭვის აღჭურვილობა NCDC-ს მიერ შერჩეულ იმ სოფლის კლინიკებს გადაეცემა, სადაც ამის კრიტიკული საჭიროება გამოიკვეთა. ამასთან, სიღნაღის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რაიონულ დაწესებულებაში მოეწყობა სპეციალური ცივი ოთახი“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.