„ბიბისის“ ცნობით, მეცნიერებმა გამოიყენეს ხელოვნური ინტელექტი ახალი ანტიბიოტიკის აღმოსაჩენად, რომელსაც სუპერბაქტერიების მომაკვდინებელი სახეობის განადგურება შეუძლია
„ბიბისის“ ცნობით, მეცნიერებმა გამოიყენეს ხელოვნური ინტელექტი ახალი ანტიბიოტიკის აღმოსაჩენად, რომელსაც სუპერბაქტერიების მომაკვდინებელი სახეობის განადგურება შეუძლია

მეცნიერებმა გამოიყენეს ხელოვნური ინტელექტი ახალი ანტიბიოტიკის აღმოსაჩენად, რომელსაც სუპერბაქტერიების მომაკვდინებელი სახეობის განადგურება შეუძლია.

ექსპერიმენტული ანტიბიოტიკი, სახელად „აბაუცინი“ საჭიროებს შემდგომ შემოწმებებს გამოყენებამდე. მკვლევრები კანადაში და აშშ-ში ამბობენ, რომ ხელოვნურ ინტელექტს აქვს ძალა, მასობრივად დააჩქაროს ახალი წამლების აღმოჩენა. „ბიბისი“ წერს, რომ ეს არის უახლესი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები იყოს რევოლუციური ძალა მეცნიერებასა და მედიცინაში.

ანტიბიოტიკები კლავს ბაქტერიებს, თუმცა ათწლეულების განმავლობაში იყო ახალი წამლების ნაკლებობა და ბაქტერიების მკურნალობა უფრო რთული ხდება, რადგან ისინი ავითარებენ რეზისტენტობას იმ წამლების მიმართ, რაც უკვე არსებობს. წელიწადში მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება ინფექციებისგან, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ანტიბიოტიკებით მკურნალობას.

მკვლევრებმა ყურადღება გაამახვილეს ბაქტერიების ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ სახეობაზე – Acinetobacter baumannii, რომელსაც შეუძლია ჭრილობების დაინფიცირება და პნევმონიის გამოწვევა. ეს არის ერთ-ერთი იმ სამი სუპერბაქტერიიდან, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაასახელა, როგორც „კრიტიკული“ საფრთხე. ამ ბაქტერიას ხშირად შეუძლია, თავი აარიდოს მრავალ ანტიბიოტიკს და წარმოადგენს პრობლემას საავადმყოფოებსა და მოხუცთა თავშესაფრებში, სადაც მას შეუძლია, გადარჩეს ზედაპირებზე და სამედიცინო აღჭურვილობაზე.

ახალი ანტიბიოტიკის მოსაძებნად მკვლევრებს ჯერ ხელოვნური ინტელექტის მომზადება მოუწიათ. მათ აიღეს ათასობით წამალი, სადაც ზუსტი ქიმიური სტრუქტურა იყო ცნობილი და გამოცადეს ისინი Acinetobacter baumannii-ზე, რათა დაენახათ, რომელს შეეძლო მისი შენელება ან მოკვლა. ეს ინფორმაცია მიეწოდა ხელოვნურ ინტელექტს, რათა მას შეეძლო გაეგო წამლების ქიმიური თვისებები, რომლებსაც შეუძლიათ შეტევა პრობლემურ ბაქტერიაზე. შემდეგ ხელოვნურ ინტელექტს წარუდგინეს 6 680 ნაერთთა სია, რომელთა ეფექტურობა უცნობი იყო. შედეგებმა აჩვენა, რომ ხელოვნურ ინტელექტს საათ-ნახევარი დასჭირდა მოკლე სიის შესაქმნელად. მკვლევრებმა ლაბორატორიაში 240 მათგანი გამოცადეს და ცხრა პოტენციური ანტიბიოტიკი აღმოაჩინეს. ერთ-ერთი მათგანი იყო წარმოუდგენლად ძლიერი ანტიბიოტიკი „აბაუცინი“. შემდეგი ნაბიჯი არის პრეპარატის სრულყოფა ლაბორატორიაში და შემდეგ კლინიკური კვლევების ჩატარება.

ექიმების ვარაუდით, პირველი ხელოვნური ინტელექტის ანტიბიოტიკების მიღება შეიძლება 2030 წლამდე, ვიდრე ისინი ხელმისაწვდომი იქნება გამოსაწერად. საინტერესოა, რომ ამ ექსპერიმენტულ ანტიბიოტიკს არანაირი გავლენა არ ჰქონდა ბაქტერიების სხვა სახეობებზე და მუშაობს მხოლოდ Acinetobacter baumannii-ზე. ბევრი ანტიბიოტიკი კლავს ბაქტერიებს განურჩევლად. მკვლევრები მიიჩნევენ, რომ „აბაუცინის“ სიზუსტე გაართულებს წამლებისადმი რეზისტენტობის გამოვლენას და შეიძლება, ნაკლები გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს.