ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული გენები დედამიწის ყველაზე შორეულ რეგიონებშიც იპოვეს
ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული გენები დედამიწის ყველაზე შორეულ რეგიონებშიც იპოვეს

ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულობა ჩვენს დროში ჯანმრთელობის ერთ-ერთი უდიდესი საფრთხეა. იგი თანდათან მთელ პლანეტაზე ვრცელდება. ახლახან მის ნიშნებს მკვლევრებმა დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე შორეულ, მიყრუებულ დასახლებულ არეალებშიც მიაგნეს.

ამის გასარკვევად, რა განაპირობებს ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულობის გავრცელებას, მეცნიერებმა ნიადაგის ნიმუში აიღეს შპიცბერგენზე, ჩრდილოეთ პოლუსის სიახლოვეს, ჩრდილო-ყინულოვან ოკეანეში მდებარე ნორვეგიის არქიპელაგზე.

ასეთ შორეულ ადგილასაც კი, მკვლევრებმა ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული 131 სხვადასხვა გენი იპოვეს. მათ შორისაა გენი blaNDM-1, რომელიც პირველად ინდოეთში, შპიცბრგენიდან 8000 კილომეტრის მოშორებით დააფიქსირეს.

მეცნიერთა აზრით, ეს კონკრეტული გენები შესაძლოა, გადამფრენმა ფრინველებმა, ანდაც ადამიანებმა გადაიტანეს.

კვლევის ადგილად ჯგუფმა შპიცბერგენის რეგიონი კონგსფიორდი აირჩიეს, რადგან ის ყველაზე მოშორებული კუნძულია, რომელზეც არც სოფლის მეურნეობაა და არც მრეწველობა, თანაც იმდენად ცივა, რომ დნმ-ს მთელი წლის განმავლობაში ადვილად შეუძლია ნიადაგში გადარჩენა. გარდა ამისა, კუნძულზე სულ 120 ადამიანი ცხოვრობს.

ურბანული ცივილიზაციებიდან თუ საავადმყოფოებიდან blaNDM-ის გენის ასეთ მოშორებულ კუნძულამდე ჩაღწევა კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულობა უფრო გლობალური პრობლემაა, ვიდრე ადგილობრივი გამოწვევა.

მკვლევართა ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, ნიუკასლის უნივერსიტეტის მეცნიერის, დევიდ გრაჰამის განცხადებით, პოლარული რეგიონები დედამიწის უკანასკნელ ხელუხლებელ ეკოსისტემებს შორსაა და წარმოადგენს პლატფორმას ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულობამდელი ეპოქის დახასიათებისა და მისი პროგრესის საკვლევად.

თუმცა, როგორც იგი აღნიშნავს, სამი წელიც არაა გასული მას შემდეგ, რაც გენი blaNDM-1 ინდოეთის ურბანული ზონების ზედაპირულ წყლებში დააფიქსირეს, მაგრამ მას უკვე ვპოულობთ ათასობით კილომეტრის მოშორებით, ისეთ ზონებში, სადაც ადამიანთა გავლენა მინიმალურია.

ცნობილია, რომ ფერმენტის, სახელად NDM-1-ის დაშიფვრით, გენ blaNDM-1-ს შეუძლია, მიკროორგანიზმებს დაეხმაროს მრავალი წამლისადმი რეზისტენტულობის გამომუშავებაში. მათ შორის არის ბოლო თაობის ისეთი მძლავრი ანტიბიოტიკებიც კი, როგორიცაა კარბაპენემები. ამ უკანასკნელთ ჩვენ მხოლოდ მაშინ მივმართავთ, როცა სხვა ანტიბიოტიკები უძლურია.

ამასობაში, სანამ ბაქტერია ვითარდება და ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულად იქცევა, ყოველწლიურად ამ პროცესს ათასობით ადამიანი ეწირება.

სიტუაცია სულ უფრო უარესი გახდება იქამდე, ვიდრე ვიპოვით გზას, თუ როგორ გავხადოთ ჩვენი ანტიბიოტიკები უფრო ეფექტიანი, ანდაც საერთოდ ახლები შევქმნათ.

დევიდ გრაჰამის განცხადებით, ანტიბიოტიკების ჭარბად მოხმარების, ფეკალური მასებისა და სასმელი წყლის დაბინძურების გამო, ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულობა სულ უფრო ძლიერდება.

როგორც იგი განმარტავს, როდესაც ახალი მედიკამენტი იქმნება, ბუნებრივ ბაქტერიას შეუძლია მას სწრაფად მოერგოს და რეზისტენტული გახდეს. შესაბამისად, გვრჩება მხოლოდ რამდენიმე ანტიბიოტიკი, რადგან მათი დამზადება დანახარჯების თვალსაზრისით უკვე არაეფექტიანია.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ზონას ჯანმრთელობას უცაბედი საფრთხე არ ემუქრება, მსოფლიოში ანტიბიოტიკების გადაჭარბებულმა მოხმარებამ გენი blaNDM-1 ასეთ შორეულ ადგილამდეც კი ჩაიყვანა.

დნმ-ის ნიმუშები 2013 წელს, კონგსფიორდის 40 სხვადახვა ადგილის ნიადაგიდან აიღეს. გაირკვა, რომ 131 სხვადასხვა რეზისტენტული გენი ანტიბიოტიკთა ცხრა სხვადასხვა კლასს განეკუთვნებოდა; ნიმუშების 60 პროცენტში გენი blaNDM-1 აღმოჩნდა.

მკვლევრები გეგმავენ არქტიკული მიწა რეზისტენტულობისა და მისი გავრცელების გაზომვის ბაზისად გამოიყენონ, რაც საკმაოდ რთულია ადამიანთა მიერ მართულ მიკრობებიან გარემოში.

არსებობს იმედი, რომ ამ რეგიონებში ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული გენებისგან თავისუფალ ნიადაგებს იპოვიან. ამ შემთხვევაში, მეცნიერები იმედოვნებენ, რომ უკეთესად გაარკვევენ, როგორ ვითარდება და იზრდება ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულობა, რითაც უკეთეს გზებს მონახავენ მის შესაჩერებლად.

ამისათვის კი, როგორც ჯგუფი აცხადებს, საჭიროა ხანგრძლივი და გულმოდგინე მუშაობა ნარჩენების მენეჯმენტზე, წყლის ხარისხზე და გარემოზე ადამიანების სხვა გავლენებზე.

„არქტიკისა და მისი მსგავსი რეგიონების ხელყოფა ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულობას უფრო აძლიერებს და ავრცელებს შორეულ რეგიონებშიც, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ პრობლემას გლობალურად უნდა შევხედოთ და არა ადგილობრივად“, — ნიუკასლის უნივერსიტეტის მკვლევარი დევიდ გრაჰამი.

კვლევა ჟურნალ Environment International-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ncl.ac.u-ისა და Science Alert-ის მიხედვით.