ბოლო ათ წელიწადში, სოკოვანი ინფექციებით სიკვდილიანობა მსოფლიოში გაორმაგდა — #1tvმეცნიერება
ბოლო ათ წელიწადში, სოკოვანი ინფექციებით სიკვდილიანობა მსოფლიოში გაორმაგდა — #1tvმეცნიერება

11 წლის წინ, მანჩესტერის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მსოფლიოში სოკოვანი ინფექციებისგან ყოველწლიურად ორი მილიონი ადამიანი კვდებოდა. ახალი შეფასებით, რომელიც ამავე უნივერსიტეტის მკვლევარმა დევიდ დენინგმა ჩაატარა, ეს რიცხვი თითქმის გაორმაგებულია — დაახლოებით 3,8 მილიონი წელიწადში.

შედარებისათვის უნდა აღინიშნოს, რომ ეს გახლავთ გლობალური სიკვდილიანობის მთლიანი მაჩვენებლის დაახლოებით 6,8 პროცენტი. მსოფლიოში სიკვდილიანობის მთლიანი მაჩვენებლის დაახლოებით 16 პროცენტი გულის კორონარულ დაავადებებზე მოდის, 11 პროცენტი ინსულტზე, მოწევასთან დაკავშირებულ ფილტვის დაავადებებზე (COPD) 6 პროცენტი, სოკოვან ინფექციებზე კი ამის დაახლოებით ერთი-მესამედი, ანუ 3 228 000 ადამიანის სიკვდილი.

სიკვდილის სხვა შედარებითი გლობალური სტატისტიკის მიხედვით, პნევმონია (ზოგჯერ სოკოვანი) წელიწადში დაახლოებით 2 600 00 ადამიანს კლავს , ტუბერკულოზი 1 208 000-ს (რომელთაგან სოკოვანი დაავადება უმეტესად დაუდასტურებელია და სავარაუდოდ 340 000-ს შეადგენს).

დევიდ დენინგმა კვლევაში შეაფასა დიაგნოზდასმული, ნამკურნალები და გამორჩენილი სოკოვანი დაავადებების დაახლოებითი პროპორცია. მიუხედავად იმისა, რომ სოკოვან დაავადებათა დიაგნოსტირება ბოლო 10-15 წელიწადში დიდად გაუმჯობესდა, შეზღუდულია ტესტებზე წვდომა და გამოყენება, თანაც არა მხოლოდ დაბალშემოსავლიან ქვეყნებში.

მაგალითად, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას სოკოვანი (კრიპტოკოკული) მენინგიტისა და სისხლის მიმოქცევის სოკოვანი ინფექციის (კანდიდა) დიაგნოსტიკის შესაშური სერვისი აქვს, მაგრამ არ აქვს სხვა ძლიერ გავრცელებული სოკოთი, ასპერგილუსით გამოწვეული ინფექციების დიაგნოსტიკა. ამ ხარვეზს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სიკვდილიანობაში. კერძოდ, ასპერგილუსის ინფექციების დროული დიაგნოსტიკა, იდეალურ შემთხვევაში 48 საათში, ყოველწლიურად მილიონობი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენდა.

ყველაზე მომაკვდინებელი სოკოებია ასპერგილუს ფუმიგატუსი (Aspergillus fumigatus) და ასპერგილუს ფლავუსი (Aspergillus flavus), რომლებიც სოკოვან ინფექციებს იწვევენ. დაზარალებულთა შორის არიან ფილტვის დაავადებების, მაგალითად ასთმის, ტუბერკულოზის და ფილტვის კიბოს მქონე ადამიანები; ასევე ისინი, ვისაც აქვს ლეიკემია ან ვინც ორგანო გადაინერგა ან იმყოფება რეანიმაციაში.

ბევრი ეს ადამიანი იმიტომ კვდება, რომ მათი ექიმები ვერ იგებენ, რომ მათ სოკოვანი დაავადება აქვთ — ან ძალიან გვიან იგებენ. ამავე დროს, სიკვდილის ერთ-ერთი მიზეზია დიაგნოსტიკის ტესტების სიმწირე ან არარსებობა და სოკოს საწინააღმდეგო ეფექტიანი პრეპარატების არარსებობა. სოკოვან კულტურებზე დაფუძნებული ტესტები სინამდვილეში შემთხვევათა მხოლოდ მესამედს ავლენს იმ ადამიანებში, ვისაც სოკოვანი ინფექცია მართლაც აქვს.

სამწუხაროდ, მზარდი პრობლემა ხდება ანტიბიოტიკებისადმი და ფუნგიციდებისადმი რეზისტენტულობაც. სასოფლო სამეურნეო კულტურებში გარკვეული ტიპის ფუნგიციდების გამოყენება დიდად ზრდის რეზისტენტულობის მაჩვენებელს სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატთა ჯგუფის, სახელად აზოლებისადმი.

კანდიდა (Candida) ინფექციები სისხლის მიმოქცევაში გვხვდება და სეფსისის ერთ-ერთი მიზეზია. ასევე დაკავშირებულია დიაბეტთან და თირკმლის უკმარისობასთან — ან ორივესთან და შეიძლება გაძლიერდნენ სერიოზული ქირურგიული ოპერაციის ან ტრავმის შემდეგ. ეს სოკო ნაწლავის მიკრობიომის ნორმალური ნაწილია, მაგრამ როცა ძალიან ავად ვართ, ნაწლავის კედლიდან ის სისხლის მიმოქცევაში გადადის.

გლობალურად, სიცოცხლისთვის საშიში კანდიდას ინფექციებით დაახლოებით 1,5 მილიონი ადამიანია ყოველწლიურად ინფიცირებული და მათგან თითქმის მილიონი იღუპება; შესაბამისად, გადაუდებლად საჭიროა სადიაგნოსტიკო ტესტები. ამჟამინდელი სისხლის კულტურის ტესტები სიცოცხლისთვის საშიში კანდიდას ინფექციების მხოლოდ 40 პროცენტს აფიქსირებს.

ყოველწლიურად შიდს-ით გარდაცვლილი 600 000 ადამიანიდან 50 პროცენტის შემთხვევა სწორედ სოკოვან ინფექციებთან არის დაკავშირებული. გლობალურად დიდი ძალისხმევაა მიმართული კრიპტოკოკულუ მენინგიტის, როგორც სიკვდილის მიზეზის ამოსაძირკვად, რასაც აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ხელმძღვანელობენ.

შავი სოკო

მუკორმიკოზის, იგივე შავი სოკოს მსოფლიოში პირველი ფართომასშტაბიანი აფეთქება ინდოეთში, COVID-19-ს მოჰყვა. ეს სოკო ქსოვილს სისხლის მიწოდებას უბლოკავს და მის სიკვდილს იწვევს. აქედან უწოდეს სახელად „შავი სოკოც“.

2012 წელს, დევიდ დენინგმა და მისმა კოლეგებმა მსოფლიოში მუკორმიკოზის დაახლოებით 10 000 შემთხვევა შეაფასეს. ინდოეთში კოვიდპანდემიას ამ სოკოვანი ინფექციის სულ მცირე 51 000 დადასტურებული შემთხვევა მოჰყვა; ასეთი მასიურ ზრდა დაკავშირებულია ისეთ ფაქტორებთან, როგორიცაა კოვიდის სამკურნალოდ სტეროიდების ჭარბი მოხმარება (ზედმეტი და ძალიან დიდხანს) და დიაბეტის ცუდი კონტროლი.

მთელ მსოფლიოში, ასპერგილუსის და კანდიდას ინფექციები ასევე გაცილებით მეტად იყო გავრცელებული რეანიმაციაში მყოფ კოვიდპაციენტებში.

ორმაგი დარტყმა

სიცოცხლისთვის საშიში ასპერგილუსის ინფექციები ასევე მაღალია რეანიმაციულ განყოფილებებში გრიპით მოთავსებულ ადამიანებში, რაც სიკვდილის რისკს აორმაგებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ასპერგილუსის დიაგნოზის დასმა მოხერხდა. მართლაც, ექიმები და მეცნიერები შიშობენ სოკოვანი ინფექციებითა და გრიპით ან სხვა რესპირატორული ვირუსით გამოწვეულ ორმაგი დარტყმის ეპიდემიაზე.

ძლიერი კავშირია ასევე სოკოვან ალერგიასა და მწვავე, ცუდად კონტროლირებად ასთმას შორის.

ასთმა გავრცელებული და მზარდი პრობლემაა ხანდაზმულებში. სოკოვანი ასთმის მქონე ადამიანებს ძირითადად ესაჭიროებათ რამდენიმე პრეპარატი.

მიუხედავად ასთმის კონტროლისკენ მიმართული ძალისხმევისა, ყოველწლიურად მხოლოდ ამ დაავადებით ან სხვა დაავადებასთან თანხლებით, მსოფლიოში დაახლოებით 461 000 ადამიანი კვდება.

სოკოვანი დაავადებები სულაც არ აპირებს გაქრობას. ისინი ჩვენ გარშემო არიან და ბუდობენ ჩვენს ნაწლავებში, კანზე.

ამჟამად არ არსებობს სოკოების საწინააღმდეგო ვაქცინა. მწვავე სოკოვანი დაავადებები ადამიანებს მაშინ უტევენ, როცა ისინი უკვე ავად არიან. იშვიათია შემთხვევა, რომ ის ჯანმრთელ ადამიანს დაემართოს.

კვლევა Lancet Infectious Diseases-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.