ოკეანეებში ამ დრომდე უცნობი 200 000 ვირუსი აღმოაჩინეს
ოკეანეებში ამ დრომდე უცნობი 200 000 ვირუსი აღმოაჩინეს

ოკეანეები თავიანთ სიღრმეებში ყველა სახის საიდუმლოსა და უცნაურობას მალავენ — თუნდაც 195 728 ვირუსს, რომლებიც მეცნიერებმა წყლის სიღრმეებში, პოლუსიდან-პოლუსამდე ექსპედიციისას იპოვეს. მკვლევართა თქმით, ამ ვირუსთა აბსოლუტური უმრავლესობა აქამდე არასოდეს უნახავთ.

აქამდე, ოკეანის ამ ვირუსთაგან ჩვენთვის ცნობილი იყო მხოლოდ 15 000-ის შესახებ. შესაბამისად, ამ კვლევას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს ჩვენი პლანეტის უკეთ შესასწავლად.

მკვლევართა თქმით, ამ აღმოჩენას შეუძლია გაცილებით მეტი რამ გვასწავლოს არაერთი რამის შესახებ, დაწყებული პლანეტაზე სიცოცხლის ევოლუციით და კლიმატის ცვლილების შესაძლო შედეგებით დამთავრებული.

კვლევა ეფუძნება 2009-2013 წლებში აღებულ ნიმუშებს, რომლებიც გემის, სახელად „ტარას“ ეკიპაჟმა შეაგროვა. ამ გემმა ექსპედიციაში ათ წელიწადზე მეტი გაატარა, რათა უკეთ შეესწავლა ოკეანე და ის გასაღებები, რომლებსაც ის სიცოცხლის ევოლუციის შესახებ გვაძლევს.

ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიკრობიოლოგ მეთიუ სალივანის განცხადებით, ვირუსები ციცქნა სხეულებია, რომელთა დანახვაც კი შეუძლებელია, მაგრამ იმის გამო, რომ მათი ოდენობა უზარმაზარია, მათ ნამდვილად დიდი მნიშვნელობა აქვთ.

მიუხედავად აღმოჩენილ ვირუსთა უზარმაზარი ოდენობისა და მსოფლიო ოკეანეთა რეგიონების ფართო კომპლექსურობისა, მკვლევრებმა მაინც მოახერხეს და ეს ვირუსები ხუთ სხვადასხვა ეკოლოგიურ ზონად დაყვეს. მათ შორის არის არქტიკისა და ანტარქტიკის ყველა სიღრმე და სამი სხვადასხვა სიღრმე ზომიერ და ტროპიკულ რეგიონებში.

აღმოჩნდა, რომ ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანე, სადაც მკვლევრები სულ არ ელოდნენ დიდი ბიომრავალფეროვნებას, სიცოცხლე საოცრად ყვავის.

მეცნიერთა შეფასებით, მსოფლიო ოკეანეში ათობით მილიონი ვირუსია, რომელთაგან მრავალი წყლიდანაც ამოდის და ჩვენს სხეულებშიც კი ხვდება. რაც უფრო მეტ მათგანს აღმოვაჩენთ, უფრო მეტს გავიგებთ თავად სიცოცხლის და არა მხოლოდ წყალქვეშა სიცოცხლის შესახებ.

გარდა 4000 მეტრამდე სიღრმეში ახალი ვირუსების პოვნისა, ოკეანის სხვა მიკრობებსა და ცოცხალ არსებათა ანალიზისას მეცნიერებმა ასევე გამოავლინეს ახალი შტამები.

ასევე მნიშვნელოვანია ახალი კვლევის ყოვლისმომცველობა, რადგან ის მეცნიერებს ეხმარება უფრო ზუსტად გამოთვალონ ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის ბალანსი ატმოსფეროში. ცნობილია, რომ წყლის ორგანიზმებს დიდი წვლილი შეაქვთ ჟანგბადის რეცირკულირებაში, ამავე დროს, ოკეანეები იწოვს და ინახავს დიდი ოდენობით CO2-ს.

წყალქვეშ არსებული მეტი სიცოცხლე ნიშნავს მეტი CO2-ის გარდაქმნას ორგანულ ნახშირბადად და ბიომასად, რაც შემდეგ წყლის სიღრმეში ინახება და CO2 აღარ წამლავს ოკეანეს და აღარ კლავს წყალში არსებულ სიცოცხლეს. ეს მექანიზმი საკმაოდ მგრძნობიარე და კომპლექსურია.

სალივანის თქმით, იმის ცოდნა, სად არიან ეს ვირუსები, დაგვეხმარება შევისწავლოთ ოკეანის ნახშირბადის ეს „ტუმბოები“ და უფრო ფართოდ კი ის ბიოგეოქიმია, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენს პლანეტაზე.

მისივე განცხადებით, ოკეანის ეკოსისტემათა წინა მოდელები ზოგადად უგულებელყოფდნენ მიკრობებს და იშვიათად მოიცავდნენ ვირუსებს, მაგრამ ახლა უკვე ვიცით, რომ ისინი ნამდვილად სასიცოცხლო კომპონენტებია.

კვლევა ჟურნალ Cell-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.