დედამიწის სიღრმეებში ვრცელი მიწისქვეშა ეკოსისტემა აღმოაჩინეს, რომელიც მილიარდობით მიკროორგანიზმს მოიცავს
დედამიწის სიღრმეებში ვრცელი მიწისქვეშა ეკოსისტემა აღმოაჩინეს, რომელიც მილიარდობით მიკროორგანიზმს მოიცავს

დედამიწის ზედაპირქვეშ, საკმაოდ დიდ სიღრმეზე, მეცნიერებმა აღმოაჩინეს მიწისქვეშა სიცოცხლის ფორმების წარმოუდგენლად ვრცელი ბიოსფერო.

ამ მიწისქვეშა სამეფოში ყვავის მსოფლიოს ყველაზე ღრმა და უძველესი ორგანიზმები, თანაც ისეთ ადგილებში, სადაც წესით, სიცოცხლე საერთოდაც არ უნდა არსებობდეს. ახალი კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა მიკრობების ეს ბნელი სამეფო რაოდენობრივად შეაფასეს.

მიკრობიოლოგ კარენ ლიოდის განცხადებით, ათი წლის წინ, მათ მხოლოდ რამდენიმე ასეთი ადგილი იცოდნენ, სადაც სიცოცხლის არსებობას ვარაუდობდნენ.

მაგრამ ახლა, ულტრაღრმა ნიმუშების წყალობით, მათ უკვე იციან, რომ ასეთი ადგილების პოვნა ყველგან შეუძლიათ, მიუხედავად იმისა, რომ აღებული ნიმუშები ღრმა ბიოსფეროს მცირე ნაწილს ეკუთვნის.

ათი წლის განმავლობაში 1000 მეცნიერს შორის მიმდინარე თანამშრომლობის შემდეგ, ლიოდმა და Deep Carbon Observatory-ს მკვლევრებმა ღრმა ბიოსფერო შეაფასეს. ეს არის სიცოცხლის ზონა დედამიწის ზედაპირქვეშ, რომელიც 2-2,3 მილიარდ კუბურ კილომეტრ მოცულობას იკავებს.

ეს რიცხვი თითქმის ორჯერ აღემატება მსოფლიო ოკეანეების მოცულობას — კიდევ ერთ უზარმაზარ ბუნებრივ გარემოს, რომელიც ადამიანთა მიერ დიდწილად შეუსწავლელია.

ოკეანეების მსგავსად, ღრმა ბიოსფეროც სიცოცხლის უთვალავი ფორმების უხვი წყაროა. ამ პოპულაციის მასა დაახლოებით 15-23 მილიარდი ტონაა, რაც ადამიანთა პოპულაციის მასას 245-385-ჯერ აღემატება.

აღმოჩენა ეყრდნობა ასობით სხვადასხვა ადგილას ჩატარებულ მრავალ კვლევას და დაფუძნებულია ზღვის ფსკერს ქვემოთ 2,5 კმ სიღრმიდან და ხმელეთზე 5 კმ სიღრმიდან ამოტანილ მიკრობთა ანალიზზე.

ასეთ სიღრმეებში ბიოსფეროში დომინირებს მიკრობთა ორი ფორმა (ბაქტერია და არქეა). მკვლევართა შეფასებით, ისინი დედამიწის ბაქტერიებისა და არქეების 70 პროცენტს შეადგენენ.

დაზუსტებით არავინ იცის, რამდენი სახის ორგანიზმზეა საუბარი.

თუმცა, Deep Carbon Observatory-ს მეცნიერთა თქმით, აღმოჩენას და დახასიათებას ელოდება მილიონობით სხვადასხვა ტიპი.

მიკრობიოლოგ მიტჩ სოგინის განცხადებით, ღრმა მიწისქვეშა ზონის კვლევა ამაზონის კვლევას ჰგავს. იქ სიცოცხლე ყველგან არის, სავსეა სრულიად მოულოდნელი და უჩვეულო ორგანიზმებით.

სიცოცხლის ეს ფორმები უჩვეულოა არა მხოლოდ გარეგნულად და ჰაბიტატით, არამედ თავად არსებობის გზებით, ახასიათებთ თითქმის გეოლოგიური დროის მასშტაბებში ჩამოყალიბებული წარმოუდგენლად ნელი და გრძელი სიცოცხლის ციკლები. გამომდინარე იქიდან, რომ იქ მზის სინათლე ვერ აღწევს, არსებობენ კლდოვანი გარემოდან მოპოვებული ქიმიური ენერგიის უმცირესი დოზებით.

როგორც ლიოდმა The Guardian-ს განუცხადა, მისთვის ყველზე უცნაური ის არის, რომ ზოგიერთი ეს ორგანიზმი ათასობით წელიწადს ცოცხლობს. ისინი მეტაბოლურად აქტიური არიან, მაგრამ იმყოფებიან სტაგნაციაში, ჰყოფნით იმდენად ცოტა ენერგია, რომ აქამდე მისით არსებობაც კი წარმოუდგენლად მიიჩნეოდა.

მსგავსი აღმოჩენები კიდევ უფრო ამყარებს მოსაზრებას, რომ მიწისქვეშა სიცოცხლე შეიძლება მთელი სამყაროს მასშტაბით არსებობდეს, ანუ მსგავსი „ბნელი ბიოსფერო“ იმალებოდეს შორეულ ეგზოპლანეტათა სიღრმეებშიც. გარდა ამისა, ახლებურად მოწმდება სიცოცხლის რეალური განსაზღვრებაც.

აღსანიშნავია ისიც, რომ რაც უფრო ღრმად ვბურღავთ დედამიწას, უფრო შორს ვიხედებით ევოლუციურ ისტორიაში.

როგორც მიტჩ სოგინი განცხადებაში აღნიშნავს, მოლეკულური კვლევები ზრდის იმის ალბათობას, რომ მიკრობული ბნელი მატერია იმაზე გაცილებით მრავალფეროვანია, ვიდრე ამჟამად გვგონია. გარდა ამისა, სიცოცხლის ეს მიწისქვეშა ფორმები ეჭვქვეშ აყენებს სიცოცხლის სამდომენიანი სისტემის კონცეპტს, რომელიც 1977 წელს ამერიკელმა მიკრობიოლოგმა კარლ ვიოზემ შეიმუშავა.

მომზადებულია The Guardian-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი