ანტარქტიდის ყინულებქვეშ ჩაჭედილი იდუმალი ეკოსისტემა, რომელსაც 120 000 წელია, სინათლე არ უნახავს - კვლევები იწყება
ანტარქტიდის ყინულებქვეშ ჩაჭედილი იდუმალი ეკოსისტემა, რომელსაც 120 000 წელია, სინათლე არ უნახავს - კვლევები იწყება

არსებობს ერთი იზოლირებული, უცნობი სამეფო, რომელიც მზის შუქს იმდენად შორეულ წარსულში მიეფარა, რომ არავის შეუძლია იმის თქმა, თუ რა შეიძლება არსებობდეს მის ყინულოვან, ბნელ წყლებში. თუმცა როგორც ჩანს, ამის გასარკვევად დიდხანს ლოდინი აღარ მოგვიწევს.

ბრიტანეთის ანტარქტიკული კვლევის (BAS) მეცნიერთა ჯგუფი აპირებს რამდენიმე დღეში დაიწყოს ანტარქტიკის ყინულოვანი საფარის ქვეშ არსებული იდუმალი, წყლის ეკოსისტემის კვლევა. მას შემდეგ, რაც გასული წლის ივლისში ანტარქტიდას დელავერის შტატის ზომის გიგანტური აისბერგი მოსწყდა, ამ ეკოსისტემამ 120 000 წლის შემდეგ პირველად იხილა სინათლე და ჰაერი.


აისბერგს A-68 უწოდეს. მისი მასა 1 ტრილიონ ტონას აღწევს; ანტარქტიდის ლარსენ C-ის ყინულის შელფიდან გამოყოფა მან ათწლეულების წინ დაიწყო, როცა 1960-იან წლებში პატარა ნაპრალი შენიშნეს.

მრავალი წლის განმავლობაში, ნაპრალი ნელა ვითარდებოდა, თუმცა 2016 წელს ყველაფერი შეიცვალა, რაც საბოლოოდ, 2017 წლის ზაფხულში, აისბერგის მოწყვეტით დასრულდა.

ივლისში ყველაფერი დამთავრდა. უზარმაზარი აისბერგი ბოლოსდაბოლოს მოსწყდა ყინულოვანი შელფის ნავსაყუდელს და ატლანტის ოკეანეში შეცურდა.

მოწყვეტასთან ერთად, აისბერგმა გამოამჟღავნა დაახლოებით 5800 კვადრატული კილომეტრის წყლოვანი გარემო, რომელსაც თითქმის არასოდეს ენახა დღის სინათლე. სწორედ ამ ფრიგიდული წყლების შესწავლას გეგმავენ მეცნიერები, რათა მანამდე გაარკვიონ თუ სიცოცხლის რა ფორმები შეიძლება არსებობდეს მასში, სანამ ამ ხელუხლებელ გარემოს ანტარქტიდის ეკოსისმეტმა შეერევა.

„მის შესახებ არაფერი ვიცით. დაფარული იყო რამდენიმე ასეული მეტრის სისქის ყინულოვანი საფარით“, — უთხრა The Independent-ს ზღვის ბიოლოგმა კეტრინ ლაინზმა.

„მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად შევაღწიოთ, სანამ ზღვისქვეშა გარემოს მზის სინათლე შეცვლის და ახალი სახეობები დაიწყებენ კოლონიზაციას“.

რამდენიმე დღეში, ლაინზი და მისი კოლეგები ფოლკლენდის კუნძულებზე გაემგზავრებიან, საიდანაც თვის ბოლოს, ცხრა სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერები გემ RRS James Clark Ross-ით ანტარქტიდისკენ გაემგზავრებიან. დანიშნულების სწორ ადგილამდე მისაღწევად, ისინი თანამგზავრული მონიტორინგის სისტემას გამოიყენებენ.

„ამ შემთხვევაში, საჭიროა, გაბედულები ვიყოთ“, — ამბობს BAS-ის დირექტორი დევიდ ვოგანი.


„ლარსენ C საკმაოდ შორსაა და ამ ზონაში, ძალიან ბევრი ზღვის ყინულია. თუმცა ეს იმდენად მნიშვნელოვანი სამეცნიერო საქმეა, რომ მაქსიმალურად ვცდილობთ, ჩვენი ჯგუფი იქ აღმოჩნდეს, სადაც საჭიროა“.

სამკვირიან მოგზაურობაში, მკვლევრები შეაგროვებენ ზღვის ფსკერის ცხოველებს, მიკრობებს, პლანქტონს, დანალექებს, წყლის ნიმუშებს. გარდა ამისა, შესაძლოა აღმოაჩინონ ამ ზონიდან ღია წყლებში მიგრირებული ზღვის ახალი ძუძუმწოვრები ან ფრინველები.

ეს ყველაფერი მხოლოდ გეგმაა. ჯგუფი კარგად აცნობიერებს, რომ ადგილზე მისულებს, შეიძლება სულ სხვა სურათი დახვდეთ.

„მივდივართ არეალში, სადაც არ ვიცით, რას ვიპოვით, რა დაგვხვდება; ეს ყოველივე მეტად ამაღელვებელია“, — უთხრა ლაინზმა BBC News Radio-ს.

„ვვარაუდობ, რომ ვიპოვით იმ ზღვის უკიდურეს სიღრმეებში აღმოჩენილის მსგავს ცხოველებს, რომლებიც არ იკვებებიან მწვანე საკვებით, რადგან იმ წყალში ფიტოპლანქტონი ვერ იქნებოდა. თუმცა, სანამ არ ვნახავთ, ჯერ არაფერი ვიცით“.

რაც დანამდვილებით ვიცით, ისაა, რომ ეს შესაძლებლობა უპრეცედენტოა, კვლევა კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ წინაშე იხსნება ფანჯარა, რომელიც დაახლოებით 100 000 წლის წინ დაიხურა და მას შემდეგ არ გახსნილა.

„არ შემიძლია წარმოვიდგინო უფრო დრამატული ცვლილება დედამიწის არც ერთი სხვა ეკოსისტემის გარემო პირობებში, ვიდრე ეს აქ მოხდა“, — ამბობს კვლევის მონაწილე, ზღვის ბიოლოგი ჯულიან გატი.

ლარსენ C-ის ყინულის შელფი


მომზადებულია bas.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით