ანტარქტიდის ყინულების ქვეშ, დროში გაყინული უძველესი ლანდშაფტი აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
ანტარქტიდის ყინულების ქვეშ, დროში გაყინული უძველესი ლანდშაფტი აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

აღმოსავლეთ ანტარქტიდის ყინულის საფარის ქვეშ აღმოაჩინეს უძველესი მდინარის სისტემა, რომელსაც დღის სინათლე 14 მილიონი წელიწადია არ უნახავს.

ყინულში შეღწევადი რადარითა და თანამგზავრული მონაცემებით, ბრიტანეთის დარემის უნივერსიტეტის გლაციოლოგმა სტიუარტ ჯემისონმა და მისმა კოლეგებმა რუკაზე დაიტანეს აღმოსავლეთ ანტარქტიდის ყინულის საფარის ქვეშ ჩამალული ლანდშაფტის ტოპოგრაფიული მახასიათებლები, რათა უკეთესად შეესწავლათ, როგორ ირყევა ყინულის საფარი დროთა განმავლობაში.

აღმოსავლეთ ანტარქტიდის ყინულის საფარი (EAIS) დედამიწაზე უდიდესი ამ სახის წარმონაქმნია და ძირითადად მოთავსებულია ზღვის დონის მაღლა, საძირკველ ქანზე; ის სულაც არ არის ისეთი სტაბილური, როგორც მეცნიერებს ერთ დროს ეგონათ. ახლა, როდესაც ჩვენი პლანეტა საშუალო ტემპერატურის ინდუსტრიამდელთან შედარებით 2 °C-ით მომატების გზას ადგას, ამ ყინულის საფარის დნობამ 2100 წლისთვის შეიძლება ზღვის დონის ნახევარი მეტრით აწევა განაპირობოს.

თუმცა, გლობალური დათბობისადმი აღმოსავლეთ ანტარქტიდის ყინულის საფარის რეაგირება დიდწილად უცნობია და არ არის გამორიცხული, მომავალში მან ყველაზე დიდი წვლილი შეიტანოს ზღვის დონის აწევაში. ამიტომ, მეცნიერები ცდილობენ გაარკვიონ, რა არის მის ქვეშ, მოახდინონ მისი მომავლის მოდელირება.

მთვარე უკეთ გვაქვს შესწავლილი, ვიდრე ანტარქტიდა. შესაბამისად, სრულად არ ვიცით კლიმატის ის რისკები, რომლებიც ამ რეგიონიდან გვემუქრება“, — ამბობდა შარშან ტასმანიის უნივერსიტეტის პოლარული მეცნიერი, მოდელირების ავტორი მეტ კინგი.

ანტარქტიდა

 

ახალ კვლევაში, ჯემისონმა და მისმა კოლეგებმა ამ ყინულის საფარის შესახებ უფრო მეტი დეტალის გარკვევა გადაწყვიტეს. ამას ისინი ავრორასა და შმიდტის აუზების ქვეშ, მიწაში ეძებდნენ, დენმანისა და ტოტენის მყინვარების შიდა მხარეში.

„რყევასთან ერთად, ყინულის საფარები ცვლიან მათ ქვეშ არსებულ ლანდშაფტს და ამის კვალსაც ტოვებენ. თუმცა, იშვიათია შეუცვლელი ლანდშაფტის პოვნა, რომელიც ყინულის წარსულ მდგომარეობებს ინახავს“, — წერენ მკვლევრები.

აღმოსავლეთ ანტარქტიდის ყინულის საფარი 32 მილიონი წლის წინ წარმოიქმნა, როდესაც ანტარქტიკაში ყინული გეოლოგიური ეპოქების კვალდაკვალ ტემპერატურის რყევასთან ერთად, ყინული დიდდებოდა, უკან იხევდა, სქელდებოდა და თხელდებოდა.

ბოლო 14 მილიონი წელიწადია, ყინულის ეს საფარი საკმაოდ სტაბილურია და ფარავს ანტარქტიდის კონტინენტის აღმოსავლეთის ვრცელ ნაწილს.

ავრორა-შმიდტის აუზების სკანირების შედეგად, მკვლევრებმა აღმოაჩინეს უძველესი ლანდშაფტი, რომელიც თანამედროვე ყინულისა და ზღვის ერთმანეთთან შეხვედრის ადგილიდან 300 კილომეტრის მოშორებით, კონტინენტის შიდა ნაწილში მდებარეობს.

ეს დიდი კონტინენტის მხოლოდ მცირე ნაწილია, მაგრამ ძლიერ მრავლისმთქმელი. შედგება მდინარის მიერ ამოჭრილი სამი „ბლოკისგან“, რომლებსაც ერთმანეთისგან 40 კმ სიგანის ღრმა ღარები ყოფს.

ბლოკებს ქედებისა და ხეობების რთული ქსელი ფარავს, მაგრამ ეს მახასიათებლები არ შეესაბამება კონტინენტის ამ ნაწილში დღევანდელ ნელ, ჩრდილოეთის მიმართულების ყინულის დინებას.

შესაბამისად, უფრო დიდი ალბათობით, ეს რელიეფი წარმოქმნილია ანტარქტიდის გამყინვარებამდე, როდესაც მდინარეები იმ სანაპირო რეგიონს კვეთდნენ, რომელიც სუპერკონტინენტ გონდვანას დაშლის შემდეგ გაჩნდა.

მკვლევართა ვარაუდით, რელიეფი იმ რიფტებმა ამოჭრა, რომლებიც პირველები გაიხსნა გონდვანის გახლეჩისას, შემდეგ კი უფრო ღრმა ღარებად იქცა.

ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ეს ჩამარხული ლანდშაფტი სავარაუდოდ 14 მილიონ წელზე დიდი ხნის წინ გაჩნდა. ვინაიდან მდინარეებისა და ხეობების ქსელი საკმაოდ კარგად არის შემონახული, სავარაუდოა, რომ რეგიონი ყინულით ძალიან სწრაფად დაიფარა და აღმოსავლეთ ანტარქტიდის ყინულის საფარს ბოლო 14 წლის განმავლობაში საკმარისად არ დაუხევია უკან, რათა ეს ლანდშაფტი დღის სინათლეზე გამოჩენილიყო.

თუმცა, მკვლევრები ამბობენ, რომ ყინულის უკანდახევა ამ რეგიონს შეიძლება მომავალში მისწვდეს, როცა ტემპერატურა 3-7 °C-ით მოიმატებს, როგორც ეს 14-34 მილიონი წლის წინ მოხდა, როდესაც აღმოსავლეთ ანტარქტიდის ყინულის საფარი წარმოიქმნა.

კვლევა Nature Communications-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.