პოლარული ყინულის დნობას გავლენა აქვს წელიწადის ხანგრძლივობაზე — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
პოლარული ყინულის დნობას გავლენა აქვს წელიწადის ხანგრძლივობაზე — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

გამთბარი მსოფლიო ყოველმხრივ იცვლება, მაგრამ არის ერთი ისეთი ცვლილებაც, რომელსაც ალბათ არავინ ელოდა. ახალი კვლევის მიხედვით, გამდნარი პოლარული ყინულის მასის ხელახლა გადანაწილება პლანეტის ბრუნვის მაჩვენებელს ცვლის.

უფრო მეტიც, დნობის ამჟამინდელი მაჩვენებლით, კოორდინირებული უნივერსალური დროისთვის ზედმეტი წამის გამოკლება, რაც 2026 წლისთვის იყო დაგეგმილი, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი ტემპი დედამიწის ცვალებად ბრუნვასთან, 2029 წლამდე აღარ იქნება საჭირო. ასე ამბობს სან-დიეგოს კალიფორნიის უნივერსიტეტის დედამიწის მეცნიერი დუნკან ეგნიუ.

თითქოს ერთი წამი არაფერია, მაგრამ გლობალური დროის აღრიცხვა ძლიერ ზუსტი და ხისტი სფეროა, რომელზეც მრავალი რამ არის დამოკიდებული, კომუნიკაციებიდან დაწყებული, კომპიუტერული ქსელებითა და ფინანსური ბაზრებით დამთავრებული.

ამას გარდა, დედამიწის ბრუნვის შეცვლას დიდი მასა სჭირდება. ახალი დასკვნა წარმოადგენს სამწუხარო ვერდიქტს იმისა, თუ რამდენად სერიოზული გახდა სიტუაცია.

„ბოლო დროს რომ პოლარული ყინულის დნობა არ აჩქარებულიყო, ეს პრობლემა სამი წლით უფრო ადრე დადგებოდა. გლობალური დათბობა უკვე ახდენს გავლენას გლობალურ დროის აღრიცხვაზე.

მსოფლიოს კოორდინირებული უნივერსალური დრო, იგივე UTC არის სისტემა, რომელიც ასობით ატომურ საათს ეფუძნება და რომლებიც არეგულირებენ ყველა სხვა დანარჩენ საათს.

ვინაიდან დედამიწის ბრუნვა უცვლელი არ არის, დროის ისეთი ზუსტი აღმრიცხველი, როგორიც ატომური საათია, თანდათანობით გადაუხვევს იმისგან, რასაც დედამიწაზე აღვრიცხავთ. შესაბამისად, საკმაოდ ხშირად, UTC-ს ემატება ე. წ. წამიანი ნახტომი, რათა განახლდეს მისი ურთიერთობა საერთაშორისო ატომურ დროსთან, ანუ TAI-სთან.

UTC-ს დასაზუსტებლად, ამ დრომდე არ ყოფილა უარყოფითი წამიანი ნახტომის საჭიროება, მაგრამ 2022 წელს დედამიწაზე აღირიცხა უმოკლესი დღე აღრიცხულთა შორის, რამაც გააჩინა სპეკულაციები და გეგმები 2026 წლისთვის უარყოფითი წამიანი ნახტომის შესახებ.

2016 წლის შემდეგ, წამიანი ნახტომის გასწორების საჭიროება აღარ ყოფილა, მაგრამ უარყოფითი წამიანი ნახტომის პერსპექტივა ზოგიერთს ძალიან აშფოთებდა ჩვენს ტექნოლოგიებზე მისი გავლენის გამო.

როგორც ეგნიუ აღნიშნავს, ამჟამად მრავალ სისტემას აქვს ისეთი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელსაც შეუძლია დაეთანხმოს დამატებით წამს, მაგრამ ალბათ მხოლოდ იშვიათს ექნება თანხმობა წამის გამოკლებაზე. ამიტომ, უარყოფითი წამიანი ნახტომი მრავალ სირთულეს შექმნის.

ვინაიდან ბოლო პერიოდში დედამიწის ბრუნვაში რაღაც უცნაური შენიშნეს, ეგნიუმ გადაწყვიტა, დეტალურად შეესწავლა მისი კუთხური სიჩქარე — რამდენად შეიცვალა მისი ბრუნვა ბოლო წლებში და მასის გადანაწილება მის ზედაპირზე.

დედამიწის გრავიტაციას მუდმივად მეთვალყურეობენ დედამიწის ორბიტაზე მოძრავი თანამგზავრები. ისინი ზომავენ ცვლილებებს მათ ორბიტებსა და მანძილებს შორის, რასაც განაპირობებს დედამიწის ზედაპირის გრავიტაციაში რეგიონული ვარიაციები. ვინაიდან გრავიტაცია პირდაპირ არის დაკავშირებული მასასთან, ამით შეიძლება დადგინდეს, სად არის მასა კონცენტრირებული.

ეგნიუმ დედამიწის გრავიტაციულ ველის ცვლილებები და პლანეტის ბრუნვის მაჩვენებლის გაზომვები შეისწავლა. შედეგად დაადგინა, რომ პოლარული ყინულის ქუდების დნობას გამოკვეთილი ეფექტი აქვს დედამიწის ბრუნვაზე. როდესაც გრენლანდიისა და ანტარქტიკის ყინული დნება, წყალი ოკეანეებში ჩაედინება, მასა ხელახლა გადანაწილდება და პლანეტის ბრუნვა სულ ოდნავ იცვლება.

ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ეგნიუმ დაადგინა, რომ უარყოფითი წამიანი ნახტომი 2029 წლისთვის იქნება საჭირო.

წამიანი ნახტომის სისტემა 1970-იანი წლების დასაწყისში შემოიღეს, მაშინ, როცა დროის აღრიცხვის ყველაზე თანმიმდევრული მეთოდი დედამიწის ბრუნვა იყო. თუმცა, ამის საჭიროება რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში არ დამდგარა და მიმდინარეობდა დისკუსია წესების შეცვლის შესახებ, რათა გაწყვეტილიყო კავშირის UTC-სა და TAI-ს შორის. ეგნიუ უფრო მყისიერ ცვლილებას გვთავაზობს — არასოდეს დავუშვათ უარყოფითი წამიანი ნახტომი.

პოლარული დნობის გამო მასის ტრანსფერის აჩქარებამ შეიძლება უარყოფითი წამიანი ნახტომის პრობლემა ახლა გადაავადოს, მაგრამ როგორც ეგნიუ შენიშნავს, ის ასევე ზრდის მომავალში წამიანი ნახტომების საჭიროების შანსებს.

„გლობალური დათბობა და გლობალური დროის აღრიცხვა უკიდურესად ურთიერთდაკავშირებული გახდა და მომავალში შეიძლება კიდევ უფრო მეტად გახდეს“, — ამბობს ეგნიუ.

კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.