მთვარის წყალობით, დედამიწაზე დღის ხანგრძლივობა იზრდება
მთვარის წყალობით, დედამიწაზე დღის ხანგრძლივობა იზრდება

ასაკის მატებასთან ერთად, გვეჩვენება, რომ დრო თითქოს უფრო სწრაფად გადის. მაგრამ როგორც ჩანს, შესაძლოა, სინამდვილეში პირიქით ხდება — დროთა განმავლობაში, დედამიწაზე დღე ხანგრძლივდება, ამის მიზეზი კი მთვარის ეფექტია ჩვენი პლანეტის ბრუნვაზე.

ახალი კვლევის ფარგლებში, გაირკვა დედამიწისა და მთვარის ურთიერთქმედება ბოლო 1,4 მილიარდი წლის განმავლობაში. აღმოჩნდა, რომ მაშინ დღის ხანგრძლივობა მხოლოდ 18 საათი იყო.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ მას შემდეგ, დღე ექვსი საათით გაიზარდა, ანუ წელიწადში 0,00001542857 წამით.

ამის მიზეზი ის არის, რომ მთვარე დედამიწას გამუდმებით, სულ უფრო ნელა შორდება. 1,4 მილიარდი წლის წინ, ის ჩვენთან გაცილებით ახლოს იყო, დედამიწა კი უფრო ჩქარა ბრუნავდა საკუთარი ღერძის გარშემო.

„რაც უფრო შორს მიდის მთვარე, დედამიწა ზუსტად ისევე ანელებს ბრუნვას, როგორც მოციგურავე მკლავების გაშლისას“, — ამბობს უისკონსინ-მედისონის დედამიწის მეცნიერი სტივენ მეიერსი.

ჯგუფმა გამოიყენა ასტროქრონოლოგიის მეთოდი, რომელიც დედამიწისა და მზის სისტემის ისტორიის რეკონსტრუქციისთვის, გეოლოგიურ ჩანაწერებს აკავშირებს ასტრონომიულ თეორიასთან.

უფრო კონკრეტულად, მათ გამოიყენეს მილანკოვიჩის ციკლები, ანუ კლიმატის ცვლილება, რომელიც გამოწვეულია მზის გარშემო დედამიწის მოძრაობის, ღერძისადმი დახრილობის და ღერძული პრეცესიის შედეგად (დედამიწის ღერძის ყოყმანი მზის მიმართულებით).

ამ ყველაფრის შედეგად, მზის რადიაცია სხვადასხვა ოდენობით აღწევს სხვადასხვა განედებზე და შესაბამისად, ცვლილებები შემონახულია უძველეს ქანებსა და ნამარხებში.

ასტრობიოლოგიის საშუალებით, მეცნიერებს შეუძლიათ დედამიწის კლიმატის შესწავლა და იმის გარკვევა, რამდენად არის ის დაკავშირებული მზის სისტემის სხვა ობიექტებთან, ასობით მილიონი წლის მონაკვეთში. ორბიტული ცვლილებებით გამოწვეულ კლიმატის ცვლილებას ორბიტულ იძულებას უწოდებენ.

მაგრამ გეოლოგიურ ჩანაწერებში უფრო შორს, მილიარდობით წლით უკან დაბრუნება გაცილებით რთულია, რადგან დათარიღების მეთოდები, მათ შორის რადიოიზოტოპია არ არის საკმარისად ზუსტი იმისათვის, რათა ასე შორეული ციკლების იდენტიფიცირება შეძლოს.

მეორე სირთულეს წარმოადგენს ქაოსური მზის სისტემის თეორია. ამ მოსაზრების მიხედვით, რეგულარული და ძლიერ პროგნოზირებადი ორბიტების ნაცვლად, მზის სისტემის ობიექტები თანდათან უფრო ქაოტურნი ხდებიან.

გეოლოგიური ჩანაწერების საფუძველზე, შესაძლებელია გაირკვეს, რამდენად შეიცვალა მზის სისტემა დროთა განმავლობაში. სწორედ ასე მოიქცნენ მეიერსი და მისი კოლეგები შარშან, როცა წარმოადგინეს კვლევა 90 მილიონი წლის წინ დედამიწასა და მთვარეს შორის არსებული ურთიერთქმედების შესახებ. ამისათვის მათ კოლორადოს კლდოვანი ფორმაციების დანალექოვანი ფენები გამოიყენეს.

დედამიწის ხედი მთვარის ორბიტიდან

მათი თქმით, ეს ქაოტური მზის სისტემის პირველი ცალსახა მტკიცებულება იყო.

უფრო შორეულ წარსულში გადასვლა მეტ პრობლემასთან არის დაკავშირებული. მაგალითად, მთვარე ამჟამად დედამიწას წელიწადში 3,82 სანტიმეტრით შორდება. ვიცით ისიც, რომ მთვარის ასაკი 4,5 მილიარდი წელია. მაგრამ თუ პროგნოზს სწორედ ამ მაჩვენებლით გავაკეთებდით, აღმოჩნდება, რომ მთვარე 1,5 მილიარდი წლის წინ იმდენად ახლოს უნდა ყოფილიყო დედამიწასთან, რომ პლანეტის გრავიტაციულ ძალას ის უნდა გაენადგურებინა.

კოლუმბიის უნივერსიტეტის დედამიწის მეცნიერ ალბერტო მალინვერნოსთან ერთად, მეიერსმა შექმნა სისტემა სახელწოდებით TimeOptMCMC, რომელიც გაურკვევლობის გამოსარიცხად აერთიანებს ასტრონომიულ თეორიას, გეოლოგიურ მონაცემებს და სტატისტიკურ მიდგომას (ბაიესის ინვერსია).

ამის შემდეგ, მათ ეს სისტემა მოარგეს ჩრდილოეთ ჩინეთის 1,4 მილიარდი წლის შიამალინგის ფორმაციის ფენებსა და სამხრეთ ატლანტის ოკეანის 55 მილიონი წლის ვალვისის ქედს. აღმოჩნდა, რომ შესაძლებელი იყო გამოთვლილიყო, თუ რა მანძილით იყო დედამიწა და მთვარე დაშორებული 1,4 მილიარდი წლის წინ, ასევე გარკვეულიყო დედამიწის ორბიტის ცვლილებები.

TimeOptMCMC-ის სისტემის გამოყენებით, შიამალინგის ფორმაციის შემთხვევაში გაირკვა, რომ წარსულში მთვარე დედამიწას უფრო ნელა შორდებოდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში, დღის ხანგრძლივობის ზრდის მაჩვენებელმა მოიმატა.

კვლევის შედეგად დგინდება, რომ დედამიწის დღის ხანგრძლივობა ამჟამად წელიწადში 0,000018 წამით იზრდება.

სამომავლოდ, მკვლევრებს სურთ ამ მიდგომის გამოყენებით მოახდინონ მზის სისტემის ევოლუციის რეკონსტრუქცია მილიარდობით წლიან დროის მონაკვეთში.

კვლევა ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია news.wisc.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით

დატოვე კომენტარი