არქტიკაში სავარაუდოდ არსებობდა გიგანტური კონტინენტი, საიდანაც დინოზავრები მთელ პლანეტაზე გაბატონდნენ — #1tvმეცნიერება
არქტიკაში სავარაუდოდ არსებობდა გიგანტური კონტინენტი, საიდანაც დინოზავრები მთელ პლანეტაზე გაბატონდნენ — #1tvმეცნიერება

ერთ დროს, არქტიკაში მდებარეობდა ანტარქტიდაზე სამჯერ დიდი ხმელეთის მასა. დაახლოებით 200 მილიონი წლის წინ, მან ხელი შეუწყო, რომ ათასწლეულების განმავლობაში აციებულიყო, რამაც დინოზავრებს პლანეტის დაპყრობის შანსი მისცა.

კოლუმბიის უნივერსიტეტის პალეონტოლოგ პოლ ოლსენის განცხადებით, ეს გიგანტური არქტიკული კონტინენტი მოიცავდა თანამედროვე ციმბირისა და ჩინეთის ტერიტორიას.

მეზოზოური პერიოდის უმეტეს ნაწილში — დაახლოებით 252 – 66 მილიონი წლის წინ — დედამიწის ყველა ხმელეთი ერთ სუპერკონტინენტად, სახელად პანგეად შეერთდა; როგორც მიიჩნეოდა, გამონაკლისი იყო მხოლოდ თანამედროვე ჩინეთის ტერიტორია. კონტინენტური მასალის ეს ორი ფილა ორ ნაწილად გაიყო და ორივე მათგანი ზომიერი განედისკენ დაიძრა, იქ, სადაც იმ დროის მსოფლიოს ერთადერთი ოკეანე, სახელად პანთალასა მდებარეობდა.

თუმცა, გეოლოგიის უახლესმა ანალიზებმა, მათ შორის ქანებში არსებული მაგნიტური თვისებები, რომლებიც მათი ფორმირების უძველესი განედის რეკონსტრუქციის გზას გვთავაზობენ — ოლსენი და სხვა მკვლევრები მიიყვანა დასკვნამდე, რომ მეზოზოური ჩინეთის ორივე ნაჭერი სინამდვილეში პანგეასთან იყო შეერთებული. გარდა ამისა, კონტინენტების მთელი ეს წყება ისე იყო ორიენტირებული, რომ ციმბირი და ჩინეთი არქტიკული წრის ადგილის უმეტეს ნაწილს ავსებდა.

ოლსენის განცხადებით, ასეთი განლაგება კლიმატოლოგიური და ბიოლოგიური თავსატეხის ნაწილებს თავის ადგილზე აწყობს.

მეზოზოურ პერიოდში კლიმატი დღევანდელზე გაცილებით თბილი იყო. თუმცა, 201 მილიონი წლის წინ, მეზოზოური ეპოქის პირველი პერიოდის დასასრულს, რომელსაც ცარცულ პერიოდს უწოდებენ, პანგეამ რღვევა დაიწყო და წარმოიქმნა ატლანტის ოკეანე. ამ რღვევას თან ახლდა ძლიერი ვულკანიზმი, რამაც გამოიწვია გლობალური აციება, ზღვის დონის დაწევა, მრავალი დიდი ძუძუმწოვრის გადაშენება და დინოზავრების აღზევება. თუმცა, როგორ იყო დაკავშირებული ყველა ეს მოვლენა ერთმანეთთან, ბოლომდე ნათელი არ იყო.

ოლსენი ეჭვობს, რომ მთავარი როლი არქტიკის კონტინენტმა შეასრულა. ერთი მხრივ, თბილ კლიმატშიც კი, ჩრდილოეთ პოლუსის გარშემო მდებარე დიდ ხმელეთის მასას თოვლიანი და ყინულიანი ზამთარი უნდა ჰქონოდა. ასეთ გაყინულ ლანდშაფტს მაღალი ალბედო უნდა ჰქონოდა, ანუ პლანეტიდან აირეკლავდა მზის სინათლისა და სითბოს შედარებით დიდ ნაწილს.

მთავარი მომენტი ისაა, რომ როცა ძლიერი ვულკანიზმის შედეგად ატმოსფეროში გამოყოფილმა აეროზოლებმა კლიმატი გააგრილეს, ამან ჩაახშო ზაფხულის დნობა უკიდურეს ჩრდილოეთში; ყინული იქ უკვე სულ იყო და მზის სინათლეს მთელი წლის განმავლობაში ირეკლავდა.

„ზაფხულში ალბედო მაღალი უნდა ყოფილიყო, რამაც უფრო გააძლიერა დნობის არარსებობა და ასეთი უკუკავშირით იღებ ნამდვილად ცივ გარემოს გაცილებით ხანგრძლივად, შეიძლება პოლარულ ქუდსაც, რომელმაც ათასწლეულები გაძლო“, — ამბობს ოლსენი.

არქტიკაში ყინულის აკუმულირებამ უნდა ახსნას ზღვის დონის დაწევა, ხოლო ვულკანური ზამთრით გამოწვეულმა მკვეთრმა აციებამ გადაშენებები გამოიწვია. გლობალური აციებით გამოწვეულ გადაშენებას ზოგიერთი დინოზავრი გადაურჩა, რადგან ისინი არქტიკის კონტინენტზე ბინადრობდნენ და ჰქონდათ ბუმბულის თბოგაუმტარი საფარი, რათა იქაურ ცივ ზამთრებში გადარჩენილიყვნენ. ამიტომ, როცა მთელი დედამიწა გაგრილდა, ისინი მზად იყვნენ პლანეტის ხელში ასაღებად.

„საოცარი წინადადებაა, რადგან ძირითადად ვვარაუდობდით, რომ დედამიწა მეზოზოური პერიოდის უმეტესი ნაწილის განმავლობაში ყინულისგან თავისუფალი იყო. მკაცრი ზამთრით სავსე სამყაროში პირველი დინოზავრების წარმოდგენა სიახლეა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დრო შედარებით ცოტა იყო. ეს გახლდათ გადაშენებისა და გარდატეხის დრო დინოზავრების ფაუნაში, შესაბამისად, ვულკანურ ამოფრქვევათა და ჩრდილოეთში ყინულის კომბინაციას შეიძლება არსებითი ეფექტი ჰქონდა მათზე“, — ამბობს ბრისტოლის უნივერსიტეტის მკვლევარი მაიკ ბენტონი.

ოლსენი აღნიშნავს, რომ დიდი არქტიკული კონტინენტის არსებობის იდეა დიდი ხანია, ჩვენ ცხვირწინ იმალებოდა.

„ვფიქრობ, ეს დიდწილად დაკავშირებულია იმასთან, თუ როგორ აჩვენებენ მეცნიერები დედამიწის დიაგრამებს, რომლებშიც პოლუსები ან უსასრულოდ გაფართოებულია, როგორიცაა მერკატორის პროექცია, ან ისინი თითქმის უხილავია. როგორც წესი, ორივე შემთხვევაში პოლარული რეგიონებიდან ყურადღება გადატანილია“, — ამბობს კვლევის ავტორი, კოლუმბიის უნივერსიტეტის პალეონტოლოგი პოლ ოლსენი.

კვლევის შედეგებს ოლსენი მაისში წარადგენს ევროპის დედამიწის მეცნიერთა კავშირის ყოველწლიურ შეხვედრაზე ვენაში.

მომზადებულია New Scientist-ის მიხედვით.