აღმოჩენილია ნამარხი, რომელიც დინოზავრების გლობალურ ისტორიას თავდაყირა აყენებს — #1tvმეცნიერება
ციცქნა არსებათა სულ რამდენიმე ნამარხის აღმოჩენა თავის თანამოძმეებისგან ათასობით კილომეტრით ჩრდილოეთით, ცვლის ჩვენს წარმოდგენას დინოზავრების გლობალური ისტორიის შესახებ.
„ის თითქმის ქათმის ზომის იყო, მაგრამ ძალიან გრძელი კუდი ჰქონდა. დინოზავრები სულ გიგანტებად წარმოგვიდგენია, მაგრამ ისინი ყოველთვის ამხელები არ ყოფილან“, — ამბობს კვლევის ავტორი, ვისკონსინის უნივერსიტეტის პალეონტოლოგი დეივ ლოველასი.
ნიმუშის რადიოიზოტოპური ანალიზით დგინდება, რომ ის დაახლოებით 230 მილიონი წლისაა. ამ ციცქნა, საზარელ ხვლიკს Ahvaytum bahndooiveche უწოდეს და წარმოადგენს ჩვენთვის ცნობილ უძველეს დინოზავრს ლავრაზიიდან — ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ხმელეთის მასიდან, რომელიც გვიანდელი პალეოზოური ხანის სუპერკონტინენტ პანგეას ეკუთვნოდა.
ასეთი ასაკით, ნამარხი პანგეის სამხრეთ ნახევარსფეროს ხმელეთის მასის, გონდვანის დინოზავრების იმავე პერიოდის მსგავსია; მიიჩნეოდა, რომ დინოზავრები პირველად სწორედ გონდვანაში გამოჩნდნენ.
„გონდვანის ფაუნასა და ჩრდილოეთ ნახევარსფეროს უძველეს დინოზავრებს შორის თითქმის 6-10 მილიონ წლიანი სხვაობაა“, — წერენ მკვლევრები.
A. bahndooiveche-ის ფრაგმენტები 2003 წელს აღმოაჩინეს ვაიომინგის შტატში და ახლა წარმოადგენს მტკიცებულებას იმისა, რომ უნდა გადაიხედოს წამყვანი მოსაზრება, რომლის თანახმადაც, დინოზავრები მილიონობით წლის განმავლობაში მხოლოდ გონდვანაზე რჩებოდნენ და მხოლოდ შემდეგ გავრცელდნენ ლავრაზიის მასშტაბით.

„ჩვენი შეხედულება დინოზავრების წარმოშობის შესახებ მიკერძოებულია კარნიული პერიოდის (237-227 მილიონი წლის წინ) ლავრაზიის ხმელეთის შრეების აშკარა არარსებობით“, — წერენ მკვლევრები.
მათი განცხადებით, ეს აღმოჩენა მიუთითებს დინოზავრომორფების შედარებით კოსმოპოლიტურ გადანაწილებაზე შუა და გვიანდელ კარნიულ პერიოდში და არა ეკვატორის ჩრდილოეთით მათ მოგვიანებით გავრცელებაზე, როგორც ეს აქამდე მიიჩნეოდა.
დროის ეს პერიოდი ცნობილია დიდი კლიმატური ცვლილებებით, რომლებმაც მთლიანი პლანეტა უფრო ნოტიო და თბილი გახადა, არასტუმართმოყვარე უდაბნოები საცხოვრებლად ვარგისად აქცია და უზრუნველყო ნედლეული სიცოცხლის ფორმების გამრავალფეროვნების ბუმისთვის.
იმ პერიოდის თეროპოდებისა და ზავროპოდების ნამარხების არარსებობის მთავარ მიზეზად არახელსაყრელი კლიმატური ბარიერები მიიჩნევა; თუმცა, მკვლევართა ჯგუფი ვარაუდობს, რომ არარსებობის მიზეზი უფრო შეიძლება იყოს გარემო პირობები, რაც სხეულის განმარხებას ართულებს და A. bahndooiveche-ის ნიმუში ამ მხრივ იშვიათი გამონაკლისია.

კვლევაში ამ სახეობის ნამარხი ფეხები გამოიყენეს, რადგან სრული ეგზემპლარი აღმოჩენილი არ არის; ამ ასაკის ნამარხებისათვის ასეთი რამ უცხო არაა.
მიუხედავად ამისა, მკვლევრებმა მაინც შეძლეს დაედგინათ, რომ სახეობა ზავროპოდის მსგავსი იყო. ამ კლადის საუკეთესოდ ცნობილი წევრები არიან ბრაქიოზავრი და დიპლოდოკი — ბალახისმჭამელი დინოზავრები, რომლებსაც ციცქნა A. bahndooiveche-სგან მილიონობით წელიწადი აშორებთ.
ამას გარდა, ამ ძეგლზე, გაცილებით ძველ ქანებზე აღმოჩენილი დინოზავრის მსგავსი ნაფეხურები მიუთითებს, რომ დინოზავრები ან მათი ნათესავები ამ რეგიონში შეიძლება Ahvaytum-ზე რამდენიმე მილიონი წლით ადრეც კი ბინადრობდნენ.
კვლევა Zoological Journal of the Linnean Society-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია news.wisc.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.