მონღოლეთში გუმბათის ფორმის თავის მქონე დინოზავრის ნამარხი აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
მონღოლეთში აღმოაჩინეს გუმბათისებრი თავის მქონე დინოზავრი, რომელიც თავის ქალაში სერიოზულ იარაღს მალავდა — პირის ღრუ სავსე იყო უამრავი კბილით და ჰქონდა გიგანტური თვალის ბუდეები.
ახლად აღმოჩენილ სახეობას Zavacephale rinpoche უწოდეს და ის დაახლოებით 108 მილიონი წლის წინ, ადრეულ ცარცულ პერიოდში ბინადრობდა. მიეკუთვნებოდა პაქიცეფალოზავრების ჯგუფს. ამ დინოზავრებს თავზე ჰქონდათ მტკიცე ძვლის, გუმბათის ფორმის გამონაზარდები, რომლებსაც იყენებდნენ ან თავდაცვისთვის, ან სოციალური ურთიერთობებისთვის, ან შეჯვარებისას მეწყვილის მისაზიდად.

მონღოლეთში, გობის უდაბნოში მუშაობისას, პალეონტოლოგებმა განმარხებული თავის ქალა ქანებში შენიშნეს. Z. rinpoche პაქიცეფალოზავრების ყველა დანარჩენ სახეობას დაახლოებით 15 მილიონი წლით უსწრებს წინ და ამავე დროს, ყველაზე სრულყოფილი ეგზემპლარია აღმოჩენილთა შორის. აქვს თითქმის სრულყოფილი თავის ქალა და კიდურის ძვლები, ასევე ხერხემლისა და ბარძაყების არსებითი ნაწილები. ჯგუფმა ასევე აღმოაჩინა ხელის ძვლები, ქვები მუცელში, რომლებსაც ალბათ საკვების მონელების გასაადვილებლად ყლაპავდნენ.

ნამარხი გუმბათი დაფარულია პატარა ფოსოებით, რაც შეიძლება მიუთითებდეს მის თავზე სხვა, უცნობი მახასიათებლების შესახებ.
პაქიცეფალოზავრების თავის ქალები ძლიერ თვალშისაცემია. მათ არა მხოლოდ გუმბათები აქვთ, არამედ ძვლის წვეტები და კვანძები თავის ქალის გარშემო. ეს ორნამენტები გუმბათის აქსესუარები იყო“, — ამბობს ჩრდილოეთ კაროლინას ბუნების მეცნიერებათა მუზეუმის მკვლევარი ლინდსეი ზანო.
იმის დასადგენად, თუ რა ასაკში მოკვდა დინოზავრი, მკვლევრებმა მისი ფეხის ძვალს მცირე ნაწილი ააჭრეს. ასე დადგინდა, რომ ის „თინეიჯერობის“ ასაკში უნდა მომკვდარიყო, სიგრძეში ერთ მეტრამდე ყოფილიყო, წონა კი სულ რაღაც 6 კგ. მიუხედავად იმისა, რომ შეუძლებელია დადგინდეს, რამხელა შეიძლება გაზრდილიყო ზრდასრულობის ასაკში, ცნობილია, რომ სხვა პაქიცეფალოზავრები სიგრძეში 4 მეტრამდე აღწევდნენ და 400 კგ-მდე იწონიდნენ.

„ქსოვილში შემონახულია ზრდის ორი სარტყელი, რაც მიუთითებს, რომ სიკვდილის დროს ცხოველი ზრდის აქტიურ ფაზაში იყო. არასწორად არის ჩაწყობილი ხერხემლის ძვლებიც, ისე, რომ დარჩენილია ზრდის ადგილი“, — აღნიშნავს ზანო.
გუმბათისებრი თავის კომპიუტერული ტომოგრაფია მიუთითებს, რომ მისი სტრუქტურა სრულად ჩამოყალიბებული იყო, რაც მეტყველებს, რომ ეს სტრუქტურა ახალგაზრდა დინოზავრებსაც კი უკვე სრულად განვითარებული ჰქონდათ, ეს კი მის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია New Scientist-ის მიხედვით.