აღმოაჩინეს ქათამზე პატარა მტაცებელი დინოზავრის ნამარხი — #1tvმეცნიერება
აღმოაჩინეს ქათამზე პატარა მტაცებელი დინოზავრის ნამარხი — #1tvმეცნიერება

თითქმის სრული ნამარხი დინოზავრისა, რომელიც პატარა ქათამზე ნაკლებს იწონიდა, ახალ ცნობებს გვაწვდის ისტორიაში ყველაზე პატარა დინოზავრების — ალვარესზავრების ევოლუციის შესახებ.

Alnashetri cerropoliciensis-ის 95 მილიონი წლის ნამარხი 2014 წელს აღმოაჩინეს არგენტინის პატაგონიაში, ძეგლ ლა-ბუიტრერაზე.

ახალი კვლევის ავტორის, მინესოტის უნივერსიტეტის მეცნიერ პიტერ მაკოვიცკის განცხადებით, Alnashetri-ის პირველი ეგზემპლარი 2012 წელს იპოვეს და წარმოადგენდა უკანა კიდურის ძვლების არასრულ კრებულს. მხოლოდ ერთი ფრაგმენტული ნარჩენით შეუძლებელი იყო იმაზე მეტის დადგენა, რომ ის სავარაუდოდ ალვარესზავრი იყო.

„იმაშიც კი არ ვიყავით დარწმუნებული, ახალგაზრდა იყო თუ ზრდასრული. მთლიანი ჩონჩხით, ჩვენ უცბად ყველანაირი ინფორმაცია მივიღეთ, რათა გაგვეგო, როგორ ჰგავდა ან განსხვავდებოდა Alnashetri სხვა სახეობებს. ასევე მივიღეთ საკვანძო ცნობები იმის შესახებ, თუ როგორ ჩამოუყალიბდათ ალვარესზავრებს ასეთი უჩვეულო ანატომია“, — ამბობს მაკოვიცკი.

ახალ ნამარხს აქვს ძალიან გრძელი, წვრილი უკანა კიდურები და უცნაურად გრძელი წინა კიდურები, რომლებსაც სამი კარგად განვითარებული თითი აქვს. ამ ნამარხი ძვლების დეტალურმა ანალიზმა ცხადყო, რომ დინოზავრი ზრდასრული იყო, სულ მცირე 4 წლის.

მკვლევართა შეფასებით, სიცოცხლეში ის სულ რაღაც 700 გრამს იწონიდა და ნამდვილად პაწაწინა იყო, ქათამზე უფრო პატარა.

ერთ დროს მიიჩნეოდა, რომ ალვარესზავრები ფრინველების ადრეული წინაპრები იყვნენ. თუმცა, ახლა უკვე აშკარაა, რომ მიუხედავად Alnashetri-ის საოცარი მსგავსებისა ფრინველებთან, ის და ყველა ალვარესზავრი სინამდვილეში არამფრენი თეროპოდები იყვნენ. ახალი აღმოჩენა ამას ნამდვილად ხაზს უსვამს.

ადრე მიიჩნეოდა, რომ ყველა ციცქნა ალვარესზავრს ჰქონდა ძალიან მოკლე, მსუქანი წინა კიდურები დიდი ცერა თითით, მაგრამ განუვითარებელი გვერდითა თითებით და პაწაწინა კბილები. პალეონტოლოგები ფიქრობდნენ, რომ ეს ანატომიური თავისებურებები განვითარდა მათი სხეულის ზომის შემცირებასთან ერთად, რადგან ისინი მხოლოდ ჭიანჭველებსა და ტერმიტებს ჭამდნენ.

„თუმცა, Alnashetri ამ თარგში არ ჯდება — ის ყველაზე პატარა ალვარესზავრებს მიეკუთვნება, მაგრამ ზომაში შემცირებული არაა არც მისი კბილები და არც წინა კიდურები, რადგან წარმოადგენს ალვარესზავრების ევოლუციური ხის გაცილებით ადრეულ ტოტს“, — ამბობს მაკოვიცკი.

უფრო მეტიც, მისი წინა კიდურები უფრო დამახასიათებელია სხვა თეროპოდებისთვის, ვიდრე ჭიანჭველების მჭამელებისთვის.

Alnashetri ერთი ციცქნაა, მაგრამ სხვა მხრივ უფრო ტიპური თეროპოდის აგებულება აქვს — პატარა ზომიდან გამომდინარე, ის სავარაუდოდ ვერც ისე ბევრ უხერხემლო ცხოველს ჭამდა, მაგრამ ალბათ მსხვერპლთა ფართო დიაპაზონი უნდა ჰქონოდა“, — აღნიშნავს მაკოვიცკი.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ პალეონტოლოგებმა ჯერ სრულად არ იციან, რატომ იყო ეს დინოზავრი ასე პატარა.

„მხოლოდ ბუნდოვანი განცდა გვაქვს იმისა, რომ ალვარესზავრები წარმატებით იკავებდნენ ძალიან პატარა მტაცებლების ნიშებს“, — ამბობს მაკოვიცკი.

კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია New Scientist-ის მიხედვით.