ნამარხები აჩვენებს, რომ გიგანტურ დინოზავრებს სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა მწვავე ინფექციური დაავადება — #1tvმეცნიერება
ნამარხები აჩვენებს, რომ გიგანტურ დინოზავრებს სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა მწვავე ინფექციური დაავადება — #1tvმეცნიერება

დინოზავრების ცხოვრება არც ჩისკულუბის ასტეროიდის დაცემამდე ყოფილა დალხენილი. საფრთხეები მათ დიდი ხნით ადრეც არ აკლდათ.

ახალმა კვლევამ მიაგნო მტკიცებულებას, რომლის თანახმადაც, პოტენციურად სასიკვდილო ძვლის დაავადება ჯერ კიდევ 80 მილიონი წლის წინ უქმნიდა საფრთხეს თანამედროვე ბრაზილიის ტერიტორიის ბინადარ გრძელკისერა დინოზავრებს.

ისინი სამხრეთ ამერიკის უდიდესი დინოზავრები იყვნენ, მაგრამ მაინც ჰყავდათ ერთი ციდა მტერი.

მეცნიერებმა აღწერეს ბრაზილიაში აღმოჩენილი ექვსი ზავროპოდის უძველესი ჩონჩხი, რომლებსაც ოსტეომიელიტის ნიშნები აქვთ — ძვლის დესტრუქციული ინფექციის, რომელსაც ბაქტერიები, სოკოები, ვირუსები ან პარაზიტები იწვევს.

დღეს ეს ინფექცია ემართებათ ძუძუმწოვრებს, ფრინველებსა და ქვეწარმავლებს.

ცარცულ პერიოდში ის შეიძლება დინოზავრებს ხოცავდა. ბრაზილიის ეს ტერიტორია მაშინ დაფარული უნდა ყოფილიყო თავთხელი, ნელა მოძრავი მდინარეებისა და მოზრდილი ტბორების ქსელით — იდეალური ადგილი პათოგენებისა და მათი მატარებელი არსებებისთვის.

ავად თუ კარგად, როგორც ჩანს, ზავროპოდებსაც ეს ნესტიანი ეკოსისტემები ერჩიათ. მათ ნაფეხურებსა და ნამარხებს ხშირად პოულობენ უძველეს ჭაობიან ვაკეებსა და ჭაობებში.

დინოზავრები

„ზავროპოდებში ინფექციურ დაავადებათა რამდენიმე შემთხვევაა აღმოჩენილი. პირველი ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. ჩვენ მიერ შესწავლილი ძვლები ერთმანეთთან ძალიან ახლოს აღმოაჩინეს ერთ პალეონტოლოგიურ ძეგლზე, რაც მიუთითებს, რომ ამ რეგიონში პათოგენებისთვის ხელსაყრელი გარემო პირობები იყო, რომლებიც იმ დროს მრავალ ინდივიდს აინფიცირებდნენ“, — ამბობს კვლევის ავტორი, ბრაზილიის კარირის რეგიონული უნივერსიტეტის (URCA) პალეონტოლოგი ტიტუ აურელიანუ.

დაუზუსტებელი სახეობების ძვირფასი ნამარხები 2006-დან 2023 წლამდე პერიოდში შეაგროვეს ბრაზილიის სან-პაულუს შტატის ძეგლ ვაკა-მორატაზე.

ვინაიდან ძვლების არცერთ დაზიანებას არ ჰქონდა მოშუშების ნიშნები, სავარაუდოდ, ინფექციები ცხოველის სიკვდილის დროსაც აქტიური იყო.

დაავადების პათოლოგიაზე დაყრდნობით, აურელიანუ და მისი კოლეგები ირწმუნებიან, რომ ძვლის დაავადება სწრაფად პროგრესირებდა. დინოზავრის ნაკბენის კვალისგან განსხვავებით, ძვლის ამ დაზიანებებს „ქაოსური არქიტექტურა“ აქვს.

ზოგიერთი ზავროპოდის ძვალს დაზიანება მხოლოდ შიგნით აქვს, უფრო წინწასული ინფექციების მქონე ზოგიერთ ძვალს კი გარედან აქვს წრიული მუწუკის მსგავსი გამონაზარდები. აღმოჩენა მიუთითებს, რომ დაავადებას სხვადასხვა გზით პროგრესირება შეუძლია, რაც შეიძლება დამოკიდებული იყო დინოზავრზე ან პათოგენის ტიპზე.

დინოზავრები ერთ დროს შეიძლება დომინირებდნენ დედამიწაზე, მაგრამ ციცქნა პათოგენები ამ გიგანტურ არსებებსაც კი უქმნიდნენ სერიოზულ პრობლემებს.

კვლევა The Anatomical Record-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.