დინოზავრის ნამარხში მეცნიერებმა კიბო აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
დინოზავრის ნამარხში მეცნიერებმა კიბო აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

ერთი შეხედვით, დინოზავრის ნამარხებისა და კიბოს კვლევები სრულიად სხვადასხვა სამყარო ჩანს.

თუმცა, ახალი კვლევა მიუთითებს, რომ მილიონობით წლის წინანდელ ძვლებში შემონახული რბილი ქსოვილები ღირებულ ცნობებს გვაწვდის კიბოს მოქმედების შესახებ და ასევე იმაზეც, როგორ შეიძლება ვუმკურნალოთ მას დღეს.

ბრიტანელმა და რუმინელმა მკვლევრებმა შეისწავლეს Telmatosaurus transsylvanicus-ის განმარხებული ნაშთები — პატარა, ძროხის ზომის „ჭაობის ხვლიკის“, რომელიც დაახლოებით 66-70 მილიონი წლის წინ ბინადრობდა თანამედროვე რუმინეთის ტერიტორიაზე.

მძლავრი მიკროსკოპის გამოყენებით, მკვლევართა ჯგუფმა აღმოაჩინა სტრუქტურები, რომლებიც სისხლის წითელ უჯრედებს ჰგავს (ერითროციტებს) და დაკავშირებულია დინოზავრის ყბაში არსებულ კიბოსთან, რაც წინა კვლევაში აღმოაჩინეს.

ეს აღმოჩენა მიუთითებს, რომ რბილი ქსოვილების მცირე წინწკლები ნამარხებში იმაზე ხშირად შეიძლება იყოს შემორჩენილი, ვიდრე გვგონია; შესაბამისად, ამ უძველეს არსებათა შესახებ გაცილებით ბევრი რამის გარკვევა შეგვიძლია, მათ შორის იმ დაავადებების, რომლებიც მათ ჰქონდათ.

„მხოლოდ ჩონჩხის სტრუქტურისგან განსხვავებით, რბილი ქსოვილები შეიცავს ცილებს, რომლებიც ისეთ მოლეკულურ ინფორმაციას გვაწვდიან, რასაც შეუძლია გამოავლინოს დაავადების თანმხლები ბიოლოგიური მექანიზმები. კვლევაში ჩვენ გამოვიყენეთ შედარებით ნაკლებად გამოყენებული მეთოდები, რამაც გზა გაგვიხსნა შემდეგი კვლევებისკენ, რომლებმაც შეიძლება ადამიანებისთვის სასარგებლო აღმოჩენებამდე მიგვიყვანოს“, — ამბობს ბრიტანეთის ანგილიის რასკინის უნივერსიტეტის ონკოლოგი ჯასტინ სტებინგი.

მაგალითად, დინოზავრის ასეთი რბილი ქსოვილების ფრაგმენტების აღმოჩენამ შეიძლება გადამწყვეტი იყოს კიბოს მექანიზმების დადგენაში და ასევე იმაში, როგორ ჩამოყალიბდა ისინი.

დიდი ცხოველები, მაგალითად, ვეშაპები და სპილოები ისე ჩამოყალიბდნენ, რომ კიბოსგან დაცულები არიან და შესაძლოა, ასე ყოფილიყო დინოზავრების შემთხვევაშიც.

ამ უძველესი ბიოლოგიური ადაპტაციის შესწავლამ, ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება გვამცნოს ადამიანებში კიბოს პრევენციის ან მკურნალობის ახალი მიდგომები.

თუმცა, ამ ნიმუშების ფრთხილად შენახვა უმნიშვნელოვანესია — შეგვიძლია გვჯეროდეს, რომ ანალიზის ინსტრუმენტებში მომავალში სამეცნიერო წინსვლა მოხდება, რაც დიდად მნიშვნელოვანი აღარ იქნება, თუკი შესასწავლად აღარ იარსებებს დინოზავრთა ქსოვილები.

დინოზავრები

„დინოზავრები, დღეგრძელი და დიდტანიანი ორგანიზმები, წარმოადგენენ მიმზიდველ შემთხვევას იმის შესასწავლად, როგორ მართავენ სახეობები კიბოსადმი მოწყვლადობას და წინააღმდეგობას მილიონობით წლის განმავლობაში. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარეობს ნამარხების კონსერვაციის გრძელვადიანი პროგრამა, რათა უზრუნველყოს, რომ მომავალ მკვლევრებს მოწინავე ტექნოლოგიებით ჰქონდეთ ამ ნიმუშების შესწავლის საშუალება“, — ამბობს სტებინგი.

ამ კვლევაში შესწავლილ დინოზავრს ამელობლასტომა ჰქონდა — კიბოს ტიპი, რომელიც ადამიანებში დღემდე გვხვდება.

ის ფაქტი, რომ დინოზავრები მილიონობით წლის განმავლობაში არსებობდნენ, ნიშნავს იმას, რომ არსებობს პოტენციალი შევისწავლოთ, როგორ შეიძლება შეცვლილიყო კიბო დროთა განმავლობაში და როგორ შეიძლება ადაპტირებულიყო დაზარალებული სახეობა.

მართალია, შეუძლებელი ჩანს, რომ რაიმე ორგანული მასალა ამდენ ხანს გადარჩენილიყო, მაგრამ როგორც ახალი კვლევა აჩვენებს, შესაძლებელია, რომ ვნახოთ, როგორ დაეხმარა კიბოს განვითარებას გვიანდელ ცარცულ პერიოდში გენეტიკა, ბიოლოგია და გარემოებითი წნეხები.

„ცილები, განსაკუთრებით კი ძვლებში არსებული, უფრო სტაბილურია, ვიდრე დნმ და ნაკლებად მოწყვლადია დეგრადაციისა და დაბინძურებისადმი. შედეგად, ისინი იდეალური კანდიდატებია პალეონტოლოგიურ ნიმუშებში უძველეს დაავადებათა შესასწავლად, მათ შორის კიბოსი“, — ამბობს სტებინგი.

კვლევა Biology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია aru.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.