რატომ არ ავადდებიან სპილოები კიბოთი - აღმოჩენა, რომელიც შესაძლოა, კიბოს დამარცხებაში დაგვეხმაროს
რატომ არ ავადდებიან სპილოები კიბოთი - აღმოჩენა, რომელიც შესაძლოა, კიბოს დამარცხებაში დაგვეხმაროს

მკვლევართა ჯგუფმა, რომელიც ძუძუმწოვართა დნმ-ის შედარებით შეუსწავლელ ნაწილს იკვლევდა, სპილოების ერთი საკვირველი უნარის შესახებ ბევრი ახალი დეტალი გაარკვია. საქმე ის არის, რომ სპილოებს შეუძლიათ გვერდი აუარონ კიბოს. მკვლევრებმა გაარკვიეს, რომ გენები, რომლებიც სპილოს უჯრედებში საფრთხის შემცირებაზეა პასუხისმგებელი, ასევე არსებობს ადამიანებშიც.

ძუძუმწოვართა უმეტესობა კიბოსკენ არის მიდრეკილი, თუმცა სპილოები უცნაურად რეზისტენტული არიან. ისინი სრულიად იმუნური არ არიან, მაგრამ ადამიანებთან შედარებით, კიბოთი სპილოები იშვიათად ავადდებიან. მხედველობაში მისაღებია ისიც, რომ მათი უჯრედების ოდენობა ადამიანებისას ასჯერ და მეტჯერ აღემატება.

კიბო ჩნდება მაშინ, როცა გაყოფის დროს უჯრედი შემთხვევით განიცდის მუტაციას. აქედან გამომდინარე, უაღრესად საინტერესოა ის ფაქტი, რომ კიბო 20-დან დაახლოებით ერთ სპილოს უჩნდება, ადამიანების შემთხვევაში კი 5-დან ერთს.

ამ ფაქტს მეცნიერები ათწლეულების განმავლობაში სწავლობდნენ, მაგრამ მკვლევართა ჯგუფმა მხოლოდ რამდენიმე წლის წინ შეძლო გაერკვია, რომ ეს გასაოცარი თვისება გენის, სახელად p53-ის ჭარბი დოზით არსებობის დამსახურებაა, რომელიც სიმსივნეს დაუყოვნებლივ ახშობს. აფრიკულ სპილოს p53-ის 40 ასლი აქვს, ადამიანს კი მხოლოდ ერთი.


მაგრამ ამჯერად, იუტის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა ამ პროცესის შესახებ უფრო მეტი დეტალი გაარკვია. აღმოჩნდა, რომ საქმეში მხოლოდ p53 როდია ჩართული.

მათ შეისწავლეს 1960-იანი წლებიდან „უვარგისი დნმ“-ის სახელით ცნობილი დნმ, რომელიც ცილებში ინფორმაციას არ ინახავს. თუმცა, ამის გამო ის სულაც არ არის გამოუსადეგარი, რადგან როგორც ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, იგი სხვა ფუნქციებს ასრულებს, მაგალითად, აკონტროლებს სად და როდის გამოიხატოს გენები.

„არაკოდირებულ რეგიონებს ხალხი „უვარგის დნმ“-ს ეძახის, მაგრამ მე მას უფრო ვუწოდებდი შეუსწავლელ ჯუნგლებს“, — ამბობს იუტის უნივერსიტეტის ნეირობიოლოგი კრისტოფერ გრეგი.

„აქტიურად ვიკვლევთ არაკოდირებულ რეგიონებს იმის იმედით, რომ აღმოვაჩენთ გენომის ისეთ ახალ ნაწილებს, რომლებიც შეიძლება სხვა დაავადებებს აკონტროლებდნენ“, — აღნიშნავს იგი.

ჯგუფი იკვლევდა სპილოს იმ გენომს, რომელიც ყველა ხერხემლიანისთვის საერთოა, მაგრამ განსაკუთრებით სწრაფად ვითარდება სპილოებში. ამ რეგიონებში ისინი ეძებდნენ ელემენტებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან მუტაციებს, აქედან გამომდინარე, კიბოსაც.


გამა რადიაციის ქვეშ მოთავსებისა და ამ საფრთხეზე პასუხის დაკვირვების გზით, სპილოების დნმ-ში მათ სამი გენი გამოავლინეს — FANCL, VRK2 და BCL11A. ეს გენები განსაკუთრებით ჩართულია დნმ-ის აღდგენაში, რაც მას მუტაციებისგან იცავს.

იმის გამო, რომ ხერხემლიანებს საერთო წინაპრიდან გადმოცემული ძალიან ბევრი საერთო დნმ აქვთ, ეს კონკრეტული გენები სხვა ძუძუმწოვრებსაც გააჩნიათ, მაგრამ ადამიანებში არსებული ვერსია სულაც ვერ გვიცავს კიბოსგან ისე, როგორც ის ამას სპილოებში ახერხებს. მიუხედავად ამისა, ამ გენების ცნობა ნამდვილად დაგვეხმარება უკეთ შევისწავლოთ მათი ევოლუცია სპილოებში და გავიგოთ, შეგვიძლია თუ არა იგივე ცვლილება ჩვენს საკუთარ გენებშიც მოვახდინოთ.

კიდურების პათოგენურობის შესასწავლად, ჯგუფმა აგრეთვე გამოიკვლია ღამურები; თვალებისა და რქოვანას განვითარების, ასევე მაღალი წნევის გარემოში სისხლის შედედების აშლილობების შესასწავლად გამოიკვლიეს ცელნამგალა ვეშაპები და დელფინები; თვალის განვითარებისა და გლაუკომის შესასწავლად — შიშველი თხუნელა; ალბინიზმისა და ლეოპარდის სინდრომის შესასწავლად კი მიწის ციყვი.

დამატებითი კვლევებია საჭირო იმის გასარკვევად, შესაძლებელია თუ არა სხვა ცხოველებში არსებული ამ აჩქარებული რეგიონების თერაპიულად მორგება ადამიანებზე, რათა ვაკონტროლოთ დაავადებები.

„შევიჭერით ტერიტორიაზე, რომელიც ჯერ სრულიად შეუსწავლელია. ეს მეთოდი გვაძლევს გენომის კვლევის ახალ გზას და პოტენციალს, შევიმუშაოთ დაავადებათა გამოვლენის, დიაგნოზისა და მკურნალობის ახალი მიდგომა“.

კვლევა ჟურნალ Cell Reports-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია unews.utah.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით

დატოვე კომენტარი