კიბოს ახალმა „ვაქცინამ“ თაგვებში სიმსივნე სრულად მოსპო - ცდები მალე ადამიანებზეც ჩატარდება
კიბოს ახალმა „ვაქცინამ“ თაგვებში სიმსივნე სრულად მოსპო - ცდები მალე ადამიანებზეც ჩატარდება

თაგვებში, პირდაპირ სიმსივნეზე გაკეთებულმა ახალმა საინექციო „ვაქცინამ“ წარმოუდგენელი შედეგი აჩვენა — სიმსვინის ყველანაირი კვალი მოისპო. ამის შესახებ კიბოს მკვლევრები იუწყებიან. მათივე განცხადებით, პრეპარატმა იგივენაირად იმოქმედა იმავე ცხოველის დაუმუშავებელ მეტასტაზებზე.

სტენფორდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მეცნიერებმა პოტენციური სამკურნალო საშუალება შექმნეს, რისთვისაც გამოიყენეს ორი აგენტი, რომლებიც ორგანიზმის იმუნურ სისტემას აძლიერებს. ამჟამად მიმდინარეობს კლინიკური კვლევები ლიმფომით დაავადებულ პაციენტებზე.

„ამ ორი აგენტის ერთდროულად გამოყენებისას, მომსწრენი გავხდით თუ როგორ გაქრა სიმსივნეები მთლიანი სხეულიდან“, — ამბობს უფროსი მკვლევარი, ონკოლოგი რონალდ ლევი.

„ეს მიდგომა გვერდს უვლის სიმსივნეთა სპეციფიკური იმუნური სამიზნეების იდენტიფიცირებას და არ მოითხოვს იმუნური სისტემის სრულ აქტივაციას ან პაციენტის იმუნურ უჯრედებზე მორგებას“.

კიბოს იმუნოთერაპია ძალიან რთულია. იმის გამო, რომ კიბოს უჯრედები ორგანიზმის მიერაა წარმოქმნილი, იმუნური სისტემა მათ ისეთივე საფრთხედ ვერ აღიქვამს, როგორც მაგალითად, გარედან შეჭრილ ვირუსებს.

სწორედ ამიტომ არის ზოგიერთი იმუნოთერაპიული მკურნალობის საშუალება ფოკისურებული იმუნური სისტემის გაწვრთნაზე, რომ მან კიბოს უჯრედები პრობლემად აღიქვას.

ეს გახლავთ მკურნალობის ეფექტიანი ზონა, თუმცა იგი ხშირად მოითხოვს პაციენტის ორგანიზმიდან იმუნური უჯრედების ამოღებას, გენური ინჟინერიის გამოყენებით ისე გადაწყობას, რომ თავს დაესხას კიბოს და შემდეგ, კვლავ უკან, სხეულში დაბრუნებას — პროცესი, რომელიც ძვირიცაა და ხანგრძლივიც.

სტენფორდის ვაქცინა შესაძლოა, გაცილებით მარტივი და იაფი იყოს.

ის არ მოქმედებს ისე, როგორც თქვენთვის კარგად ცნობილი სხვა ვაქცინები. ნაცვლად ინფექციამდელი პროფილაქტიკისა, მკვლევრებმა ის სიმსივნით უკვე დაავადებულ თაგვებს მისცეს — ინექცია პირდაპირ დაზიანებულ ზონებში გაუკეთეს.

„ჩვენი მიდგომა იყენებს მცირე ოდენობით ორი აგენტის მხოლოდ ერთჯერად ინექციას, რათა სტიმულირდეს თავად სიმსივნეში არსებული იმუნური უჯრედები“, — ამბობს ლევი.

„თაგვებში ჩვენ ვიხილეთ გასაოცარი ეფექტები მთელი სხეულის მასშტაბით, სიმსივნე ცხოველის მთლიან ორგანიზმში მოისპო“.

ვაქცინა იყენებს იმუნური სისტემის განსაკუთრებულობას. სიმსივნის ზრდასთან ერთად, იმუნური სისტემის უჯრედები, მათ შორის T ლიმფოციტები კიბოს უჯრედებს აღიქვამენ პათოლოგიურ ცილებად და თვის საქმიანობასაც იწყებენ.

მაგრამ კიბოს უჯრედებს შეუძლია მოახდინოს მუტაციათა აკუმულირება, რათა გადაურჩეს იმუნური სისტემის მიერ განადგურებას, ამავე დროს, ჩაახშოს T ლიმფოციტები, რომლებიც პათოლოგიურ უჯრედებს ესხმიან თავს.

ახალი ვაქცინა კი ხელახლა ააქტიურებს T ლიმფოციტებს.

იგი აერთიანებს ორ საკვანძო აგენტს. პირველი მათგანია დნმ-ის, სახელად CpG ოლოგონუკლეოდიტის მოკლე ფრაგმენტი. ახლომდებარე სხვა იმუნურ უჯრედებთან ერთად, T ლიმფოციტებში იგი აღვივებს გამააქტიურებელ რეცეპტორების, OX40-ის გამოხატულებას. ეს რეცეპტორები მიეკუთვნება სიმსივნის მკვლელ რეცეპტორთა სუპეროჯახს.

მეორე აგენტია ანტისხეული, რომელიც შემოხვეულია OX40-ს და T ლიმფოციტებს კიბოს უჯრედებთან საბრძოლველად ააქტიურებს.

მიკროგრამის ოდენობის ეს ორი აგენტი ინექციის სახით ერთობლივად შეჰყავთ პირდაპირ სიმსივნეში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი ააქტიურებენ მხოლოდ უშუალოდ სიმსივნეში არსებულ T ლიმფოციტებს, რომლებსაც კიბოს უჯრედები უკვე საფრთხედ აქვთ აღქმული.

ეს უჯრედები სიმსივნესთან მუშაობას იწყებენ, მაგრამ ზოგიერთი T ლიმფოციტი ამის შემდეგ ტოვებს სიმსივნის ზონას და სხეულში ეძებს სხვა სიმსივნეებს, რათა ახლა ისინი გაანადგუროს.

ამის შესამოწმებლად, ლაბორატორიის თაგვებს ორ ადგილას გადაუნერგეს გენური ინჟინერიის გზით შექმნილი თაგვის ლიმფომა, რათა ისინი ძუძუს კიბოთი დაავადებულიყვნენ.

ლიმფომის მქონე 90 თაგვიდან სრულად განიკურნა 87. პრეპარატი შეჰყავდათ მხოლოდ ერთ სიმსივნეში, მაგრამ ნადგურდებოდა ორივე. დანარჩენ 3 თაგვს ლიმფომა ხელახლა განუვითარდათ, მაგრამ მეორე ინექციის შემდეგ, ისინიც სრულად განიკურნენ.

ამის შემდეგ, ჯგუფმა ცდა ჩაატარა თაგვზე, რომელსაც ჰქონდა როგორც ლიმფომა, ისე მსხვილი ნაწლავის კიბო. ინექცია მას მხოლოდ ლიმფომაზე გაუკეთეს. ლიმფომა განადგურდა, მაგრამ მსხვილი ნაწლავის კიბო არა. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ სიმსივნეებში არსებული T ლიმფოციტები სპეციფიკურია ამ სახის კიბოსათვის, შესაბამისად, მკურნალობის ამ მეთოდს გააჩნია გარკვეული საზღვრები.

მაგრამ ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ იმუნოთერაპია შესაძლებელია სხეულს გარეთ გენური ინჟინერიით დამუშავებულუ უჯრედების გარეშე; ანდაც, კიდევ ერთი წინა ვაქცინის მსგავსად, მოიპოვებს კიბოს რნმ-ს, ამუშავებს, ინექციის სახით შედის ორგანიზმში და ელექტრული მუხტების გამოყენებით, ის იმუნურ უჯრედებთან მიაქვს.

მისი ეფექტიანობის შემოწმება მალე მოხდება. ამჟამად იგეგმება კლინიკური, საცდელი კვლევა 15 პაციენტზე, რომლებსაც დაბალი ხარისხის ლიმფომა აქვთ; შედეგად, გამოჩნდება, მუშაობს თუ არა მკურნალობის ეს მეთოდი ადამიანებშიც.

თუკი ეფექტიანი აღმოჩნდა, მისი გამოყენება მომავალში შესაძლებელი იქნება სიმსივნეებზე ქირურგიულ ჩარევამდე, რათა მოხდეს მეტასტაზების თავიდან აცილება ან კიბოს ხელახლა გამეორება.

„ვფიქრობ, არ არსებობს სიმსივნეთა ლიმიტირებული ტიპები, რომელთა მკურნალობაც ჩვენ პოტენციურად შეგვიძლია, რადგან ჩვენ შევძელით საქმეში უმუნური სისტემის ჩართვა“, — ამბობს უფროსი მკვლევარი, ონკოლოგი რონალდ ლევი.

კვლევა ჟურნალ Science Translational Medicine-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია stanford.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.