ახალი კვლევების თანახმად, წონაში კლების პოპულარული პრეპარატები დაკავშირებულია ძუძუს კიბოს დაბალ რისკთან — #1tvმეცნიერება
ახალი კვლევების თანახმად, წონაში კლების პოპულარული პრეპარატები დაკავშირებულია ძუძუს კიბოს დაბალ რისკთან — #1tvმეცნიერება

GLP-1 პრეპარატების პოტენციურ სარგებელთა სია იზრდება.

ეს ახალი პრეპარატები თავდაპირველად დიაბეტის სამკურნალოდ შეიქმნა, ახლა კი მათ მილიონობით მეტი ადამიანი იყენებს წონაში კლების მიზნით.

თუმცა, სარგებელი შეიძლება მეტაბოლიზმს გაცილებით სცილდებოდეს.

GLP-1-ების, როგორიცაა სემაგლუტიდისა და ლირაგლუტიდის პოპულარობის საოცრად ზრდასთან ერთად, მეცნიერებმა გასაოცარი ტენდენცია შენიშნეს:

ადამიანებს, რომლებიც ამ პრეპარატებს იღებენ, დაბალი მაჩვენებელი აქვთ ისეთი დაავადებებისა, როგორიცაა თავის ტვინის დაავადებები, თირკმლის დაავადებები, გულის დაავადებები, ღვიძლის დაავადებები და კიბოც კი.

ამჯერად, სამი ახალი, დაკვირვებითი კვლევა მიუთითებს, რომ არსებობს სარგებელი კონკრეტულად ძუძუს კიბოსთვისაც.

ამ კვლევების შედეგების მიხედვით, ადამიანებს, ვინც GLP-1 პრეპარატებს იღებენ, ძუძუს კიბოს განვითარების 30 პროცენტით დაბალი შანსი აქვთ; ამას გარდა, დიაგნოზის მქონეებში ძუძუს კიბოს გავრცელების შანსი განახევრებულია, ამ დაავადებისგან სიკვდილის შანსი კი ექვსი პროცენტით შემცირებული.

ეს იმედისმომცემი შედეგები გამოქვეყნებამდე ჩიკაგოში წარმოადგინეს, კლინიკური ონკოლოგიის ამერიკული საზოგადოების (ASCO) ყოველწლიურ შეხვედრაზე.

პირველი კვლევის შედეგები წარმოადგინა პენსილვანიის უნივერსიტეტის პრაქტიკოსმა რადიოლოგმა ელიზაბეტ მაკდონალდმა.

მან და მისმა ჯგუფმა შეისწავლა 45-დან 80 წლამდე ასაკის 110 000 ქალის ჯანმრთელობის მონაცემები; მათი სხეულის მასის ინდექსი (BMI) 25 ან უფრო მაღალი იყო (მიიჩნევა ჭარბწონიანობის ზღვრად).

2022-დან 2025 წლამდე რეგისტრირებულ ქალებს შორის, თითქმის 14 პროცენტი GLP-1 პრეპარატს იღებდა.

კვლევაში არ იყო გათვალისწინებული, რამდენ ხანს იყენებდნენ მონაწილეები GLP-1 პრეპარატებს; თუმცა, მაინც გამოიკვეთა, რომ ვინც ამ პრეპარატებს იღებდა, 30,5 პროცენტით ნაკლები ჰქონდა ძუძუს კიბოს დიაგნოზის შანსი.

ასე იყო მაშინაც, როცა გაითვალისწინეს ასაკი, რასა, ეთნიკურობა, BMI, ძუძუს სიმკვრივე და დიაბეტის სტატუსი.

„ჩვენი კვლევა დაკვირვებითი იყო და გადაჭრით არ ადასტურებს კავშირს GLP-1 პრეპარატებსა და ძუძუს კიბოს შემთხვევების შემცირებას შორის. ამავე დროს, ემატება სულ უფრო მზარდ მტკიცებულებებს იმის თაობაზე, რომ ნამდვილად ღირს წონაში კლების ამ პრეპარატების, როგორც კიბოს პოტენციური პრევენციის საშუალებების შემდგომი კვლევა “, — განმარტავს მაკდონალდი.

მაკდონალდი და მისი კოლეგები ამჟამად მუშაობენ კლინიკურ ცდებზე, რათა შეამოწმონ, ამცირებს თუ არა ეს პრეპარატები ძუძუს კიბოს შემთხვევებს მაღალი რისკის მქონე ქალებში.

„GLP-1 პრეპარატები დამაინტრიგებელია კიბოს კვლევების გადმოსახედიდან, რადგან ისინი კიბოს თერაპიისთვის არ შექმნილა. მიუხედავად ამისა, ისინი ზემოქმედებს კიბოს განვითარებასთან დაკავშირებულ მრავალ სამიზნესა და გზაზე; ამიტომ, მოუთმენლად ველოდებით ამ კონტექსტში მათ შესწავლას“, — აღნიშნავს მაკდონალდი.

ამავე კონფერენციაზე წარმოდგენილი კიდევ ერთი ახალი კვლევა ასევე მხარს უჭერს სამომავლო კვლევებს ძუძუს კიბოსა და GLP-1 პრეპარატების შესახებ.

ფილტვის, ძუძუს, მსხვილი ნაწლავის ან ღვიძლის კიბოს მქონე 12 000-ზე მეტ ადამიანს შორის, რომლებიც GLP-1 პრეპარატებს იღებდნენ — ანალიზებმა აჩვენა კიბოს ორგანიზმში გავრცელების მნიშვნელოვნად დაბალი რისკი მათთან შედარებით, ვინც დიაბეტის სხვა წამლებს იღებდნენ.

ძუძუს კიბოს შემთხვევაში, უფრო მოწინავე სტადიაში გადასვლა ხდებოდა GLP-1 პრეპარატებზე მყოფ პაციენტთა 10 პროცენტში, დიაბეტის სხვა წამლებზე მყოფების შემთხვევაში კი 20 პროცენტში.

„ჩვენმა კვლევამ დაადგინა, რომ GLP-1 პრეპარატები დაკავშირებული იყო ოთხი სხვადასხვა ტიპის სიმსივნის პროგრესის მნიშვნელოვან შემცირებასთან. ეს კვლევა გვთავაზობს ადრეულ მტკიცებულებას იმისა, რომ ამ მიმართულებით ნამდვილად ღირს შემდგომი კვლევების ჩატარება“, — ამბობს კვლევის ავტორი, კლივლენდის კლინიკის ტაუსიგის კიბოს ინსტიტუტის ონკოლოგი მარკ დევიდ ორლანდი.

ამ ტენდენციას კიდევ უფრო გამოკვეთს ASCO-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე წარმოდგენილი მესამე კვლევა ძუძუს კიბოს შესახებ.

ეს კვლევა ძუძუს კიბოს მქონე 137 493 პაციენტზე ჩატარდა და დაადგინა, რომ ისინი, ვინც GLP-1 პრეპარატებს სულ მცირე სამი თვე ზედიზედ იღებდნენ, ექვსი პროცენტით მაღალი ჰქონდათ ხუთი წლის მანძილზე გადარჩენის მაჩვენებელი.

ავტორთა დასკვნით, გარანტირებულია სამომავლო კვლევები იმის დასადგენად, წარმართავს თუ არა ამ კავშირს ბიოლოგიური მექანიზმი.

GLP-1 პრეპარატები შექმნილია ორგანიზმში იმ ბუნებრივი ჰორმონების იმიტაციისთვის, რომლებიც მადას თრგუნავენ და ხელს უწყობენ წონაში კლებას. თუმცა, სულ უფრო მეტი კვლევა მიუთითებს, რომ ეს მხოლოდ აისბერგის წვერია. როგორც ჩანს, ეს პრეპარატები გავლენას ახდენს ანთებასა და იმუნურ ფუნქციაზეც.

მიუხედავად იმისა, რომ ჭარბწონიანობა ძუძუს კიბოს მქონეებში უფრო უარეს შედეგებთანაა დაკავშირებული, წონაში კლება შეიძლება არ იყოს ის ერთადერთი გზა, რომლითაც GLP-1 პრეპარატები ამ რისკს ამცირებენ.

„GLP-1 რეცეპტორების აგონისტები არასდროს ყოფილა მხოლოდ გლუკოზის დამწევი პრეპარატები. დიდი ხანია, მათი ანთების საწინააღმდეგო და იმუნომოდულაციური თვისებები უფრო ფართო ეფექტებზე მიუთითებს. ამ კვლევებში ახალია თანმიმდევრულობა სიმსივნის ტიპებს შორის; ამხელა და თანმიმდევრული მონაცემები პერსპექტიული, რანდომიზებული კვლევის ჩატარების საფუძველს იძლევა“, — ამბობს ASCO-ის ექსპერტი მარსინ ჩვისტეკი.

შეფასებათა თანახმად, წელს აშშ-ში ძუძუს კიბოს დიაგნოზს 320 000-ზე მეტ ქალს დაუსვამენ, მათგან დაახლოებით 40 000 კი ამ დაავადებით დაიღუპება.

თუ გაგვიმართლა, შეიძლება უკვე ხელთ გვქონდეს სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ამ მაჩვენებლებს გააუმჯობესებს.

სამივე კვლევა ამერიკის კლინიკური ონკოლოგიის საზოგადოების ყოველწლიური შეხვედრაზე, ჩიკაგოში წარმოადგინეს.

მომზადებულია asco.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.