წონაში კლების ახალმა პრეპარატმა კლინიკურ ცდებში არსებულ მედიკამენტებზე გაცილებით უკეთესი შედეგი აჩვენა — #1tvმეცნიერება
Ozempic-ისა და Wegovy-ს ბრენდული სახელების ქვეშ, სემაგლუტიდზე დაფუძნებულმა პრეპარატებმა მნიშვნელოვანი განსხვავება შეიტანეს მე-2 ტიპის დიაბეტისა და სიმსუქნის მკურნალობაში.
კლინიკური ცდების წარმატებული მესამე ფაზის შემდეგ, იმავე მექანიკაზე დაფუძნებულმა ახალმა პრეპარატმა შეიძლება კიდევ უფრო შთამბეჭდავი შედეგები მოგვცეს წონის კლების თვალსაზრისით.
ახალ პრეპარატს ეკნოგლუტიდი ეწოდება და სემაგლუტიდის მსგავსად, არის გლუკაგონის მსგავსი პეპტიდ-1 რეცეპტორის აგონისტი (GLP-1 აგონისტი). მარტივად რომ ვთქვათ, ორივე ბაძავს სხეულის ბუნებრივ GLP-1 ჰორმონს და ხელს უწყობს ინსულინის გამომუშავების გაძლიერებას, ამცირებს მადას და ანელებს მონელებას სისხლში შაქრის დონის დასაწევად.
ჩინელი მკვლევრების მიერ ჩატარებულ ახალ ცდაში, ეკნოგლუტიდმა ისევე კარგად იმუშავა, უკეთესად თუ არა, როგორც კიდევ ერთმა GLP-1 პრეპარატმა, სახელად დულაგლუტიდმა.
ეკნოგლუტიდს დამატებით უპირატესობას შეიძლება ანიჭებდეს ის ფაქტი, რომ ის შექმნილია კონკრეტული გზის გასააქტიურებლად, რომელსაც cAMP გზა ეწოდება (GLP-1-ის სარგებლის მთავარი გასაღები) და თან ისე, რომ არ ეხება სხეულში მიმდინარე სხვა ქიმიურ წრედებს. ამჟამინდელი პრეპარატები, მათ შორის დულაგლუტიდი, არ ფოკუსირდება cAMP გზაზე, როგორც ამას ექსკლუზიურად აკეთებს ეკნოგლუტიდი.
„შედეგები მიუთითებს, რომ ეკნოგლუტიდი შეიძლება გვთავაზობდეს მეორე ტიპის დიაბეტის მკურნალობის ახალ ვარიანტს“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.
ცდაში 18-დან 75 წლამდე ასაკის 261 ადამიანი მონაწილეობდა, რომლებსაც მეორე ტიპის დიაბეტის დიაგნოზი ჰქონდათ უკვე იღებდნენ პირველი რიგის მედიკამენტ მეტფორმინს. მოხალისეები ერთი წლის განმავლობაში, კვირაში ერთხელ იღებდნენ ეკნოგლუტიდს ან დულაგლუტიდს.
ორივე პრეპარატმა სისხლში შაქრის დონე ერთნაირი მაჩვენებლით შეამცირა, მაგრამ საშუალოდ, ეკნოგლუტიდზე მყოფმა პაციენტებმა თითქმის ორჯერ მეტი წონა დაკარგეს, ვიდრე დულაგლუტიდზე მყოფებმა. შედეგებზე დაყრდნობით, ეკნოგლუტიდი შეიძლება ამ ორს შორის უფრო ეფექტიანი ვარიანტი იყოს, მცირე დოზის შემთხვევაშიც კი.
მკვლევრები ასევე პროგნოზირებენ, რომ ეკნოგლუტიდი შეიძლება უფრო ადვილი და იაფი საწარმოებელი იყოს, ვიდრე ამჟამად ბაზარზე არსებული GLP-1 პრეპარატები. ზოგიერთ მოხალისეში გვერდით ეფექტებს შორის იყო გულისრევა და დიარეა, რაც დროთა განმავლობაში შემსუბუქდა.

„გლიკემიური ეფექტების გარდა, ეკნოგლუტიდის ორივე დოზამ გამოიწვია დულაგლუტიდზე სტატისტიკურად მნიშვნელოვნად უფრო დიდი კლება სხეულის წონაში, წელის გარშემოწერილობაში, თეძოების გარშემოწერილობაში და შეამცირე ტრიაცილგლიცეროლიც (მცენარეული და ცხოველური ცხიმების ძირითადი კომპონენტი); ყველა მათგანი გულ-სისხლძარღვთა რისკფაქტორია“, — წერენ მკვლევრები.
სამომავლო კვლევებში ეკნოგლუტიდი შეიძლება პირდაპირ სემაგლუტიდს შეადარონ უფრო დიდ კვლევაში, ადამიანთა უფრო მრავალფეროვან ჯგუფებში. ცდებში ასევე შეიძლება დატესტონ პრეპარატის შედეგები სხვა ანტიდიაბეტურ მედიკამენტებთან კომბინაციაში.
GLP აგონისტი, როგორც პრეპარატის შედარებით ახალი კლასი, კვლავაც ყურადღების ცენტრშია როგორც სასარგებლო, ასევე საზიანო გრძელვადიანი ეფექტების გამო, რომელთა შორისაც არის პანკრეასისა და მხედველობის პრობლემები.
მიუხედავად იმისა, რომ კვლევები წარმოაჩენს GLP-1 პრეპარატების პოტენციურ ალტერნატიულ მიდგომებს, Wegovy-ს მსგავს მედიკამენტთა წარმატება უბიძგებს ფარმაცევტულ კომპანიებს, რომ ფოკუსირდნენ უკვე მოხმარებაში არსებულ პრეპარატთა გაუმჯობესებულ ვერსიათა იდენტიფიცირებაზე — სწორედ ერთ-ერთი ასეთი შეიძლება იყოს ეკნოგლუტიდი.
„შედეგები მიუთითებს, რომ ეკნოგლუტიდი შეიძლება ხელს უწყობდეს მე-2 ტიპის დიაბეტის მართვის გარკვეული დაუკმაყოფილებელი საჭიროებების დაკმაყოფილებას და წარმოადგენდეს პოტენციურ წინსვლას დიაბეტის თერაპიაში“, — წერენ მკვლევრები.
კვლევა The Lancet Diabetes & Endocrinology-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.