აღმოაჩინეს დინოზავრების ეპოქის ორთავიანი ცხოველის ნამარხი — #1tvმეცნიერება
სხეულის ანომალიურმა განვითარებამ შეიძლება ცხოველში ორი თავის გაზრდა გამოიწვიოს. როგორც ჩანს, ასეთი რამ მილიონობით წლის წინაც ხდებოდა. 2006 წელს ჩინეთში პალეონტოლოგებმა აღწერეს დინოზავრების ეპოქის ორთავიანი ნამარხი.
ჰიფალოზავრი (Hyphalosaurus) წყლის პატარა ქვეწარმავალია, რომელიც 120 მილიონი წლის წინ ბინადრობდა და მის შესახებ ათასობით ნამარხის საფუძველზე ვიცით. ერთ გამორეულ ნამარხს ორი სრულყოფილი თავი და კისერი აქვს.
„გულმკერდის სარტყლის დონიდან დაწყებული, ხერხემლის სვეტი იყოფა და წარმოქმნის ორ გრძელ კისერს, რომლებიც ჩვეულებრივი თავის ქალით ბოლოვდებიან“, — წერდნენ მკვლევრები 2006 წელს.

ნამარხს აღენიშნება ანომალიური განვითარება, სახელად ღერძული განტოტება (ბიფურკაცია), რაც განვითარებაში მაშინ შეიძლება მოხდეს, როცა ემბრიონი ტყუპებად გაყოფას იწყებს, მაგრამ ამ პროცესს ვერ ასრულებს. მიუხედავად იმისა, რომ იშვიათია, ორთავიანი ცხოველები სულაც არაა უცხო. ბოლო წლებში აღმოაჩინეს ორთავიანი გველები, კუები, სალამანდრები, ზვიგენები და ირემიცდი კი.
სამწუხაროდ, ორი თავი ერთს ვერ სჯობს — ორთავიანი ცხოველები იშვიათად აღწევენ ზრდასრულ ასაკს. ასე უნდა ყოფილიყო ამ ორთავიანი ჰიფალოზავრის შემთხვევაშიც, რომელიც სიგრძეში 70 მილიმეტრამდეა და ან ემბრიონია, ან ახალშობილი.
თუმცა, წარმოადგენს ჩვენთვის ცნობილ უძველეს ორთავიან არსებას — ეკუთვნის ადრეულ ცარცულ პერიოდს.
აღმოჩენა ნამდვილად იშვიათია. ჩვენ მიერ აღმოჩენილი ნამარხები მხოლოდ უმცირესი ნაწილია შორეულ წარსულში არსებული სიცოცხლის ფორმებისა. შესაბამისად, ამ ორთავიანი ნამარხის აღმოჩენა ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს სტატისტიკურ ანომალიად.
კვლევა ჟურნალ Biology Letters-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.