დინოზავრების მკვლელმა ასტეროიდმა დედამიწაზე იმაზე კატასტროფული პროცესები გამოიწვია, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
დინოზავრების მკვლელმა ასტეროიდმა დედამიწაზე იმაზე კატასტროფული პროცესები გამოიწვია, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

როდესაც 66 მილიონი წლის წინ დედამიწას დინოზავრების მკვლელი ასტეროიდი დაეცა, ატმოსფეროში დიდი ოდენობით გოგირდი გაიტყორცნა, იმაზე მეტი, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა; ამის შესახებ ახალი კვლევა იუწყება.

კვლევის მიხედვით, ჰაერში ასვლის შემდეგ, გოგირდის მატარებელი აირების ამ ვრცელმა ღრუბელმა მზის სინათლე დაბლოკა და დედამიწაზე ათწლეულებიდან საუკუნეებამდე პერიოდით ააცივა, შემდეგ კი მიწაზე სასიკვდილო მჟავა წვიმების სახით მოდიოდა, ათობით ათასი წლის განმავლობაში ცვლიდა ოკეანეების ქიმიურ შემადგენლობას, იმაზე დიდხანს, ვიდრე აქამდე გვეგონა ცვლიდა.

„კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ სათანადოდ ვერ ვაფასებდით ასტეროიდის დაცემის შედეგად ამოსული გოგირდის რაოდენობას“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, ბრისტოლის უნივერსიტეტის მკვლევარი ჯეიმს ვიტსი.

მისი განცხადებით, ამით გამოწვეული კლიმატის ცვლილება იმაზე გაცილებით დიდი უნდა ყოფილიყო, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა.

ის ფაქტი, რომ გოგირდი დედამიწის ზედაპირზე დაბრუნებას ასე დიდხანს აგრძელებდა, შეიძლება დაგვეხმაროს იმის ახსნაში რატომ დასჭირდა სიცოცხლეს, განსაკუთრებით კი წყალში არსებულს, აღდგენისთვის ამდენი ხანი. მით უმეტეს, რომ ხმელეთზე ჩამოსული გოგირდის გარკვეული ნაწილიც შემდეგ ოკეანეებში ჩაირეცხებოდა.

მკვლევართა მიერ მიღებული შედეგები სრულიად შემთხვევითი იყო, რადგან ამის კვლევას სულ არ გეგმავდნენ.

თავდაპირველად, მკვლევართა ჯგუფი ტეხასში, მდინარე ბრაზოსის სიახლოვეს უძველესი ნიჟარების შესწავლას გეგმავდნენ; ეს უნიკალური ადგილი ცარცული გადაშენების ბოლოს წყალქვეშ იყო მოქცეული, იმ დროს, როდესაც არამფრინავი დინოზავრები ამოწყდნენ.

ამას გარდა, ეს ადგილი არც ისე შორსაა ჩისკულუბის კრატერისგან, რომელიც მექსიკაში, იუკატანის ნახევარკუნძულთან მდებარეობს და წარმოადგენს 10 კმ სიგანის ასტეროიდის დაცემის ადგილს.

მკვლევრებმა ადგილზე რამდენიმე დანალექის ნიმუში აიღეს, რასაც თავიდან არ გეგმავდნენ.

ნიმუშები შოტლანდიაში, სენტ-ენდრიუს უნივერსიტეტში ჩაიტანეს, სადაც კვლევის თანაავტორმა, გეოქიმიკოსმა და გეობიოლოგმა ობერი ზერკლმა მათში არსებული გოგირდის სხვადასხვა იზოტოპები შეისწავლა, ანუ გოგირდის სახესხვაობები, რომლებსაც ატომბირთვში სხვადასხვა რაოდენობის ნეიტრონები აქვთ.

მკვლევრებმა მიაგნეს „ძლიერ უჩვეულო სიგნალს“ — გოგირდის იზოტოპებს მასაში მოულოდნელი, ციცქნა ცვლილებები აღენიშნებოდა. მასის ასეთი ცვლილებები მაშინ ხდება, როდესაც გოგირდი ატმოსფეროში შედის და ულტრაიისფერ სინათლესთან ურთიერთქმედებს.

„ეს რეალურად ორ სცენარში ხდება: ან ატმოსფეროში, რომელსაც საერთოდ არ აქვს ჟანგბადი, ან როცა იმდენად ბევრი გოგირდია, რომ ის ჟანგბადშემცველ ატმოსფეროში ძალიან მაღლა ადის“, — ამბობს ვიტსი.

დედამიწა დაახლოებით 4,5 მილიარდი წლისაა და დაახლოებით 2,3 მილიარდი წლის წინ, ის უკვე გახვეული იყო ჟანგბადშემცველ ატმოსფეროში.

„პირველი მეცნიერები ვართ, რომლებმაც ბოლო პერიოდში ასეთი რამ ვიხილეთ. სულ მცირე ისეთ დანალექებში, რომლებიც დედამიწი პოლუსებიდან არ არის აღებული“, — აღნიშნავს ვიტსი.

იმიტომ, რომ ვულკანური ამოფრქვევები გოგირდს ატმოსფეროში საკმაოდ მაღლა უშვებს, რომელიც შეიძლება თოვლში შეერიოს და პოლუსებთან ყინულში მაღალი კონცენტრაციით დაილექოს, სადაც სხვა გოგირდი ან სულფატები არ არის, რომ ამ სიგნალში აირიოს.

„ამ სიგნალს ზღვის ქანებში ვერ ნახავთ. ზღვას საკუთარი იზოტოპური ხელწერა აქვს, რომელიც სრულიად აზავებს ვულკანებიდან წამოსულ მცირე ოდენობით გოგირდს“, — ამბობს ვიტსი.

მისივე თქმით, ფაქტი, რომ ცარცული პერიოდის ზღვის ქანებში ეს სიგნალი წარმოდგენილია, იმას აჩვენებს, რომ ასტეროიდის დაცემის შემდეგ ატმოსფეროში ძალიან დიდი ოდენობით გოგირდი უნდა ასულიყო.

რა თქმა უნდა, ამ დაცემის შედეგად გამოყოფილ გოგირდოვან აერზოლებს უზარმაზარი გავლენა ექნებოდა კლიმატის ცვლილებაზე, რადგან ვიცით, რომ აცივებას თანამედროვე ვულკანური ამოფრქვევებიც იწვევს.

დიდი ოდენობით გოგირდი იუკატანის ნახევარკუნძულის გოგირდით მდიდარი კირქვებიდან ამოვიდა.

„ასტეროიდი რომ სადმე სხვაგან ჩამოვარდნილიყო, შეიძლება ატმოსფეროში ამ ოდენობის გოგირდი არ გამოყოფილიყო და მას მოყოლილი კლიმატის ცვლილებას ასე მკაცრი არ ყოფილიყო. შესაბამისად, გადაშენებაც ასე სასტიკი არ იქნებოდა“, — აღნიშნავს ვიტსი.

წინა შეფასებებით, ასტეროიდის დაცემის შემდეგ ატმოსფეროში შესული გოგირდოვანი აეროზოლების რაოდენობა 30-დან 500 გიგატონამდე უნდა ყოფილიყო; კლიმატური მოდელების მიხედვით, გოგირდი გოგირდოვან აეროზოლებად უნდა გარდაქმნილიყო, რასაც დედამიწის ზედაპირზე 2-8 გრადუსით აცივება უნდა გამოეწვია დაცემის მომდევნო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში.

თუმცა, როგორც ახალი კვლევის შედეგები მიუთითებს, ვინაიდან გოგირდის რაოდენობა მაღალი იყო, კლიმატის ცვლილება კიდევ უფრო მკაცრი უნდა ყოფილიყო.

კვლევა Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია Live Science-ის მიხედვით.