კომეტა თუ ასტეროიდი — რამ მოსპო დინოზავრები და საიდან მოხვდა ის დედამიწაზე #1tvმეცნიერება
კომეტა თუ ასტეროიდი — რამ მოსპო დინოზავრები და საიდან მოხვდა ის დედამიწაზე #1tvმეცნიერება

66 მილიონი წლის წინ, დედამიწასთან შეჯახებით მან ჩვენი პლანეტის ისტორია სამუდამოდ შეცვალა.

ჩისკულუბის იმპაქტორმა, როგორც მას უწოდებენ, თანამედროვე მექსიკის სანაპიროსთან 150 კმ სიგრძისა და 19 კმ სიღრმის კრატერი დატოვა. მისმა გამანადგურებელმა დარტყმამ დინოზავრების ზეობა უცაბედ, კატასტროფულ დასასრულთან მიიყვანა — მოხდა მათი უეცარი გადაშენება; ასეთივე ბედი ეწია დედამიწის მცენარეთა და ცხოველთა სახეობის თითქმის სამ მესამედსაც.

დიდი ხანია, არსებობს ერთი გამოცანა — საიდან მოვიდა ეს ასტეროიდი ან კომეტა და როგორ დაეჯახა ის დედამიწას? ჰარვარდ-სმიტსონის ასტროფიზიკური ცენტრის ორი მკვლევარი დარწმუნებულია, რომ ამ კითხვაზე პასუხი მათ უკვე აქვთ.

ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნებულ კვლევაში, ჰარვარდის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსები, ამირ სირაჯი და ავი ლოები ახალ თეორიას გვთავაზობენ, რომელმაც შეიძლება კარგად ახსნას ამ კატასტროფული ობიექტის წარმომავლობა და მარშრუტი.

სტატისტიკური ანალიზისა და გრავიტაციული სიმულაციების გამოყენებით, სირაჯმა და ლოებმა გამოთვალეს, რომ ოორტის ღრუბლიდან (მზის სისტემის კიდეზე არსებული რეგიონი, რომელიც სავსეა ყინულოვანი ობიექტებით) წამოსული გრძელპერიოდიანი კომეტის მნიშვნელოვან ნაწილს, ორბიტაზე მოძრაობისას, იუპიტერის გრავიტაციული გავლენით შეიძლება მიმართულება შეცვლოდა.

„მზის სისტემა პინბოლის დანადგარივით მოქმედებს. იუპიტერი, ყველაზე მასიური პლანეტა, შემომავალ გრძელპერიოდიან კომეტებს ისეთ ორბიტებზე გადაისვრის, რომლებსაც ისინი მზესთან ძალიან ახლოს მიჰყავს“, — ამბობს სირაჯი.

მზესთან ახლოს გავლისას, ეს კომეტები, რომლებსაც მზისახლო კომეტებს უწოდებენ, მძლავრი მოქცევითი ძალების გავლენით შეიძლება ნამსხვრევებად დაიშალოს და ნამდვილი კომეტური „ბომბები“ წარმოიქმნას.

„მზესთან ახლოს გავლისას, ამ კომეტების მზისკენ უფრო ახლოს მოქცეული ნაწილი დანარჩენზე უფრო მეტ გრავიტაციულ მიზიდვას განიცდის, რის შედეგადაც, ობიექტზე ხდება მოქცევითი ძალის მოქმედება. შეიძლება მივიღოთ ე. წ. გრავიტაციული დაფლეთვის მოვლენა, რა დროსაც, მოზრდილი კომეტა მრავალ პატარა ნაწილად იმსხვრევა. ყველაზე გადამწყვეტი კი ის არის, რომ უკან, ოორტის ღრუბლისკენ მიმავალ გზაზე, იზრდება იმის ალბათობა, რომ რომელიმე ასეთი ფრაგმენტი დედამიწას დაეცეს“, — ამბობს სირაჯი.

სირაჯისა და ლოების თეორიის საფუძველზე ჩატარებული ახალი გამოთვლები გრძელვადიან კომეტათა დედამიწაზე დაცემის შანსებს ათჯერ ზრდის და გვაჩვენებს, რომ გრძელპერიოდიან კომეტათა დაახლოებით 20 პროცენტი მზესთან საკმაოდ ახლოს მიდის.

მკვლევართა განცხადებით, მათ მიერ მიღებული დარტყმის ახალი მაჩვენებელი შესაბამისობაშია ჩისკულუბის ასაკთან და დამაკმაყოფილებელ ახსნას გვთავაზობს მისი და მისი მსგავსი სხვა იმპაქტორების წარმომავლობის შესახებ.

„ჩვენი კვლევა ასეთი მოვლენების ახსნის საფუძველს გვთავაზობს. უფრო მეტიც, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ თუ მზესთან ახლოს მისვლისას ობიექტს დაანაწევრებთ, ამან შეიძლება გამოიწვიოს შესაბამისი მოვლენები და ისეთი დარტყმაც, რომელმაც დინოზავრები მოსპო“, — ამბობს ლოები.

ჩისკულუბის კრატერში ნაპოვნი მტკიცებულება მიუთითებს, რომ დაცემული კლდოვანი მასა კარბონატული ქონდრიტისგან შედგებოდა. სირაჯისა და ლოების ჰიპოთეზამ შეიძლება მისი ასეთი უჩვეულო შემადგენლობაც ახსნას.

ჩისკულუბის წარმოშობის შესახებ არსებული პოპულარული თეორიის მიხედვით, დამრტყმელი ობიექტი ასტეროიდთა მთავარი სარტყლიდან იყო მოსული, ასტეროიდთა ჯგუფიდან, რომლებიც მზის გარშემო მარსისა და იუპიტერის ორბიტებს შორის მოძრაობენ. კარბონატული ქონდრიტები მთავარი სარტყლის ასტეროიდებს შორის იშვიათია, მაგრამ შეიძლება საკმაოდ იყოს წარმოდგენილი გრძელპერიოდიან კომეტებში, რაც კომეტის დაცემის ჰიპოთეზას კიდევ უფრო ამყარებს.

იგივე შემადგენლობა აქვს სხვა ასეთ კრატერებსაც. მათ შორის ობიექტს, რომელიც დედამიწას დაახლოებით ორი მილიონი წლის წინ დაეცა და სამხრეთ აფრიკაში ვრედფორტის კრატერი წარმოქმნა; ეს უკანასკნელი უდიდესი დადასტურებული კრატერია დედამიწის ისტორიაში. მათ შორის არის ის ობიექტიც, რომელმაც ყაზახეთში ჟამანშინის კრატერი დატოვა, რომელიც უდიდესი დადასტურებული კრატერია ბოლო მილიონი წლის განმავლობაში. მკვლევართა განცხადებით, ამ დარტყმების დროში განაწილება მხარს უჭერს მათ გამოთვლებს ჩისკულუბის ზომის გრავიტაციულად დაშლილი კომეტების მოსალოდნელობის მაჩვენებლის შესახებ.

სირაჯი და ლოები ამბობენ, რომ მათი ჰიპოთეზის შემოწმება შესაძლებელია ამ და სხვა ასეთ კრატერთა შემდგომი შესწავლითა და მათი შემადგენლობის გარკვევით; იგივე შეიძლება ითქვას მთვარის ზედაპირზე არსებულ კრატერებზეც. ამაში შეიძლება დაგვეხმაროს კოსმოსური მისიების ფარგლებში კომეტებიდან ნიმუშების აღებაც.

მომავალ წელს ჩილეში ამუშავდება ვერა რუბინის ოსბერვატორია, რომელსაც კომეტების შემადგენლობის გარკვევა შეეძლება; გარდა ამისა, ობსერვატორიამ შეიძლება მოახერხოს გრძელპერიოდიან კომეტათა გრავიტაციულ დაშლაზე დაკვირვებაც.

„შეიძლება გაირკვეს, რომ ოორტის ღრუბლიდან დედამიწაზე პატარა ფრაგმენტები უფრო ხშირად ხვდება. იმედი მაქვს, რომ გრძელვადიან კომეტებზე უფრო მეტი მონაცემების შეგროვების შემდეგ, ჩვენი თეორიის შემოწმებას შევძლებთ, მივიღებთ უკეთეს სტატისტიკას და ალბათ, გარკვეულ ფრაგმენტთა მტკიცებულებასაც ვიხილავთ“, — ამბობს ავი ლოები.

მისივე განცხადებით, ამის გარკვევა გადამწყვეტია არა მხოლოდ დედამიწის ისტორიის საიდუმლოთა ამოსახსნელად, არამედ გადამწყვეტიც იყოს, თუ ასეთი მოვლენა ჩვენს პლანეტას ოდესმე კიდევ დაემუქრება.

„მომაჯადოებელი სანახაობა იქნებოდა, მაგრამ ამის ხილვა ნამდვილად აღარ გვინდა“, — აღნიშნავს ლოები.

კვლევა ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია cfa.harvard.edu-ს მიხედვით.