დინოზავრების მკვლელი ასტეროიდი დედამიწას შესაძლო ვარიანტთა შორის ყველაზე მომაკვდინებელი კუთხით დაეცა — ახალი კვლევა
დინოზავრების მკვლელი ასტეროიდი დედამიწას შესაძლო ვარიანტთა შორის ყველაზე მომაკვდინებელი კუთხით დაეცა — ახალი კვლევა

დაახლოებით 66 მილიონი წლის წინ, დედამიწას 11-81 კმ დიამეტრის ასტეროიდი დაეცა, რამაც ხმელეთის ყველა დინოზავრისა და პლანეტაზე არსებული სიცოცხლის 75 პროცენტის გადაშენება გამოიწვია.

ამ დრომდე უცნობი იყო, ასტეროიდი დედამიწას პირდაპირ დაეცა თუ უფრო დახრილი კუთხით; ასევე, რომელი სცენარი იქნებოდა უფრო გამანადგურებელი.

ახალი კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ ასტეროიდი ჩვენს პლანეტას შესაძლო ვარიანტთა შორის ყველაზე მომაკვდინებელი კუთხით, 60 გრადუსით დაეცა.

კატაკლიზმურმა შეჯახებამ ატმოსფეროს ზედა ნაწილში იმდენი ნაშალი და აირები გატყორცნა, რომ რადიკალურად შეიცვალა კლიმატი, რასაც ხმელეთის ბინადარი ყველა დინოზავრის გადაშენება მოჰყვა.

ასტეროიდის დარტყმის ადგილის, სამხრეთ მექსიკაში არსებული 200 კმ სიგანის კრატერის ანალიზისთვის მეცნიერებმა კომპიუტერულ სიმულაციათა სერია ჩაატარეს.

კვლევის ავტორი, ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის მკვლევარი გარეთ კოლინსი და მისი კოლეგები ფრაიბურგისა და ტეხასის უნივერსიტეტიდან, იკვლევდნენ დაცემის ოთხ შესაძლო კუთხეს — 90, 60, 45 და 30 გრადუსებს, ასევე დაცემის ორ სიჩქარეს — 12 და 20 კილომეტრს წამში.

აღმოჩნდა, რომ კრატერიდან შეგროვებულ მონაცემებს ყველაზე კარგად 60-გრადუსიანი დარტყმა შეესაბამება.

„60 გრადუსით დარტყმა უფრო სასიკვდილოა, რადგან ამ დროს სწრაფად ამოიტყორცნება იმდენად ბევრი მატერია, რომ გარს შემოერტყას მთლიან პლანეტას“, — ამბობს კოლინსი.

მისი თქმით, ჩისკულუბის დარტყმამ მასობრივი გადაშენება იმის გამო გამოიწვია, რომ კრატერიდან უსწრაფესად ამოტყორცნა უზარმაზარი ოდენობის მტვერი და გაზი, რომელიც პლანეტის გარშემო მიმოიფანტა.

როგორც იგი აღნიშნავს, უფრო დახრილი კუთხით დაცემის შემთხვევაში, ატმოსფეროში ამდენი ნარჩენი არ გაიფანტებოდა.

ციცქნა ნაწილაკების სახით ასული დიდი რაოდენობით გოგირდი ჰაერში დაეკიდა და დაბლოკა მზის სინათლე, რამაც კლიმატი რამდენიმე გრადუსი ცელსიუსით გააცია.

პლანეტა კვამლის, ფერფლისა და ნარჩენი მასალების საბურველში გაეხვა, რამაც თანდათანობით მოსპო მცენარეთა უმეტესობა და პლანეტის სახეობათა 75 პროცენტი.

დაცემამ ასევე გამოიწვია მიწისძვრა, რომლის სეისმურმა ტალღებმაც 13 წუთში მიაღწია 3000 კმ-ით დაშორებულ თანამედროვე აშშ-ის ჩრდილოეთ დაკოტის შტატამდე; ამაზე მეტყველებს იქ აღმოჩენილი ნამარხი მტკიცებულებები.

სეისმურმა შოკმა ოკეანეში წარმოქმნა წყლისა და ნაშალი მასალის უზარმაზარი ტალღები მაშინდელ დასავლეთ შიდა ზღვაში. ეს ზღვა ცარცული პერიოდის ბოლოს არსებობდა თანამედროვე ჩრდილოეთ ამერიკის შუაგულში, სიგრძეზე და კონტინენტს ორ ნაწილად ყოფდა. თანამედროვე აშშ-ისა და კანადის ტერიტორიის გავლით, გადაჭიმული იყო მექსიკის ყურედან ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანემდე.

კატაკლიზმის დეტალების უკეთ გასარკვევად, მკვლევრებმა ბოლო დროის გათხრებისას შეგროვებული გეოლოგიური მონაცემები შეისწავლეს.

ისინი კვლევის დაწყებიდან მალევე მიხვდნენ, რომ ასტეროიდი დედამიწას სამხრეთ-აღმოსავლეთიდან არ დასცემია, როგორც ეს დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა.

„ჩვენმა კვლევამ ეს ჰიპოთეზა გააცამტვერა. კრატერის ცენტრალური ამოზნექილობა ოდნავ არის დახრილი სამხრეთ-დასავლეთით; იგივე გაიმეორა დარტყმის კომპიუტერულმა სიმულაციებმაც“, — განმარტავს კოლინსი.

ამ აღმოჩენამ შეიძლება ასევე დიდი წვლილი შეიტანოს ზოგადად, კრატერების წარმოქმნის შესწავლაშიც.

მაგალითად, 3D სიმულაციები მიუთითებს, რომ დარტყმის ზოგიერთ შრეს კრატერის ფორმაციის ბოლო ეტაპზე დაეცა ასხლეტილი ნამტვრევები, რამაც მხოლოდ რამდენიმე წუთი წაიღო.

მეცნიერები ჯერ კიდევ ცდილობენ იმის გარკვევას, ზუსტად როგორ გამოიწვია ასტეროიდმა მასობრივი გადაშენება, რატომ გადაურჩნენ ამ პროცესს ზოგიერთი სახეობები და ზოგიც ვერა.

„ჩისკულუბის დაცემა საშინელი დღე იყო დინოზავრებისთვის. იმაზე საშინელი, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ასტეროიდის დაცემას სიცოცხლე მაინც გადაურჩა და როგორც შეეძლო, ისე სწრაფად აღდგა“, — ამბობს კვლევის ავტორი, ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის მკვლევარი გარეთ კოლინსი.

კვლევა ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.