როგორი იყო დინოზავრების სიკვდილის დღე - უძველესი გლობალური კატასტროფის ახალი დეტალები
როგორი იყო დინოზავრების სიკვდილის დღე - უძველესი გლობალური კატასტროფის ახალი დეტალები

66 მილიონი წლის წინ, თანამედროვე მექსიკის სიახლოვეს, თავთხელ ზღვაში უზარმაზარი ასტეროიდი ჩავარდა. შეჯახების შედეგად წარმოიქმნა 145 კმ სიგანის კრატერი, დედამიწიდან კოსმოსში გაიტყორცნა მთის ზომის ქანების ნაფლეთები. ეს ნარჩენები შემდეგ კვლავ დედამიწაზე, გამდნარი ქანებისა და მინის სახით ჩამოცვივდა.

ამ უცნაური წვიმის პირობებში, უძველესი თევზების ლაყუჩებში ციდან ჩამოცვენილი მინის ნამსხვრევები ჩაიჭედა. უზარმაზარმა ტალღებმა მრავალი თევზი ხმელეთზე გამორიყა, სადაც შემდეგ, ისინი შლამში ჩაიმარხნენ.

ჩრდილოეთ დაკოტაში მომუშავე მეცნიერებმა ცოტა ხნის წინ, გათხრებისას ასეთი თევზების ნამარხს მიაგნეს. მკვლევართა განცხადებით, ეს თევზები ასტეროიდის დარტყმიდან პირველივე წუთებში ან საათებში დაიხოცნენ. ამ აღმოჩენას განსაკუთრებული აღფრთოვანება მოჰყვა პალეონტოლოგებში.

პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის პალეოკეანოგრაფის, ტიმოთი ბრალოუერის განცხადებით, საქმე ეხება იმ დღეს, როცა დინოზავრები დაიხოცნენ.

მკვლელ ასტეროიდს ყველაზე მეტად დინოზავრები ემსხვერპლნენ. გადარჩნენ მხოლოდ ტირანოზავრი რექსისა და ტრიცერატოპსის ჯგუფის წარმომდგენლები. ამოწყდა ზღვის მრავალი არსება, მცენარეები და მიკროორგანიზმები, მათ შორის, პლანქტონის 93 პროცენტი. საბოლოოდ, დღემდე ცოცხალია დინოზავრების ერთადერთი შტო — ფრინველები.

ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კვლევის შედეგად, დინოზავრების გადაშენების ყველაზე სავარაუდო მიზეზად სწორედ ასტეროიდის თეორია იქცა.

1970-იანი წლების ბოლოს, კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევრებმა, მამა-შვილმა ლუის და ვალტერ ალვარესებმა შეისწავლეს ცარცული და პალეოცენის ეპოქების შორის არსებული პერიოდის უჩვეულო გეოლოგიური შრე. სასაზღვრო ფენა სავსე იყო ირიდიუმით — ელემენტით, რომელიც დედამიწაზე უიშვიათესია, მაგრამ უხვად არის ასტეროიდებზე. ახალი კვლევის ერთ-ერთი ავტორი სწორედ ვალტერ ალვარესია.

ამ გეოლოგიურ შრეს ჰელ-კრიკს უწოდებენ; მასში არსებული ნამარხები წარმოადგენს მსხვილი ორგანიზმების სიკვდილის პირველ მასიურ ფენას, რაც კი აქამდე გვიპოვნია.

2013 წელს, კვლევის ავტორმა, კანზასის უნივერსიტეტის დოქტორანტმა რობერტ დე პალმამ ჩრდილოეთ კაროლინაში დაიწყო ჰელ-კრიკის ფორმაციების გათხრა. მას შემდეგ, დე პალმამ და სხვა პალეონტოლოგებმა იპოვეს განმარხებული ზუთხებისა და დინგნიჩაბასებრი თევზების გროვები, რომლებსაც ლაყუჩებში ჯერ კიდევ შემორჩენილი ჰქონდათ მინის სფეროები.

მათ ასევე იპოვეს კალმარის მსგავსი ორგანიზმები, სახელად ამონიტები, ზვიგენის კბილები და წყლის მტაცებელი ხვლიკების, მოზაზავრების ნაშთები. გარდა ამისა, ასევე აღმოაჩინეს მკვდარი ძუძუმწოვრები, მწერები, ხეები და ტრიცერატოპსები. მიაგნეს ერთი ფუტის სიგრძის ბუმბულებიანი დინოზავრის ნამარხს, პრეისტორიულ ძუძუმწოვართა სოროებს, ქარვად ქცეულ უძველეს ხეთა წებოს, რომელშიც ასევე ჩაჭედილი იყო მინის ბურთულები.

ერთ-ერთი მკვლევრის, ტიმოთი ბრალოუერის თქმით, ამ ძეგლზე აღმოჩენილი ყველა ნიშანი ჩისკულუბის შეჯახებაზე მიუთითებს. მათ შორის არის მინის ნამსხვრევები და დიდი ოდენობით ირიდიუმი. ნამარხი დეპოზიტების ამ გეოლოგიური შრის თავზე დომინირებს გვიმრები, რაც ეკოსისტემის აღდგენის ნიშანია.

1990-იან წლებში მეცნიერებმა ასტეროიდის დაცემის კვალი იპოვეს — უზარმაზარი კრატერი იუკატანის ნახევარკუნძულთან. დაცემის ადგილს ახლომდებარე მექსიკური ქალაქის, ჩისკულუბის სახელი უწოდეს. გაჩნდა ასტეროიდის „სიკვდილის მექანიზმის“ შესაძლო სცენარიც — პლანეტა მან მძიმე მეტალებით მოწამლა, ოკეანეში გაზარდა მჟავიანობა, დედამიწა ბნელ საბურველსა და გლობალური ცეცხლის ალში გაეხვა. დაიწყო ვულკანების ამოფრქვევა.

ჰელ-კრიკი ჩისკულუბის კრატერიდან 5000 კილომეტრზე მეტითაა დაშორებული. თუმცა, როგორც კვლევის ერთ-ერთი ავტორი ჯენ სმიტი აღნიშნავს, მინის ნამსხვრევები, იგივე ტექტიტი, იქ შეჯახების შემდეგ 15 წუთის განმავლობაში წვიმდა.

საკმაოდ კარგად არის შენახული ტალახში ჩაპრესილი თევზები. ბრალოუერის თქმით, ეს აღმოჩენა დაახლოებით იგივეა, რაც პომპეიში, ლავაში ჩამარხული ადამიანების პოვნა.

დინოზავრების დროს, ჰელ-კრიკის ძეგლის ზონა მდინარის ხეობა იყო. მდინარე ჩაედინებოდა შიდა ზღვაში, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებდა ჩრდილო-ყინულოვან ოკეანესა და პრეისტორიულ მექსიკის ყურეს. ასტეროიდის დაცემის შემდეგ, ამ ზღვაში წარმოიქმნა 10-11 მაგნიტუდის სიმძლავრის სეისმური ტალღები. შედეგად წარმოიქმნა არა ცუნამი, არამედ სეიშები — დიდი პერიოდის მქონე მდგრადი ტალღები, რომლებიც წარმოიქმნება მეტ-ნაკლებად დახშულ წყალსატევებში. ასეთი სეიშური ტალების მიზეზი შეიძლება იყოს ძალიან შორეული ბიძგები — დაახლოებით ისეთი, როგორც 2011 წელს, ნორვეგიის ფიორდებში წარმოიქმნა იაპონიის სიახლოვეს მომხდარი მიწისძვრის შემდეგ.

შიდა ზღვაში სეიშიც ტალღებმა 9 მეტრს მიაღწია და მდინარის ხეობას წყლისა და ქვიშის პულსებმა გადაუარა. ამას მოჰყვა ქანებისა და მინის ნამსხვრევების წვიმა. ციდან წამოსულმა მინის ბურთულებმა დანალექ ქანებში ძაბრებივით თხრილები დატოვა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ისინი მაშინ ცვიოდა, როცა ტალღები ჯერ კიდევ ბობოქრობდა.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დედამიწაზე ნამდვილი ჯოჯოხეთი იდგა, რომელი ჩვენმა პლანეტამ არც თუ ისე ადვილად მოიშუშა.

მომზადებულია The Washington Post-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი