დიდი დინოზავრების გადაშენება ასტეროიდის დაცემამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
დიდი დინოზავრების გადაშენება ასტეროიდის დაცემამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

მას შემდეგ, რაც პლანეტაზე 170 მილიონი წელიწადი იბატონეს, არამფრინავი დინოზავრები უცაბედად გააქრო 66 მილიონი წლის წინ იუკატანის ნახევარკუნძულის სიახლოვეს ჩამოვარდნილმა დიდმა ასტეროიდმა.

მისმა დაცემამ ეკოლოგიური განადგურების მთელი კასკადი გამოიწვია, ატმოსფეროში ასულმა ნარჩენებმა მაცოცხლებელი მზის სინათლე დააბნელა. დედამიწის ზედაპირზე ტემპერატურა დაეცა. ცხოველთა დიდი ნაწილი გაწყდა.

ასე ფიქრობდა პალეონტოლოგთა უმეტესობა.

მიუხედავად იმისა, რომ ცარცული პერიოდის ბოლოს ამ ასტეროიდის დაცემა საკამათო საკითხიც კი არ არის, პალეონტოლოგიურ საზოგადოებაში დებატები იმის შესახებ მიმდინარეობს, დინოზავრები უცბად ამოწყდნენ თუ თანდათანობით.

ზოგადად, გადაშენებები გარემოში გრძელვადიან არეულობათა პერიოდებს ემთხვევა, რომლებიც დიდწილად სუპერკონტინენტ ლავრაზიისა და გონდვანის რღვევის შედეგად დგებოდა. მასობრივი გადაშენების მოვლენაში მნიშვნელოვანი როლი შეიძლება ითამაშოს ზღვის დონის აწევამ, კლიმატის გაციებამ, ხმელეთზე ახალი ჰაბიტატის გავრცელებამ, მასიურმა ვულკანურმა აქტივობამ.

ამ დრომდე, ნამარხი მონაცემების ანალიზი არ მიუთითებდა დინოზავრის სახეობათა კლებას გადაშენებამდე. 2016 წელს ჩატარებულმა ფილოგენეტიკურმა კვლევამ უცაბედი გადაშენების იდეა ეჭვქვეშ დააყენა, მაგრამ ასეთი დასკვნა საკამათო აღმოჩნდა.

ნამარხები მტკიცებულების ძალიან რთული წყაროა; ამ კვლევის კრიტიკოსები მიუთითებდნენ დინოზავრების ნამარხებს შორის წყვეტებზე და შერჩევის მიკერძოებაზე, რასაც შეიძლება, სათანადოდ ვერ შეეფასებინა ცარცული პერიოდის დინოზავრთა გარკვეული სახეობები.

ამჯერად, ახალმა კვლევამ დამატებითი მტკიცებულება შესძინა ჰიპოთეზას იმის შესახებ, რომ არამფრინავი დინოზავრები უკვე გადაშენების პირას იყვნენ მისული, ვიდრე ასტეროიდის დაცემის შედეგად კატაკლიზმური მოვლენები დატრიალდებოდა.

ახალ კვლევას საფრანგეთის სამეცნიერო კვლევათა ეროვნული ცენტრის ფილოგენეტიკოსი ფაბიან კონდამენი ხელმძღვანელობდა. ჯგუფის წევრები აცხადებენ, რომ მონაცემთა ანალიზის მეთოდოლოგიური მიღწევების წყალობით, მათ მხედველობაში მიიღეს გარკვეული მიკერძოებები ნამარხ მონაცემებში, ისევე როგორც გაურკვევლობები ნამარხების ასაკთა შესახებ.

1600 დინოზავრის ნამარხის საფუძველზე, ჯგუფმა დინოზავრთა ექვსი ძირითადი სახეობის გადაშენების მაჩვენებლისა და სპეციფიკაციის შეფასება სცადა. ეს სახეობები იყო: ანკილოზავრიდები, ცერატოპსიდები (რქიანი დინოზავრები), ჰადროზავრიდები, დრომეოზავრიდები, ტროოდონტიდები და ტირანოზავრიდები.

ჯგუფმა დაადგინა, რომ არამფრინავ დინოზავრთა მრავალფეროვნებამ კლება დაახლოებით 76 მილიონი წლის წინ დაიწყო, იუკატანზე ასტეროიდის დაცემამდე 10 მილიონი წლით ადრე. მათი აზრით, ეს შემცირება დაკავშირებულია ძველი სახეობის გადაშენების მაჩვენებელთა ზრდასთან, რომლებსაც შეიძლება ევოლუციური სიახლეები აკლდათ და ვერ შეძლეს მუდამ ცვალებად გარემო პირობებთან შეგუება.

„კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ თბილი პერიოდები დინოზავრთა გამრავალფეროვნებას უწყობდა ხელს, ცივი პერიოდები კი გადაშენების მაჩვენებლის ზრდას“, — წერენ ავტორები.

ეკოლოგიური და ფიზიკური ფაქტორები ცარცული პერიოდის გვიანდელ პერიოდში დინოზავრთა სახეობების შემცირების გამომწვევად ცივ კლიმატზე მიანიშნებს. აციება გასაჭირს განსაკუთრებით დიდ დინოზავრებს უქმნიდა, რადგან ისინი თბილ კლიმატზე იყვნენ დამოკიდებული სხეულის სტაბილური ტემპერატურის შესანარჩუნებლად.

„აციებით გამოწვეული გადაშენების ფიზიოლოგიური ახსნას შეიძლება წარმოადგენდეს ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც, თუ დინოზავრებში სქესის განსაზღვრა ტემპერატურაზე იყო დამოკიდებული, როგორც ეს ნიანგებსა და კუებშია, ემბრიონებში სქესის ცვლილებას შეიძლება წვლილი შეეტანა მრავალფეროვნების კლებაში, რადგან ცარცული პერიოდის დასასრულს, გლობალურად გაბატონდა ცივი კლიმატი“, — წერს მკვლევართა ჯგუფი.

მკვლევრები ასევე მიუთითებენ დამატებით ფაქტორებზეც, მაგალითად, როგორ დაჩაგრეს ჰადროზავრებმა სხვა ბალახისმჭამელები — მათი კბილებიდან ჩანს, რომ გაცილებით ბევრნაირი მცენარის ჭამა შეეძლოთ, ვიდრე სხვა კონკურენტებს. გამომდინარე იქიდან, რომ ბალახისმჭამელები კვების ჯაჭვში ურთიერთდამაკავშირებელ როლს ასრულებდნენ, მათი შემცირება შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდა დინოზავრთა სხვა რამდენიმე სახეობისთვისაც.

მოკლედ რომ ვთქვათ, ახალი კვლევის მონაცემები გვთავაზობს, რომ დინოზავრთა საბოლოო გადაშენება მხოლოდ დიდი ასტეროიდის დაცემასთან არ უნდა იყოს დაკავშირებული.

კვლევა ზუსტად არ მიუთითებს იმ ზუსტ ეკოლოგიურ მექანიზმებზე, რომლებიც თან ახლდა გლობალური აციების ეფექტებს დინოზავრთა სახეობების კლებაზე, მაგრამ მხარს უჭერს იდეას, რომ გარემოს გრძელვადიანმა ცვლილებებმა არამფრინავი დინოზავრები გადაშენებისკენ ჯერ კიდევ იქამდე წაიყვანა, ვიდრე მათ საბოლოოდ მოუღებდა მშობლიურ პლანეტას დაცემული გიგანტური ასტეროიდი.

კვლევა ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.