ერთ დროს, ანტარქტიდა მწვანე და აყვავებული მიწა იყო, პრეისტორიული სიცოცხლით გადავსებული. ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ კილომეტრობით სისქის ყინულის ქვეშ, დღემდე ჩამარხულია უძველესი ლანდშაფტი, რომელიც ადამიანის თვალს არასოდეს უნახავს.
არასოდეს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის ჩვენთვის სამუდამოდ უცნობი იქნებოდა. უკვე წლებია, ბრიტანეთის ანტარქტიკული კვლევის პროგრამა სამხრეთის ყინულოვანი კონტინენტის თავზე სპეციალური საჰაერო ხომალდებით ახორციელებს გადაფრენებს; იყენებენ რადარებს, ბგერის ტალღებსა და გრავიტაციულ რუკებს, რათა დაადგინონ კონტინენტის ქვენაფენი ქანების ფორმა.
მათ მიერ შექმნილი ანტარქტიდის ყინულქვეშეთის რუკა ამ დროისათვის ყველაზე დეტალურია — დატანილია მთის ქედები, უძველეს მდინარეთა კალაპოტები, ღრმა აუზები და დაბალი, ვრცელი ვაკეები.
მკვლევართა ჯგუფის განცხადებით, ეს რუკა მეცნიერებს უმნიშვნელოვანეს ცნობებს მიაწვდის, რათა დაადგინონ ის კომპლექსური ურთიერთქმედება, რაც ანტარქტიდის მიწასა და ყინულს შორის მიმდინარეობს კლიმატის ცვლილების გამო ამ კონტინენტის ცვლილების პირობებში. მკვლევართა ჯგუფს გლაციოლოგი ჰემიშ პრიტჩარდი ხელმძღვანელობდა.

„ეს გახლავთ ფუნდამენტური ინფორმაცია რომელიც ეფუძნება ჩვენ მიერ გამოყენებულ კომპიუტერულ მოდელებს; ვარკვევდით, როგორ გაგრძელდება კონტინენტზე ყინულის დინება ტემპერატურის მატებასთან ერთად. წარმოიდგინეთ წებოვანი სიროფი მიწის ნამცხვარზე — ყველა ნახვრეტი, ამონაშვერი განსაზღვრავს სად და რა სისწრაფით წავა სიროფი. ასეა ანტარქტიდის შემთხვევაშიც: ზოგიერთი ქედი ყინულის დინებას შეაკავებს, ღრუებსა და გლუვ ნაჭრებში კი ყინულის მოძრაობა აჩქარდება“, — ამბობს პიტჩარდი.
თუკი ანტარქტიდიდან 27 მილიონ კუბურ კილომეტრ ყინულის საფარს მოხსნი, როგორი დარჩება კონტინენტი? რანაირი უძველესი გეოლოგია იმალება ქვეშ? რა ისტორიაა იქ შემორჩენილი?
არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ამის გარკვევის ძალიან მცირე გზები გვქონდა. ახლა კი შეგვიძლია თვითმფრინავებისა და თანამგზავრების მგრძნობიარე ინსტრუმენტებით გავზომოთ ის, რასაც ვერ ვხედავთ. სწორედ ეს გააკეთა ბრიტანეთის ანტარქტიკულმა კვლევამ — მრავალი ახალი დეტალი და მონაცემი შემატა ანტარქტიდის ყინულქვეშეთის რუკას, რომელზეც ისინი უკვე ექვსი ათეული წელია მუშაობენ.
ანტარქტიდის მალული ლანდშაფტის უახლესი რუკა, სახელად Bedmap3, შედგება თვითმფრინავების, თანამგზავრების, გემებისა და ველზე შეგროვებული მონაცემებისგან. რუკის შესავსებად გამოიყენეს ყინულის სისქის 277 კვლევა, რომლებიც მონაცემთა 82 მილიონ წერტილში შეიტანეს, რამაც წინა რუკაში არსებული უზარმაზარი ნაპრალები ამოავსო.

ერთ-ერთი ასეთი ნაპრალი იყო წერტილი, რომელშიც ანტარქტიდის ყინული ყველაზე დიდ სისქეს აღწევს. წინა კვლევებით ეს ადელის მიწაზე, ასტროლაბის აუზი იყო.
თუმცა, ახალი რუკა ცხადყოფს, რომ ნამდვილი პოზიციაა სამხრეთის 76.052 გრადუსზე და აღმოსავლეთის 118.378 გრადუსზე, სადაც უსახელო კანიონი წარმოქმნის 4757 მეტრის სისქის ყინულს.

ყინულის სისქის მონიტორინგი განსაკუთრებით ნაკლებად ჩატარდა მთების, სანაპირო ხაზების და ნუნატაკების (თხელ ყინულსაფარში ამოშვერილი იზოლირებული კლდოვანი პიკი, თხემი ან ბორცვი) გარშემო. Bedmap3-მა გამოკვეთა რეგიონები თავად სამხრეთ პოლუსის გარშემო, ანტარქტიდის ნახევარკუნძულისა და დასავლეთ ანტარქტიდის სანაპირო ხაზის გასწვრივ, ასევე ტრანსანტარქტიკულ მთებში.
ცნობილია, რამდენად მაღლა ადის ზღვის დონიდან ანტარქტიდის ყინულის საფარი. შედარებით მარტივია ღია ცის ქვეშ არსებული მასის ტოპოგრაფიის რუკაზე დატანა. ყინულის ფსკერის ფორმის უფრო ზუსტი რუკის შექმნით, პიტჩარდმა და მისმა კოლეგებმა უფრო ზუსტად უნდა შეძლონ იქ არსებული ყინულის რაოდენობის გაანგარიშება.
ყინულის ჯამური მოცულობა 27,17 მილიონი კუბური კილომეტრია და 13,63 კვადრატულ კილომეტრს ფარავს. ყინულის საშუალო სისქე ყინულის შელფებიანად არის 1948 მეტრი, შელფების გარეშე კი 2148 მეტრი.
ანტარქტიკის მთელი ყინული რომ გადნეს, ზღვის დონე 58 მეტრით აიწევს. ეს მაჩვენებელი შესაბამისობაშია წინა კვლევასთან, მაგრამ რამდენიმე შესწორებით.
„ზოგადად, აშკარა ხდება, რომ ანტარქტიკის ყინულის საფარი იმაზე სქელია, ვიდრე თავიდან გვეგონა და აქვს ყინულის უფრო დიდი მოცულობა, რომელიც განთავსებულია ქვენაფენ ქანზე, ზღვის დონეზე დაბლა“, — ამბობს ბრიტანეთის ანტარქტიკული კვლევის პროგრამის კარტოგრაფი პიტერ ფრიტუელი.
მისი განცხადებით, სწორედ ამიტომ, ყინული დნობის უფრო დიდი რისკის ქვეშაა, რადგან ხდება ოკეანის თბილი წყლის შედინება. Bedmap3 აჩვენებს, რომ ანტარქტიკა იმაზე ცოტათი მეტად მოწყვლადია, ვიდრე აქამდე გვეგონა.
კვლევა Scientific Data-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია bas.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.


