ოკეანის ფსკერის სიღრმიდან აღებულ კაშკაშა ცისფერ ვულკანურ ტალახში სიცოცხლის უცნაური ნიშნები აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
წყნარი ოკეანის ფსკერზე, საოცრად ლურჯ, წებოვან ვულკანურ ნივთიერებაში აღმოაჩინეს ბიოხელწერები, რომლებმაც შეიძლება მინიშნება მოგვცეს სიცოცხლის წარმოშობის შესახებ.
მარიანას ღრმულის სიახლოვეს, 3000 მეტრის სიღრმეზე მდებარე ტალახის ვულკანებიდან აღებული ამ უცნაური ფერების დანალექის ნიმუშები შეიცავს უცნობი ცოცხალი ორგანიზმების ცხიმებს.
ეს ბლანტი ნივთიერება საკვები ნივთიერებებით მწირია, აქვს უკიდურესად მაღალი მჟავიანობა (pH 12) — ყველაზე მაღალი ბუნებრივ ეკოსისტემებში აღრიცხულთა შორის და კონტაქტის შემთხვევაში, კანს მძიმედ დაგწვავდათ. მიუხედავად ამისა, მკვლევრებმა დაადასტურეს, რომ მასში მაინც ბინადრობს ზოგიერთი ექსტრემოფილი მიკრობი.
„უბრალოდ გასაოცარია ასეთ მიკრობულ ჰაბიტატში შეხედვა, რადგან ვეჭვობთ, რომ პირველყოფილი სიცოცხლე ზუსტად ასეთ ადგილებში უნდა გაჩენილიყო. ამ აღმოჩენაში ყველაზე მომაჯადოებელი ის არის, რომ ასეთ ექსტრემალურ გარემოში, როგორიც არის მაღალი pH და ორგანული ნახშირბადის დაბალი კონცენტრაცია, სიცოცხლე მაინც შესაძლებელია“, — ამბობს ბრემენის უნივერსიტეტის ორგანული გეოქიმიკოსი ფლორენს შუბოცი.
ბრემენის უნივერსიტეტის დედამიწის მეცნიერმა პალაშ კუმავატმა და მისმა კოლეგებმა შეისწავლეს 2022 წელს ტალახის ვულკანური დანალექებიდან აღებული ცხრა ნიმუშიდან ორი.
ვულკან პაკმანიდან აღებული ნიმუშების ფსკერის სექცია ძირითადად შედგება სერპანტინიტისგან, ცოტაა ბრუციტიც; ზემოთ არსებული ზღვის წყალი დიდწილად არ ხვდება, რაც მას საოცარი ფერის შენარჩუნებაში ეხმარება.

თავთხელ სიღრმეებზე, ოკეანის ფსკერიდან ამოსულ ტალახთან უფრო ახლოს, ვულკანური დანალექები ფერმკრთალდება და ღია მოსიცფრო-მომწვანო ხდება, ბრუციტი კი მარილწყალშია გახსნილი.
სერპანტინიტის შრეებში, კუმავატმა და მისმა ჯგუფმა დააფიქსირა ბაქტერიული და არქეული უჯრედის მემბრანის ცხიმები — მიკრობების, რომლებიც ძლიერ ტუტე პირობებისგან დაცვის პირველ ხაზზე იმყოფებიან.
მკვლევართა განმარტებით, ცხიმების ძირითადად ხელუხლებელი მდგომარეობა მიუთითებს, რომ მიკრობთა მრავალი საზოგადოება ამჟამად ამ ექსტრემალურ პირობებში ირჩენენ თავს. მოლეკულებმა ასევე აჩვენა მკვეთრი ცვლილება ორგანიზმთა ტიპებში ოკეანის ფსკერის პელაგიურ ნალექსა და სერპენტინიტის ტალახს შორის.
სერპანტინიტები ცნობილია იმით, რომ ეხმარება ქემოსინთეზურ სიცოცხლეს საკვები ნივთიერებებით მწირ სხვა გარემოში ოკეანის ფსკერზე; ამჯერად, კუმავატმა და მისმა კოლეგებმა დაადასტურეს, რომ ეს შეიძლება მოხდეს უფრო ღრმა და მკვრივ სერპანტინიტურ ტალახშიც.
თუკი მცენარეები ენერგიას ფოტოსინთეზის მეშვეობით გამოიმუშავებენ, ეს მიკრობები ამას მეთანით ახერხებენ — მოიხმარენ სულფატს, რომელიც წარმოქმნის კოროზიულ წყალბადის სულფიდს.
„ამ დრომდე, ამ სისტემაში მეთანის წარმომქმნელი მიკროორგანიზმების არსებობა სავარაუდო კი იყო, მაგრამ არ იყო პირდაპირ დადასტურებული“, — ამბობს შუბოცი.
მეცნიერთა შეფასებით, ზღვის ფსკერის ქვეშ არსებული სიცოცხლე დედამიწის ბიომასის დაახლოებით 15 პროცენტს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს დედამიწის საკვებ ნივთიერებათა ციკლში. თუმცა, მის შესახებ ძალიან ცოტა რამ ვიცით.
ამიტომ, კუმავატს და მის ჯგუფს ამ ექსტრემოფილთა უკეთესად შესწავლა სურთ, რათა ნახონ, რა შეუძლიათ გვითხრან სიცოცხლის აღმოცენების შესახებ პლანეტაზე, რომლის გარემოც ახლოსაც კი არ იყო იმასთან, რაც დღესაა დედამიწაზე.
კვლევა Communications Earth & Environment-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია marum.de-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.