როგორი მარტონი ვართ სამყაროში - დედამიწისა და მთვარის ახალი ფოტო 5 მლნ კმ მანძილიდან
როგორი მარტონი ვართ სამყაროში - დედამიწისა და მთვარის ახალი ფოტო 5 მლნ კმ მანძილიდან

ასტეროიდ ბენუსკენ მიმავალმა NASA-ს ზონდმა OSIRIS-REx-მა დედამიწა უკვე კარგად შორს მოიტოვა.

სექტემბერში, ხომალდმა დედამიწას კიდევ ერთი წრე შემოარტყა, რათა უკანასკნელი აჩქარება მიეღო, რომელმაც ის დანიშნულების ადგილისკენ გატყორცნა; ამის შემდეგ, როდესაც ზონდი დაიძრა, მშობლიურ პლანეტას ეს გამოსამშვიდობებელი ფოტო გადაუღო.

2017 წლის 2 ოქტომბერს გადაღებული ფოტო NASA-ს დედამიწის ობსერვატორიამ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა. სურათზე ასახულია ერთმანეთისგან 384 400 კილომეტრით დაშორებული, ორბიტაზე ჩაჭედილი და თვალუწვდენელი სივრცით განცალკევებული დედამიწა და მთვარე.

„უმაღლეს ფილოსოფიურ დონეზე, OSIRIS-REx-ი არის მისია, რომელმაც უნდა გაარკვიოს, თუ საიდან მოვდივართ, რადგან ასტეროიდები ჩვენი მზის სისტემის ფორმაციის ნარჩენებია“, — წერს NASA-ს დედამიწის ობსერვატორია.

„მიუხედავად იმისა, რომ ამ ხომალდმა შეიძლება რაღაც გვითხრას იმასთან დაკავშირებით, თუ საიდან მოვდივართ და საით მივემართებით, ასევე შეგვახსენებს ჩვენს ამჟამინდელ ადგილსამყოფელს“.

ანდაც, როგორც სახელგანთქმული კარლ სეიგანი წერდა ჩვენი მკრთალი ლურჯი წერტილის შესახებ: „ყველაფერი აქაა. ეს სამშობლოა. ჩვენ აქ ვართ“.

მთვარე დედამიწასთან იმაზე უფრო ახლოს ჩანს, ვიდრე სინამდვილეშია, რადგან სამმა სხეულმა ვერ წარმოქმნა ტოლფერდა სამკუთხედი — მთვარე შორსაა, შესაბამისად, წარმოსახვითი ხაზი მთვარესა და დედამიწას შორის, OSIRIS-REx-ის პერსპექტივიდან კუთხეშია.

OSIRIS-REx-მა ფოტო გადაიღო თავის ინსტრუმენტ MapCam-ით, დედამიწიდან 3,18 მლნ და მთვარიდან 5,42 მლნ ლილომეტრის მანძილიდან.

ვინც შენიშნეთ, გეტყვით, თუ რატომ არ ჩანს ფოტოზე ვარსკვლავები. ვარსკვლავები სინამდვილეში ძალიან მკრთალია; სწორედ ამიტომ ვერ ხედავთ მათ დღისით და ზუსტად ამიტომ ვხედავთ ძალიან ცოტა მათგანს ღამითაც, კარგად განათებულ ქალაქებში.

ფოტო გადაღებულია დედამიწის დღის მხრიდან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საკმაო სიკაშკაშის გამო არ გამოჩნდა მის მიღმა არსებული არც ერთი ვარსკვლავი.

ამ სურათის შესადგენად გამოიყენეს სამი ფოტო. დედამიწა იმდენად კაშკაშაა, რომ იმისათვის, რათა მთვარე უფრო ხილვადი გამხდარიყო, საჭირო გახდა მისი გადანათება.

ხომალდი OSIRIS-REx-ი ახლა ჩვენგან გაცილებით შორსაა და მიემართება ასტეროიდ ბენუსკენ, რომელთანაც აგვისტოში პაემანი აქვს დანიშნული. ეს ასტეროიდი მზის გარშემო ორბიტაზე მოძრაობს; მისი გზა ხანდახან კვეთს დედამიწისას, მაგრამ ჩვენგან მაინც საკმაოდ შორსაა.

მას შემდეგ, რაც ზონდი ნახშირბადით მდიდარ ასტეროიდთან მიაღწევს, დაიწყებს მისიის შესრულებას — მონაცემებისა და ნიმუშების აღებას, შემდეგ კი უკან, დედამიწისკენ გამობრუნდება, თუმცა მშობლიურ პლანეტაზე მხოლოდ 2023 წელს დაბრუნდება.

ახლა კი, თუ დედამიწის ასე მარტოობის ანტიდოტის ხილვა გსურთ, კარგად დააკვირდით ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებულ Deep Fields ფოტოებს, სადაც სინათლის თითოეული ნაწილაკი მთელ გალაქტიკას ასახავს.

მომზადებულია earthobservatory.nasa.gov-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით