NASA ახალ ამბიციური მისიას იწყებს - ტიტანი თუ კომეტა ჩურიმოვ-გერასიმენკო
NASA ახალ ამბიციური მისიას იწყებს - ტიტანი თუ კომეტა ჩურიმოვ-გერასიმენკო

NASA-ს უახლესი მისია ან სატურნის მთვარე ტიტანის ზედაპირისკენ გაემართება, ან მზის სისტემის ერთ-ერთი განსაკუთრებული კომეტის ბირთვიდან შეაგროვებს ნიმუშებს.

საშუალო დონის პლანეტარული მეცნიერებების მხარდამჭერ პროგრამა New Frontiers-ის ფარგლებში, 12 მისიის შეთავაზება შევიდა, საიდანაც NASA-მ ორი ფინალისტი შეარჩია.

პირველი მისია, სახელად Dragonfly (ნემსიყლაპია) უპრეცედენტო იქნება, რომლის ფარგლებშიც რობოტი გაიგზავნება სხვა პლანეტის მთვარეზე. კვადკოპტერი აღიჭურვება ორგანული მოლეკულების მაიდენტიფიცირებელი ინსტრუმენტებით. გადაუფრენს სატურნის მთვარე ტიტანის მრავალ ადგილს, ერთმანეთისგან ასობით კილომეტრით დაშორებულს და შეისწავლის მის ზედაპირს.

სატურნის ეს დიდი, ცივი მთვარე გამოირჩევა სქელი ატმოსფეროთი და თხევადი მეთანის მდინარეებითა და ტბებით. მეცნიერები ასევე დარწმუნებულნი არიან, რომ ტიტანის გაყინული ქერქის ქვეშ წყლის ოკეანეც იმალება.

„ეს გახლავთ გარემო, რომლის შესახებაც ვიცით, რომ აქვს სიცოცხლისთვის საჭირო ინგრედიენტები. Dragonfly-ის საშუალებით, გავიგებთ თუ რამდენად შორს წავიდა იქ პრებიოტური ქიმიის პროგრესი“, — ამბობს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევარი ელიზაბეთ ტარტლი.

რაც შეეხება მეორეს, ესაა კომეტის ასტრობიოლოგიური კვლევის ნიმუშების ჩამოტანის მისია (Comet Astrobiology Exploration SAmple Return იგივე CAESAR), რომელიც გაემგზავრება კომეტა 67P/ჩურიმოვ-გერასიმენკოზე, რომელსაც 2014-2014 წლებში უკვე სტუმრობდა ევროპის კოსმოსური სააგენტოს ხომალდი „როზეტა“.

ფუძიამის მთის ზომის კოსმოსურ კლდესთან სტუმრობის შემდეგ, CAESAR-ი მისი ზედაპირიდან ნიმუშებს აიღებს და უკან, დედამიწაზე წამოიღებს; სამშობლოში ის 2038 წელს დაბრუნდება.

კომეტის ნიმუშები NASA-ს აქამდეც აუღია; მისია Stardust-მა შეაგროვა კომეტის გარე საბურველის, ე. წ. კუდის (კომა) ნიმუშები. მაგრამ ეს იქნება პირველი მისია, რომელიც კომეტის ყინულოვანი ზედაპირის ნივთიერებებს ჩამოიტანს.

„კომეტები ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამეცნიერო მნიშვნელობის ობიექტებია მთელ მზის სისტემაში, მაგრამ ამავე დროს, ისინი ყველაზე ცუდადაა შესწავლილი“, — ამბობს მისიის მთავარი მკვლევარი კორნელის უნივერსიტეტიდან, სტივ სკუირესი.

მეცნიერებს სჯერათ, რომ ადრეულ დედამიწაზე, სწორედ კომეტებმა მოიტანეს წყალი და ორგანული მოლეკულები, რამაც თავის მხრივ, საკუთარი წვლილი შეიტანა სიცოცხლის აღმოცენებაში.

67P/ჩურიმოვ-გერასიმენკოს ზედაპირის ნიმუშებში ასევე იქნება „აქროლადი“ მოლეკულები, რომლებიც ადვილად გარდაიქმნებიან გაზებად, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვთ სხეულის წარმოშობისა და ისტორიის გასარკვევად.

ამ ორი კონცეფციის შერჩევის შესახებ NASA-მ რამდენიმე დღის წინ, პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამის შემდეგ, მისიები კონცეპტიდან უკვე შესწავლის ფაზაში შევა, როცა მასში ჩართულ მეცნიერებს უკვე შეეძლებათ თავიანთ შეთავაზებათა შემდგომი განვითარება.

საბოლოო შერჩევა 2019 წლის ივლისში მოხდება, როცა გადაწყდება, თუ რომელი ხომალდი გაეშვება დაახლოებით 2025 წლისთვის.

პროგრამა New Frontiers-ის ფარგლებში მიღებულ შეთავაზებათა შორის ასევე იყო მისიები სატურნისა და ვენერას შესასწავლად, იუპიტერისა ასტეროიდების საკვლევად, ზონდის გაგზავნა სატურნის კიდევ ერთ მთვარეზე — ენცელადზე, რომელიც არამიწიერი სიცოცხლის არსებობის კიდევ ერთი საუკეთესო კანდიდატია.

ეს ორი შეთავაზება ასევე შეირჩა სამომავლო ტექნოლოგიური განვითარებისთვის; იგულისხმება მისია „ენცელადის სიცოცხლის მძებნელი“, რომელიც ბიოლოგიურ აქტივობათა ნიშნებს მოძებნის სატურნის ამ მთვარიდან ამოტყორცნილ გეიზერებში, ასევე მისია ვენერაზე, რომელიც NASA-ს პირველი მისია იქნება ბოლო 30 წლის მანძილზე ვენერას სიღრმისეულად შესასწავლად.

New Frontiers-ის ფარგლებში უკვე გაშვებულია NASA-ს სამი მისია: New Horizons-ი, რომელმაც 2015 წელს პლუტონს გადაუფრინა; ჯუნო, რომელიც იუპიტერის გარშემო მოძრაობს და OSIRIS REx-ი — ხომალდი, რომელიც ასტეროიდ ბენუსკენ მიემართება და 2023 წლის სექტემბერში, დედამიწაზე ჩამოიტანს მისი ზედაპირის ნიმუშებს.

მომზადებულია nasa.gov-ისა და The Washington Post-ის მიხედვით