სატურნის თანამგზავრ ტიტანს შეიძლება სულაც არ ჰქონდეს ზედაპირქვეშა გლობალური ოკეანე — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
სატურნის თანამგზავრ ტიტანს შეიძლება სულაც არ ჰქონდეს ზედაპირქვეშა გლობალური ოკეანე — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

სატურნის ყველაზე დიდ თანამგზავრს, ტიტანს, შეიძლება საერთოდაც არ ჰქონდეს ზედაპირქვეშა ოკეანე.

ამას მიუთითებს NASA-ს ხომალდ „კასინის“ მიერ შეგროვებული მონაცემების ხელახლა შესწავლა; კასინი სატურნის სისტემაში 2004 წელს მივიდა და მას შემდეგ, ტიტანს მრავალჯერ გადაუფრინა თავზე. 2008 წლისთვის, ყველა მტკიცებულება მიუთითებდა, რომ ტიტანის გეოლოგიურად კომპლექსური ქერქის ქვეშ იმალებოდა თხევადი წყლის ოკეანე.

თუმცა, უახლესი ანალიზების თანახმად, ტიტანის წიაღი უფრო უნდა შედგებოდეს ყინულისა და ტალახისგან, მაგრამ ასევე უნდა იყოს თბილი წყლის ჯიბეები, რომლებიც ბირთვიდან ზედაპირზე ციკლურად მოძრაობენ.

ეს დასკვნა ხელახლა წერს მზის სისტემის ერთ-ერთი ყველაზე დამაინტრიგებელი პლანეტური სხეულის გეოლოგიურ ამბავს, თანაც უკვე არსებული მონაცემების ხელახალი ანალიზით.

„ეს კვლევა ხაზს უსვამს პლანეტარული მეცნიერების საარქივო მონაცემების ძალას. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ამ საოცარი ხომალდის მიერ შეგროვებული მონაცემები დღემდე ცოცხალია და შესაბამისად, მასში აღმოჩენები მომდევნო წლებსა და ათწლეულებშიც შეიძლება გაკეთდეს, მონაცემთა ანალიზის მეთოდების დახვეწასთან ერთად. ეს არის საჩუქარი, რომელიც მუდმივად გვეძლევა“, — ამბობს NASA-ს რეაქტიულ ძრავთა ლაბორატორიის (JPL) მკვლევარი ჯული კასტილიო-როხესი.

2008 წელს, ზედაპირქვეშა ოკეანის მტკიცებულება მოქცევითი მოხრის გაზომვებით გაჩნდა. ვინაიდან ტიტანი სატურნის გარშემო მოძრაობს, გაზის გიგანტი მას ექაჩება, ჭიმავს და კუმშავს, ამახინჯებს მის ფორმას და შესაბამისად, მის გრავიტაციულ ველსაც.

გადაფრენების დროს, კასინი ასეთ შეშფოთებებს „გრძნობდა“. გრავიტაციული ცვლილებები გავლენას ახდენდა ხომალდის სიჩქარეზე და ამის შეფასება მეცნიერებს შეეძლოთ კასინისა და დედამიწას შორის რადიოსიგნალების დოპლერის წანაცვლების გაზომვით.

მაშინ შედგა კონსენსუსი, რომ მოქცევითი ეფექტები იმდენად ძლიერი იყო, რომ მათ მიერ წარმოქმნილ სითბოს უნდა შეენარჩუნებინა წიაღის თხევადი ოკეანე — და ეს თხევადი ოკეანე თავის მხრივ უზრუნველყოფდა უფრო მეტ მოქნილობას, ვიდრე მყარი, ყინულოვანი წიაღი.

2025 წლის 17 დეკემბერს გამოქვეყნებულ ახალ ანალიზებში წარმოდგენილია ტიტანის მოქნილობის ალტერნატიული ახსნა — ყინულისა და წყლის ბლანტი ნაზავის ფორმით, ვიდრე უბრალოდ წყალი.

ამ სცენარით, მკვლევრები ტიტანის გრავიტაციულ ველში უნდა ელოდნენ ენერგიის უფრო დიდ გაფანტვას; სწორედ ეს ნახეს NASA-ს მკვლევრებმა, როდესაც კასინის დოპლერის მონაცემებს ახალი მეთოდით მოაცილეს „ხმაური“. ბლანტი ყინული ტიტანს მაინც აძლევს მოქნილობის საშუალებას, მაგრამ ასევე შთანთქავს გარკვეულ სითბოს, რაც შეუძლებელს ხდის მის მთლიანად თხევად ოკეანედ გადნობას.

იმ მეცნიერთათვის, რომლებსაც ტიტანზე ორგანული სიცოცხლის ნიშნების პოვნა აინტერესებთ, ახალი შედეგები აუცილებლად კატასტროფას არ ნიშნავს. უფრო მეტიც, მიუთითებს ციკლზე, რომელშიც კლდოვანი ბირთვის სიახლოვეს თბილი წყლის ჯიბეები ზედაპირისკენ ციკლირებს და თან მოაქვს სასიცოცხლო მინერალები ნახშირწყალბადებით მდიდარ ქერქზე.

„მიუხედავად იმისა, რომ ტიტანს შეიძლება გლობალური ოკეანე არ ჰქონდეს, ეს არ გამორიცხავს სიცოცხლის საბაზისო ფორმების არსებობის პოტენციალს, იმას, რომ ტიტანზე შეიძლება სიცოცხლე აღმოცენდა. უფრო მეტიც, ვფიქრობ, ეს ტიტანს უფრო მეტად საინტერესოს ხდის. ჩვენი ანალიზები აჩვენებს, რომ იქ უნდა იყოს თხევადი წყლის ჯიბეები, შესაძლოა 20 გრადუსი ცელსიუსის ტემპერატურის, საკვები ნივთიერებები ციკლურად ამოდის ტიტანის კლდოვანი ბირთვიდან ზედაპირზე, გზად კი გამოივლის მაღალი წნევის ყინულის ბლანტ ფენებს“, — ამბობს JPL-ის მკვლევარი ფლავიო პეტრიკა.

სავარაუდოდ, ტიტანი ყურადღების ცენტრში დარჩება უახლოეს მომავალში. სქელი ატმოსფეროთი და მეთანის ვრცელი ტბებით ზედაპირზე, ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სხეულია მზის სისტემაში. NASA-ს მომავალი მისია Dragonfly ტიტანზე 2028 წელს გაეშვება.

კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია jpl.nasa.gov-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.