მკვდარ ზღვასთან აღმოაჩინეს იშვიათი მინერალი, რომელიც აქამდე მხოლოდ მეტეორიტებში გვხვდებოდა — #1tvმეცნიერება
მკვდარ ზღვასთან აღმოაჩინეს იშვიათი მინერალი, რომელიც აქამდე მხოლოდ მეტეორიტებში გვხვდებოდა — #1tvმეცნიერება

უიშვიათესი მინერალი, რომელიც აქამდე მხოლოდ არამიწიერი წარმოშობის მეტეორიტებში იყო დაფიქსირებული, პირველად აღმოაჩინეს დედამიწის საკუთარ ქანებში, მკვდარი ზღვის ნაპირების სიახლოვეს, დანალექოვან ფორმაციაში.

ფოსფიდი მინერალი, სახელად ალაბოგდანიტი, ჯერ კიდევ ოცი წლის წინ მეცნიერებისთვის უცნობი იყო, ვიდრე რუსეთში, აღმოსავლეთ იაკუტიაში, მდინარის ნაპირზე ჩამოვარდნილ რკინის პატარა მეტეორიტის ფრაგმენტებს აღმოაჩენდნენ.

ფრაგმენტების ნიმუშებში მოგვიანებით მიაგნეს ახალი მინერალის სტრუქტურას, რომელიც მეტეორიტის პლესიტ მიქსტურაში კრისტალების თხელი შრეების სახით იყო წარმოდგენილი. აღმომჩენებმა მას რუსი გეოლოგის, ალა ბოგდანოვას სახელი უწოდეს.

ამის შემდეგ, ალაბოგდანიტი სხვა მეტეორიტებშიც იპოვეს, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ ეს იშვიათი მინერალი არც ისე იშვიათია, როგორც თავიდან ეგონათ.

მიუხედავად ამისა, ის მაინც განსაკუთრებული რჩებოდა იმიტომ, რომ მხოლოდ ციდან ჩამოცვენილ ქანებში გვხვდებოდა; ახლა კი ირკვევა, რომ ალაბოგდანიტს დედამიწისეული წარმოშობაც აქვს, რის შესახებაც არაფერი ვიცოდით.

ახლახან, ალაბოგდანიტი მეცნიერებმა ისრაელში, მკვდარი ზღვის სამხრეთ-დასავლეთით, ნეგევის უდაბნოში აღმოაჩინეს.

„მკვდარი ზღვის აუზში ზედაპირულ პირომეტამორფულ ქანებში მაღალი წნევის პოლიმორფ (Fe,Ni)2P-ის, იგივე ალაბოგდანიტის აღმოჩენა წარმოადგენს პირველ მტკიცებულებას, რომ ეს მინერალი, რომელიც აქამდე მხოლოდ მეტეორიტებში გვხვდებოდა, დედამიწაზეც წარმოიქმნება“, — წერენ მკვლევრები.

მკვლევართა განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მკვდარი ზღვის ალაბოგდანიტი შეიძლება გარე კოსმოსიდან არ იყოს მოსული, მაინც რჩება იმის შესაძლებლობა, რომ ის რაღაც არამიწიერი მოვლენის შედეგად არის წარმოქმნილი.

მკვდარ ზღვასთან აღმოჩენილი ნიმუშის ანალიზები მიუთითებს, რომ ეს დედამიწისეული ალაბოგდანიტი წარმოიქმნება მხოლოდ უკიდურესად ძლიერი, 25 გიგაპასკალი წნევის ქვეშ.

„ასეთი მაღალი წნევა დედამიწაზე მხოლოდ კატასტროფული შეჯახებებისას, მოზრდილი მეტეორიტული დარტყმებისას ჩნდება, ანდაც დედამიწის მანტიაში, 500 კმ სიღრმეში“, — ამბობს კვლევის ავტორი, სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის კრისტალოგრაფი სერგეი ბრიტვინი.

ვინაიდან ამ რეგიონში მოზრდილ მეტეორიტთა დაცემის მტკიცებულება არ არსებობს, არ არის არც იმის ნიშნები, რომ იქ არსებულ ქანებს რაიმე დიდი კავშირი აქვს დედამიწის მანტიასთან, უცნობია, როგორ გაჩნდა იქ ეს დედამიწისეული ალაბოგდანიტი.

თუ ამ მინერალის დედამიწისეული წარმომავლობის ნიმუშებს სხვა ადგილებშიც ვიპოვით, შეიძლება ეს ამბავიც გაირკვეს. თუმცა, იქამდე რაიმეს გადაჭრით თქმა მკვლევართა ჯგუფს უჭრის.

კვლევა American Mineralogist-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.