ციმბირში ჩამოვარდნილ მეტეორიტში დედამიწაზე არარსებული მინერალი აღმოაჩინეს
ციმბირში ჩამოვარდნილ მეტეორიტში დედამიწაზე არარსებული მინერალი აღმოაჩინეს

მეცნიერებმა რამდენიმე წლის წინ ციმბირში ნაპოვნი მეტეორიტის კვლევა დაასრულეს. მოყვითალო ქვა 2016 წელს ოქროს მაძიებლებმა იპოვეს და იფიქრეს, რომ ის ძვირფას მეტალს შეიცავდა. მართალია, მათ იმედი გაუცრუვდათ, მაგრამ გაირკვა, რომ ქვა გაცილებით უფრო იშვიათ და ღირებულ რამეს შეიცავდა.

აღმოჩნდა, რომ ქვის ნამსხვრევი კოსმოსიდან არის მოსული და შეიცავს ახალ, ამ დრომდე უცნობ მინერალს.

ჯერჯერობით ოფიციალურად დოკუმენტირებული არ არის, მაგრამ მეცნიერებმა მას უაკიტიტი უწოდეს, ციმბირის უაკიტის რეგიონის პატივსაცემად, სადაც თავის დროზე ეს მეტეორიტი ჩამოვარდა.

ურალის ფედერალური უნივერსიტეტის, ნოვოსიბირსკის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტის მკვლევრებმა აღმოჩენა მოსკოვში, მეტეორიტული საზოგადოების ყოველწლიურ შეხვედრაზე წარადგინეს.

ახალი მინერალის შემცველობა უაკიტის მეტეორიტში მიკროსკოპულია. მეტეორიტი ძირითადად რკინისაა. შედგება 98 პროცენტი კამაციტისაგან, რომელიც წარმოადგენს რკინა-ნიკელის შენადნობს რკინის 90 პროცენტიანი წილით. დედამიწაზე ეს შენადნობი მხოლოდ მეტეორიტებში გვხვდება.

დანარჩენი ორი პროცენტი შედგება ათზე მეტი სხვადასხვა მინერალისაგან, რომელთა უმრავლესობაც ცნობილია, რომ მხოლოდ კოსმოსში წარმოიქმნება. შემადგენლობიდან გამომდინარე, მეტეორიტი წარმოქმნილი უნდა იყოს უკიდურესად ცხელ გარემოში, დაახლოებით 1000 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე.

აღნიშნულ ორ პროცენტში შედის უაკიტიტიც. მისი ჩართულობის ზომა მხოლოდ 5 მიკრომეტრია. შედარებისათვის, ადამიანის თმის საშუალო დიამეტრი 99 მიკრომეტრია, სისხლის ჯანმრთელი წითელი უჯრედი კი 6-8 მიკრომეტრი.

ასეთი პატარა ზომიდან გამომდინარე, მინერალის პირდაპირი ანალიზი შეუძლებელია.

„სამწუხაროდ, უაკიტიტის ზომა იმდენად პატარაა, რომ ვერ შევძელით მისი ყველა ფიზიკური და ოპტიკური მახასიათებლის გამოვლენა“, — წერენ მკვლევრები.

მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მათ ვერაფერი გაარკვიეს. მკვლევრებმა განსაზღვრეს, რომ უაკიტიტს გარკვეული სტრუქტურული მსგავსებები გააჩნია კოსმოსში გამოჭედილ ორ სხვა მინერალთან — კარლსბერგიტთან და ოსბორნიტთან (ტიტანის ნიტრიდი); ორივე მათგანი ნიტრიდია და შეიცავს აზოტს.

უაკიტიტის კრისტალების სტრუქტურული მონაცემების მისაღებად, მკვლევრებმა ელექტრონული უკანდაფანტულობის დიფრაქციის მეთოდი გამოიყენეს. მიღებული მონაცემები მოარგეს ვანადიუმის ნიტრიდის სახელით ცნობილი სინთეთიკური ნაერთის სტრუქტურულ მოდელს.

ამ მეთოდის წყალობით, მკვლევრებმა ახალი მინერალის ზოგიერთი ფიზიკური მახასიათებლის გარკვევა შეძლეს. თუკი ის ვანადიუმის ნიტრიდის მსგავსია, ღია რუხი შეფერილობისაა, არეკლილი სინათლე ოდნავ ვარდისფერ შეფერილობას აძლევს და მოოსის სკალის მიხედვით, სიმტკიცის მაჩვენებელი 9-10-ს შეადგენს.

ამ მაჩვენებლით, მისი სიმტკიცე სხვა ნიტრიდების მსგავსია, მაგრამ არ არის ისეთივე მყარი, როგორც ალმასი, რომელიც სიმტკიცის 10 მაჩვენებლით, მოოსის სკალის სათავეშია და წარმოადგენს ყველაზე მტკიცე მინერალს.

უაკიტიტის შესახებ მეტი დეტალის გასარკვევად, საჭიროა უფრო მოწინავე ტექნოლოგიები ან ისეთი მეტეორიტის პოვნა, რომელიც მას უფრო მეტი რაოდენობით შეიცავს.

მეცნიერთა შეფასებით, აღმოჩენა მართლაც საოცარია, რადგან კოსმოსიდან დედამიწაზე სრულიად ახალი მინერალები ყოველდღიურად ნამდვილად არ ცვივა.

კვლევის ხილვა შესაძლებელია აღნიშნულ ბმულზე.

მომზადებულია hou.usra.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი