3600 წლის წინ, ასტეროიდმა ახლო აღმოსავლეთში უძველესი ქალაქი გაანადგურა, რაც სავარაუდოდ, სოდომის ამბის შთაგონება გახდა — #1tvმეცნიერება
3600 წლის წინ, ასტეროიდმა ახლო აღმოსავლეთში უძველესი ქალაქი გაანადგურა, რაც სავარაუდოდ, სოდომის ამბის შთაგონება გახდა — #1tvმეცნიერება

დაახლოებით 3600 წლის წინ, ახლო აღმოსავლეთში, ამჟამად თალ-ელ-ჰამამის სახელით ცნობილი უძველესი ქალაქის მცხოვრებნი ერთ არაფრით გამორჩეულ დღეს ყოველდღიურ საქმიანობაში იყვნენ გართული და ვერც წარმოიდგენდნენ, რომ მათი ქალაქისკენ ციდან ყინულოვანი კოსმოსური ნამტვრევი მოქროდა, თანაც 61 000 კმ/სთ სიჩქარით.

უზარმაზარი კოსმოსური ლოდი მიწისპირიდან 4 კილომეტრის სიმაღლეზე, ატმოსფეროში აფეთქდა და დიდი ცეცხლოვანი ბურთი წარმოქმნა. დარტყმითი ტალღა იმაზე 1000-ჯერ ძლიერი იყო, ვიდრე ჰიროსიმაში ჩამოგდებული ატომური ბომბის შედეგად წარმოქმნილი.

შოკირებული ადამიანები, რომლებიც ამ მოვლენას უყურებდნენ, მყისიერად დაბრმავდნენ. ჰაერის ტემპერატურა 2000 გრადუს ცელსიუსამდე ავიდა. ტანსაცმელსა და ხეებს ცეცხლი მოედო. ხმლებმა, ისრებმა, აგურებმა და კერამიკამ გადნობა დაიწყო. თითქმის მაშინვე, მთელი ქალაქი ცეცხლში გაეხვია.

რამდენიმე წამში ქალაქს მასიურმა შოკურმა ტალღამ დაარტყა. ეს ტალღა 1200 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა და უფრო მძლავრი იყო, ვიდრე ოდესმე დაფიქსირებული ტორნადო. ქალაქში მომაკვდინებელი ქარი ატყდა და ყველა შენობა გააცამტვერა.

4-სართულიანი სასახლის ნანგრევები ქარმა იქვე მებარე ხეობაში გადაისროლა. ქალაქის 8000 მცხოვრებიდან არავინ გადარჩენილა, არც ცხოველები — მათი სხეულები მთლიანად დაიფლითა, ძვლები კი პატარა ფრაგმენტებად დანაწევრდა.

დაახლოებით ერთი წუთის შემდეგ, ქარმა თალ-ელ-ჰამამიდან 22 კილომეტრით დასავლეთით მდებარე ბიბლიურ ქალაქს, იერიქონს დაარტყა. იერიქონის კედლები ჩამოიქცა და ქალაქი ცეცხლის ალში გაეხვა.

ეს ყველაფერი თითქოს ჰოლივუდის რომელიმე აპოკალიფსურ ფილმს წააგავს. საიდან ვიცით, რომ ათასწლეულების წინ, ეს მოვლენა მართლაც მოხდა მკვდარი ზღვის სიახლოვეს, თანამედროვე იორდანიის ტერიტორიაზე?

ასობით მეცნიერის მიერ 15 წლის განმავლობაში წარმოებული გულმოდგინე, მუყაითი გათხრების შედეგად. გარდა ამისა, გათხრებისას მოპოვებულ მასალებს დეტალური ანალიზები 20-ზე მეტმა მეცნიერმა ჩაუტარა აშშ-ის 10 შტატში, კანადასა და ჩეხეთში.

კვლევა ახლახან გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალ Scientific Reports-ში და მისი ავტორია 21 მეცნიერი, მათ შორის არქეოლოგები, გეოლოგები, გეოქიმიკოსები, გეომორფოლოგები, მინერალოგები, პალეობოტანიკოსები, სედიმენტოლოგები, კოსმოსური დარტყმების ექსპერტები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები.

ცეცხლოვანი ქარიშხალი ქალაქში

წლების წინ, როდესაც არქეოლოგები დანგრეულ ქალაქში გათხრებს აწარმოებდნენ, წააწყდნენ მუქ, დაახლოებით 1,5 მეტრის სისქის სქელ ფენას, რომლიც ნახშირის, ფერფლის, გამდნარი აგურისა და გამდნარი კერამიკისგან შედგებოდა.

აშკარა იყო, რომ ძალიან დიდი ხნის წინ, ეს ქალაქი ცეცხლოვანი ქარიშხლის მიერ იყო განადგურებული. ამ შავ შრეს განადგურების ფენა უწოდეს.

დაზუსტებით არავინ იცოდა, რა მოხდა, მაგრამ ეს ფენა ვულკანის, მიწისძვრის ან საომარ მოქმედებათა შედეგად ნამდვილად არ იყო წარმოქმნილი. არც ერთ ამ მოვლენას არ ძალუძს ლითონების, აგურისა და კერამიკის გადნობა.

ამ იდუმალი ამბის გასარკვევად, მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა პროგრამა Online Impact Calculator-ი გამოიყენა, რათა მოეხდინა მტკიცებულებათა შესაფერისი სცენარის მოდელირება. დარტყმების ექსპერტთა მიერ შექმნილი ეს კალკულატორი მკვლევრებს კოსმოსური დარტყმითი მოვლენების მრავალი დეტალის შეფასების საშუალებას აძლევს და ამისათვის ეყრდნობა უკვე ცნობილ დარტყმით მოვლენებსა და ბირთვულ აფეთქებებს.

როგორც ჩანს, თალ-ელ-ჰამამის განადგურებაში დამნაშავე იყო პატარა ასტეროიდი, დაახლოებით ისეთი, როგორიც 1908 წელს რუსეთში, ტუნგუსკის თავზე აფეთქდა და 80 მილიონი ხე გაანადგურა. ეს ასტეროიდი გაცილებით პატარა ვერსია უნდა ყოფილიყო იმ გიგანტური კოსმოსური ლოდისა, რომელმაც 65 მილიონი წლის წინ დინოზავრები მოსპო.

სავარაუდო დამნაშავე უკვე გამოვლენილი იყო და მკვლევრებს ახლა უკვე უშუალოდ იმ დღის მოვლენების დადგენა სურდათ.

მიწაში აღმოჩენილი „ალმასები“

კვლევამ გამორჩეულად ფართო სპექტრის მტკიცებულებებს მიაგნო.

არქეოლოგიურ ძეგლზე გვხვდება ქვიშის წმინდად დაფხვნილი მარცვლები, რომლებსაც „შოკირებულ კვარცს“ უწოდებენ და ის მხოლოდ კვადრატულ ინჩზე 5 გიგაპასკალი წნევის ქვეშ წარმოიქმნება; წარმოიდგინეთ, რომ ცერა თითზე 68-ტონიანმა სამხედრო ტანკმა Abrams-მა გადაგიარათ.

განადგურების ფენა ასევე შეიცავს ალმასის მსგავს ციცქნა ნამსხვრევებს, რომლებიც ალმასის მსგავსად მტკიცეა. თითოეული მათგანი ზომაში გრიპის ვირუსზე პატარაა. როგორც ჩანს, ცაში აფეთქებული ცეცხლოვანი ბურთის მაღალმა წნევამ და ტემპერატურამ იმ ზონაში არსებული ხეები და მცენარეები მყისიერად გარდაქმნა ამ ალმასის მსგავს მასალად.

ლაბორატორიის ღუმელში ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ თალ-ელ-ჰამამის კერამიკა და აგურები 1500 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე გადნა. ეს ტემპერატურა საკმარისია, რომ ავტომანქანა წუთებში დაადნოს.

განადგურების ფენა ასევე შეიცავს გამდნარი მასალის ციცქნა ბურთულებს, რომლებიც ჰაერში გაფანტული მტვრის ნაწილაკებზე პატარებია. მათ სფერულებს უწოდებენ და შედგებიან აორთქლებული რკინისა და 1590 გრადუსზე გამდნარი ქვიშისგან.

გარდა ამისა, კერამიკისა და ნადნობი მინა დაწინწკლულია ციცქნა, გადამდნარი მეტალის მარცვლებით, მათ შორის ირიდიუმით, რომელიც 2,466 გრადუს ცელსიუსზე დნება, პლატინით, რომელიც 1768 გრადუს ცელსიუსზე დნება, და ცირკონიუმის სილიკატით, რომელიც 1540 გრადუს ცელსიუსზე დნება.

ერთობლივად, ეს მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ქალაქში ტემპერატურამ იმაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია, ვიდრე ვულკანებისას, საომარი მოქმედებების ან ჩვეულებრივი ხანძრებისას არის. ერთადერთ ბუნებრივ პროცესად დარჩა კოსმოსური დარტყმა.

იგივე მტკიცებულებებია აღმოჩენილი უკვე ცნობილ დარტყმათა ადგილებში, მაგალითად, როგორებიც არის ტუნგუსკა რუსეთში და ჩისკულუბის კრატერი იუკატანის ნახევარკუნძულთან, რომელიც დინოზავრების მკვლელი ასტეროიდის დაცემამ წარმოქმნა.

გამოჩანად რჩება, რატომ იყო მიტოვებული ეს ქალაქი და ასზე მეტი სხვა მიმდებარე დასახლება ამ გამანადგურებელი მოვლენიდან რამდენიმე საუკუნის შემდეგაც კი. ამის მიზეზი შეიძლება იყოს დაცემის დროს დალექილი დიდი ოდენობით მლაშე დეპოზიტი, რომელთა გამოც მოსავლის მოყვანა შეუძლებელი უნდა გამხდარიყო.

მკვლევრები ამაში ჯერ დარწმუნებული არ არიან, მაგრამ ფიქრობენ, რომ ცაში მომხდარ აფეთქებას მთელ ხეობაში უნდა მიმოეფანტა მკვდარი ზღვის მლაშე, ტოქსიკური წყალი. სასოფლო-სამეურნეო კულტურების გარეშე კი იქ ვერავინ იცხოვრებდა; ამ უდაბნოს მსგავს კლიმატში, მინიმალურ ნალექებს მინდვრებიდან მარილის გადარეცხვისთვის დაახლოებით 600 წელი უნდა დასჭირვებოდა.

გადაურჩა თუ არა ამ მოვლენას ცოცხალი მოწმე?

არ არის გამორიცხული, რომ ამ კატასტროფის შესახებ ზეპირი გადმოცემა თაობიდან თაობას გადაეცემოდა იქამდე, ვიდრე საბოლოოდ, მას ბიბლიური სოდომის ამბად ჩაიწერდნენ. ბიბლიაში აღწერილია მკვდარი ზღვის სიახლოვეს მდებარე ურბანული ცენტრის განადგურება — ციდან ქვები და ცეცხლი ცვიოდა, განადგურდა რამდენიმე ქალაქი, ცეცხლს სქელი კვამლი ასდიოდა და ქალაქის მოსახლეობა სრულად ამოწყდა.

შეიძლება თუ არა, რომ ეს თვითმხილველის მონათხრობი უძველესი ამბავი იყოს? თუ ასეა, თალ-ელ-ჰამამის კატასტროფა შეიძლება, კოსმოსური დარტყმითი მოვლენის მიერ ადამიანთა დასახლების მეორე უძველესი განადგურება იყოს; უძველესია სირიაში, სოფელ აბუ-ჰურეირას განადგურება დაახლოებით 12 800 წლის წინ. გარდა ამისა, ის შეიძლება ასეთი კატასტროფული მოვლენის წერილობითი ჩანაწერის პირველი ნიმუშიც იყოს.

შემაძრწუნებელი კი ის არის, რომ ეს შემთხვევა უკანასკნელი არ იქნება, როდესაც ჩვენს რომელიმე ქალაქს ასეთი ბედი ეწია.

ტუნგუსკის მეტეორის ზომის აფეთქებებს, როგორიც უძველესი თალ-ელ-ჰამამის თავზეც მოხდა, მთლიანი ქალაქებისა და რეგიონების განადგურება შეუძლია და თანამედროვეობის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს.

2021 წლის სექტემბრის მონაცემებით, დაფიქსირებულია დედამიწასთან ახლომდებარე 26 000 ათასზე მეტი ასტეროიდი და ასობით მოკლეპერიოდიანი, დედამიწასთან ახლოს ჩამვლელი კომეტა. ოდესმე, რომელიმე მათგანი დედამიწას აუცილებლად შეეჯახება. მილიონობით მათგანი სამუდამოდ აღმოუჩენელი დარჩება და ზოგიერთი მათგანი, დედამიწისკენ შეიძლება სწორედ ახლაც მოემართებოდეს.

ვიდრე ამ მოხეტიალე ობიექტებს ჩვენი რომელიმე ტელესკოპი დააფიქსირებს, მსოფლიოს ალბათ სრულიად არაფერი ეცოდინება, როგორც იმ საშინელ დღეს, თალ-ელ-ჰამამის მოსახლეობას.

კვლევა ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.