3700 წლის წინ მომხდარი კოსმოსური აფეთქება, რომელმაც შესაძლოა, უძველეს ბიბლიურ ამბავს ნათელი მოჰფინოს
3700 წლის წინ მომხდარი კოსმოსური აფეთქება, რომელმაც შესაძლოა, უძველეს ბიბლიურ ამბავს ნათელი მოჰფინოს

დაახლოებით 3700 წლის წინ, ახლო აღმოსავლეთის ცაში მეტეორი ან კომეტა აფეთქდა, რამაც მკვდარი ზღვის ჩრდილოეთით, შუა ღურის რეგიონში გაანადგურა ყველაფერი და მოსპო ათობით ათასი ადამიანი. ამის შესახებ არქეოლოგები იუწყებიან, რომლებმაც ამ კოსმოსური აფეთქების მტკიცებულებები იპოვეს.

მკვლევართა აზრით, აფეთქებამ მყისიერად გაანადგურა მკვდარი ზღვის ჩრდილოეთით არსებული დაახლოებით 500 კმ. კვ. ტერიტორია. 100 პროცენტით მოსპო ქალაქები და სოფლები და გაანიავა ერთ დროს ნაყოფიერი სასოფლო სამეურნეო ნიადაგი. მოვლენის შედეგად წარმოქმნილმა შოკურმა ტალღამ გამოიწვია მკვდარი ზღვის სუპერ-ცხელი მარილებისა და ანჰიდრიდების ამოხეთქვა. ანჰიდრიდი მარილები სულფატებისა და მარილების ნაზავია.

ეს ტერიტორია, წრიული ვაკე დაახლოებით 25 კილომეტრზეა გადაჭიმული მდებარეობს თანამედროვე იორდანიის ტერიტორიაზე.

მკვლევართა აზრით, შესაძლოა, სწორედ ამ მოვლენაში იმალებოდეს სიმართლე სოდომისა და გომორის განადგურების ბიბლიური ამბის შესახებ.

როგორც კვლევაში წერია, არქეოლოგიურ მტკიცებულებეზე დაყრდნობით ირკვევა, რომ განადგურებული ქანების აღდგენას დაახლოებით 600 წელი დასჭირდა. მხოლოდ ამის შემდეგ გახდა შესაძლებელი შუა ღურის რეგიონში ცივილიზაციის კვლავ აღორძინება. დანგრეულ ადგილებს შორის იყო ტალ-ელ-ჰამამი — 36 ჰეტქარზე გადაჭიმული უძველესი ქალაქი. მეცნიერთა დიდი ნაწილის აზრით, სწორედ ტალ-ელ-ჰამამია ცნობილი ბიბლიური ქალაქი სოდომი. არქეოლოგიური გათხრები იქ უკვე 13 წელია მიმდინარეობს.

კოსმოსური აფეთქების აღმოჩენილ მტკიცებულებათა შორის არის 3700 წლის წინანდელი კერამიკის ნამსხვრევები ტალ-ელ-ჰამამიდან, რომლებსაც უჩვეულო შესახედაობა აქვთ. კერამიკის ზედაპირი ვიტრიფირებულია, ანუ გადაქცეულია მინად. ტემპერატურა იმდენად მაღალი უნდა ყოფილიყო, რომ კერამიკის ნამტვრევებში შემავალი ცირკონი გადაიქცა აირად. კვლევაში ჩართული არქეოლოგის, ფილიპ სილვიას განცზადებით, ამისათვის საჭიროა 4000 გრადუს ცელსიუსზე მაღალი ტემპერატურა. თუმცა, ამ სიცხემ იმდენ ხანს ვერ გასტანა, რომ კერამინის ნამსხვრევები მთლიანად დაეწვა. შედეგად, ეს ნამტვრევები მიწისქვეშ შედარებით დაუზიანებლად შემორჩა.

სილვიას თქმით, ერთადერთი ბუნებრივი მოვლენა, რომელსაც ამ მასშტაბის ზიანის გამოწვევა შეუძლია, არის კოსმოსური აფეთქება. ასეთი რამ კი დედამიწის ისტორიაში არაერთხელ მომხდარა. უახლეს მაგალითად გამოდგება 1908 წელს ციმბირში ჩამოვარდნილი ტუნგუსკის მეტეორიტი.

როგორც სილვია აღნიშნავს, დაახლოებით 3700 წლის წინ ამ ზონაში სიცოცხლის უეცარ გაქრობაზე მიუთითებს რეგიონში ჩატარებული სხვა არქეოლოგიური გათხრებიც.

აღსანიშნავია ისიც, რომ ახლომახლოს ნაპოვნი არ არის კრატერი და შესაბამისად, შეუძლებელია იმის გარკვევა, ჰაერში აფეთქებული სხეული მეტეორი იყო თუ კომეტა.

ფილიპ სილვიას აზრით, ის ფაქტი, რომ განადგურებულია მხოლოდ 500 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია, მიუთითებს, რომ აფეთქება დაბალ სიმაღლეზე მოხდა, მიწისპირიდან დაახლებით 1 კმ სიმაღლეზე. შედარებისათვის — ტუნგუსკის მეტეორიტის აფეთქებამ მძიმედ დააზიანა 2150 კვადრატული კილომეტრი ხმელეთი.

უფრო მეტი დეტალის გასარკვევად, არქეოლოგთა ჯგუფი კვლევას აქტიურად აგრძელებს.

მომზადებულია Live Science-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი