ნიშნავს თუ არა ცაზე იუპიტერისა და სატურნის უიშვიათესი განლაგება ბეთლემის ვარსკვლავის დაბრუნებას — #1tvმეცნიერება
ნიშნავს თუ არა ცაზე იუპიტერისა და სატურნის უიშვიათესი განლაგება ბეთლემის ვარსკვლავის დაბრუნებას — #1tvმეცნიერება

2020 წლის 21 დეკემბერს, იუპიტერი და სატურნი რამდენიმე წუთის განმავლობაში ღამის ცაზე ერთმანეთს გადაკვეთენ და ერთი კაშკაშა მნათობის სახით გამოჩნდებიან. მიუხედავად იმისა, რომ პლანეტების განლაგების ასეთი დამთხვევა ყოველდღიური მოვლენა არ არის, არც თუ ისე იშვიათია.

წლევანდელი განლაგება გამორჩეულია სულ მცირე ორი მიზეზის გამო. ერთ-ერთი გახლავთ ორი პლანეტის ერთმანეთთან გასწორების ხარისხი. ასტრონომთა განცხადებით, ამ დროს ისინი ერთმანეთთან ისე ახლოს გამოჩნდებიან, როგორც ბოლო 800 წლის განმავლობაში არ გამოჩენილან ჩვენს ცაზე.

მეორე ფაქტორი, რომელმაც ეს მოვლენა ასე საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოაქცია, არის ის, რომ ის ზამთრის ბუნიაობას ემთხვევა, შობამდე ცოტა ხნით ადრე. დროში ასეთმა დამთხვევამ წარმოშვა სპეკულაციები იმის შესახებაც, შეიძლება თუ არა, რომ საქმე გვქონდეს იმავე ასტრონომიულ მოვლენასთან, რომლის შესახებაც ბიბლია გვამცნობს — ბეთლემის ვარსკვლავთან, რომელიც მოგვებს იოსების, მარიამისა და ახალშობილი იესოსკენ წარუძღვა.

ვირჯინიის შტატის ქალაქ ფერუმის კოლეჯის რელიგიის ასოცირებულ პროფესორს, ადრეული ქრისტიანული ლიტერატურის მკვლევარს, ერიკ ვანდენ აიკელს ამ სამ მოგვზე წიგნი აქვს დაწერილი. ამჯერად, პლანეტების განლაგებისა და შობის ვარსკვლავის კავშირის შესახებ ის ონლაინგამოცემა The Conversation-ში აქვეყნებს წერილს. აიკელი ამტკიცებს, რომ წლევანდელი პლანეტური განლაგება ლეგენდარული ბეთლემის ვარსკვლავი არ არის. მისივე თქმით, ბიბლიური ამბავი ამ ვარსკვლავის შესახებ, მიზნად ისახავდა თეოლოგიური ამბის და არა ისტორიული ან ასტრონომიული ჭეშმარიტების გადმოცემას.

წინამძღოლი ნათება

ამ ვარსკვლავის ამბავი როგორც ძველ, ისე ბევრ თანამედროვე მკითხველს აჯადოებს. ახალ აღთქმაში ის მოხსენიებულია მხოლოდ მათეს სახარებაში. ამბავს ის იესოს დაბადებით იწყებს.

მათეს სახარების მიხედვით, იერუსალიმში მოგვები მოვიდნენ და იუდეის მეფე ჰეროდეს ამცნეს: „სად არის იუდეველთა ახალშობილი მეფე? ვინაიდან ვიხილეთ მისი ვარსკვლავი აღმოსავლეთში და მოვედით, რათა თაყვანი ვცეთ მას“. ამის შემდეგ, ეს ვარსკვლავი მათ ბეთლემისკენ წარუძღვა და გაჩერდა იმ სახლის თავზე, სადაც იესო და მისი ოჯახი იმყოფებოდა.

ბევრი ამ ამბავს იმ წინაპირობით კითხულობს, რომ მათე ნამდვილ ასტრონომიულ მოვლენას აღწერს, რომელიც იესოს დაბადების დროს უნდა მომხდარიყო. მაგალითად, ასტრონომი მაიკლ მოლნარი ამტკიცებს, რომ ბეთლემის ვარსკვლავი სინამდვილეში გახლდათ იუპიტრის გადაფარვა ვერძის თანავარსკვლავედში.

მათეს მიერ მოხსენიებული ვარსკვლავის რომელიმე კონკრეტულ მოვლენასთან დაკავშირებას თან ახლავს სულ მცირე ორი პრობლემა. პირველი ის არის, რომ მკვლევრებმა არ იციან, ზუსტად როდის დაიბადა იესო. კვლევების მიხედვით, მისი დაბადების ტრადიციულ თარიღში შეიძლება ექვსწლიანი ცდომილებაც კი იყოს.

მეორე კი ის გახლავთ, რომ გაზომვადი, პროგნოზირებადი ასტრონომიული მოვლენები აბსოლუტური სიხშირით ხდება (სტატისტიკაში „სიხშირეობა“). თუკი მათე მართლაც რომელიღაც ასეთ მოვლენას გულისხმობს, ის რაღაც რთული მოვლენა უნდა იყოს.

შეხედულებები ვარსკვლავზე

ახალი არ არის თეორია იმის შესახებ, რომ იუპიტერისა და სატურნის ერთმანეთის გასწვრივ განლაგება შეიძლება ბეთლემის ვარსკვლავი იყოს. ეს მოსაზრება ჯერ კიდევ მე-17 საუკუნის დასაწყისში გერმანელმა ასტრონომმა და მათემატიკოსმა იოჰან კეპლერმა წამოაყენა. კეპლერის აზრით, ამ ვარსკვლავის შესახებ მათეს შთაგონების წყარო უნდა გამხდარიყო დაახლოებით ძვ. წ. 6 წელს მომხდარი ასეთი პლანეტური განლაგება.

კეპლერი პირველი არ იყო, ვინც ვარაუდობდა, რომ ბეთლემის ვარსკვლავი შეიძლება რომელიმე შეცნობადი ასტრონომიული მოვლენა ყოფილიყო. კეპლერამდე ასობით წლით ადრე, 1303-1305 წლებში, იტალიის ქალაქ პადუაში, სკროვენის კაპელას კედლებზე მხატვარმა ჯოტომ ვარსკვლავი კომეტის სახით დახატა.

მკვლევართა აზრით, ჯოტომ ჰალეის კომეტა გამოსახა, რომელიც ასტრონომთა გათვლებით, ცაში 1301 წელს ჩანდა, როდესაც მან თავის ორბიტაზე დედამიწას ჩაუარა. ასტრონომებმა დაადგინეს ისიც, რომ ჰალეის კომეტამ დედამიწას ძვ. წ. 12 წელსაც ჩაუარა, 5-10 წლით ადრე იმ თარიღამდე, როცა მკვლევართა უმეტესობის აზრით იესო დაიბადა. არ არის გამორიცხული, ჯოტოს სჯეროდა, რომ მათე ამ ვარსკვლავში სწორედ ჰალეის კომეტას გულისხმობდა.

მათეს ვარსკვლავის იენტიფიცირების მცდელობები ხშირად კრეატიული და საკმაოდ გამჭრიახია, მაგრამ წერილის ავტორი, ადრეული ქრისტიანული ლიტერატურის მკვლევრის, ერიკ ვანდენ აიკელის აზრით, ისინი ხშირად შეცდომაში შემყვანია.

მათეს სახარებაში მოხსენიებული ვარსკვლავი შეიძლება არ გახლავთ „ნორმალური“ ბუნებრივი ფენომენი. მათე წერს, რომ მოგვები იერუსალიმში აღმოსავლეთიდან მოვიდნენ. შემდეგ ვარსკვლავი მათ ბეთლემისკენ წარუძღვა, ანუ იერუსალიმის სამხრეთით. ანუ, ვარსკვლავი მკვეთრად მარცხნივ უნდა შემობრუნებულიყო. ასტრონომები კი თანხმდებიან, რომ ვარსკვლავები მკვთრ „მოხვევებს“ არ ახორციელებენ.

გარდა ამისა, როდესაც ეს მოგვები იერუსალიმში მოვიდნენ, ვარსკვლავი ცაში იმდენად დაბლა უნდა ყოფილიყო, რომ ისინი კონკრეტულ სახლამდე მიეყვანა. ფიზიკოს აარონ ადერის განცხადებით, „ამბობენ, რომ ვარსკვლავი ადგილზე გაჩერდა, კონკრეტული ნაგებობის თავზე, ანუ უძველესი GPS-ის მსგავსად იმოქმედა“.

მისივე განცხადებით, ვარსკვლავის მოძრაობის აღწერა სცდება ნებისმიერი დაკვირვებადი ასტრონომიული ობიექტის ფიზიკურ შესაძლებლობებს.

თეოლოგიური საფუძველი

მოკლედ რომ ვთქვათ, „ნორმალური“ ან „ბუნებრივი“ არაფერი ჩანს იმ ფენომენში, რომელსაც მათე აღწერს. ალბათ მათე მხოლოდ იმას ცდილობდა, რომ განსხვავებული ყოფილიყო.

მათეს ამბავი ვარსკვლავის შესახებ ეფუძნება ტრადიციას, რომლის მიხედვითაც, ვარსკვლავები მბრძანებლებთან დაკავშირებულად მიაჩნდათ. ვარსკვლავის ამოსვლა ხელისუფლებაში მმართველის მოსვლას აღნიშნავდა.

მაგალითად, ძველი აღთქმის ერთ-ერთ წიგნში „წიგნი რიცხვთა“, რომელიც ძვ. წ. მე-5 საუკუნით თარიღდება, წინასწარმეტყველი ვალაამი წინასწარმტყველებს მბრძანებლის მოსვლას, რომელიც ისრაელის ხალხის მტრებს დაამხობს. „ამოდის ვარსკვლავი იაკობისგან (იგულისხმება ისრაელი) და იმართება კვერთხი ისრაელისგან, მოწყლავს მოაბის მთავრებს და გაანადგურებს შეთის მთელს მოდგმას“.

ამ ტრადიციის ერთ-ერთი საუკეთესოდ ცნობილი მაგალითი უძველესი დროიდან არის ე. წ, იულიუსის ვარსკვლავი — კომეტა, რომელიც ძვ. წ. 44 წელს იულიუს კეისრის მკვლელობიდან რამდენიმე თვის შემდეგ გამოჩნდა. როგორც რომაელი ავტორები, გაიუს სვეტონიუს ტრანკვილუსი და პლინიუს უფროსი წერენ, კომეტა იმდენად კაშკაშა იყო, რომ შუადღისითაც ჩანდა და როგორც მრავალ რომაელს სწამდა, ეს სანახაობა იმის ნიშანი იყო, რომ იულიუს კეისარი ახლა უკვე ღმერთი იყო.

ასთი ტრადიციის ფონზე, ვირჯინიის შტატის ქალაქ ფერუმის კოლეჯის რელიგიის ასოცირებულ პროფესორის, ადრეული ქრისტიანული ლიტერატურის მკვლევარს, ონლაინგამოცემა The Conversation-ში ამ საკითხზე გამოქვეყნებული წერილის ავტორ ერიკ ვანდენ აიკელს სჯერა, რომ მათეს მიერ აღწერილი ვარსკვლავი მკითხველს კონკრეტული ასტრონომიული მოვლენის შესახებ კი არ აუწყებს, არამედ ავტორი ამით ხაზს უსვამს იესოს ხასიათს.

პროფესორი ერიკ ვანდენ აიკელი იქვე დასძენს, რომ მისი აზრით, ამ ამბის თხრობისას მათეს მიზანი უფრო თეოლოგიური იყო, ვიდრე ისტორიული.

გამომდინარე აქედან, მისი აზრით, იუპიტერისა და სატურნის ერთანეთის გასწვრივ განლაგება (დედამიწის პერსპექტივიდან) სულაც არ გახლავთ ბეთლემის ვარსკვლავის დაბრუნება და ამ ამბის აღწერით მათემ მხოლოდ მკითხველზე შთაბეჭდილების მოხდენა სცადა.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.