აღმოჩენილია სატურნის 128 ახალი ბუნებრივი თანამგზავრი — #1tvმეცნიერება
იუპიტერსა და სატურნს შორის რბოლა მზის სისტემაში ყველაზე მეტი ბუნებრივი თანამგზავრისთვის, სავარაუდოდ, საბოლოოდ შეწყდა.
მეცნიერთა ჯგუფმა სატურნის გარშემო 128 აქამდე უცნობი მთვარე აღმოაჩინა; აღმოჩენა ოფიციალურად აღიარა საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა. შედეგად, ამჟამად სატურნს ჩვენთვის ცნობილი 274 მთვარე აქვს და მნიშვნელოვნად უსწრებს იუპიტერს, რომელსაც სულ რაღაც 95 მთვარე ჰყავს.
პირველი მინიშნება, რომ სატურნის გარშემო მრავალი თანამგზავრი აღმოუჩენელი იყო, 2019-2021 წლებში გაჩნდა, როდესაც 62 ასეთი ობიექტი აღმოაჩინეს. იმ დროს სხვა მცირე ობიექტებიც შენიშნეს, რომელთა აღნიშვნაც მაშინ ვერ მოხერხდა.
„რადგან ვიცოდით, რომ ისინი სავარაუდოდ მთვარეები იყო და თანაც, კიდევ მრავალი სხვაც ელოდებოდა აღმოჩენას, 2023 წელს სამი თვის განმავლობაში ვაწარმოებდით დაკვირვებებს. მართლაც, 128 ახალი მთვარე ვიპოვეთ. პროგნოზებზე დაყრდნობით, სულაც არ ვფიქრობ, რომ იუპიტერი სატურნს ოდესმე დაეწევა“, — ამბობს ტაივანის მეცნიერებათა აკადემიის ასტრონომი ედუარდ ეშტონი.
ცხადი რომ იყოს, გეტყვით, რომ ეს მთვარეები სრულიად არ ჰგვანან დედამიწის მთვარეს — არ არიან დიდი და სრულყოფილად სფერულები. ისინი ციცქნა „მთვარუკებია“, გაბერილი და კარტოფილის ფორმის, სიგრძეში სულ რამდენიმე კილომეტრს აღწევენ; ასეთ ობიექტებს არარეგულარულ მთვარეებს უწოდებენ.
მეცნიერთა აზრით, თავდაპირველად ისინი ობიექტთა მცირე ჯგუფს წარმოადგენდნენ, რომელიც სატურნის გრავიტაციამ ორბიტაზე ჩაიჭირა, ჯერ კიდევ მზის სისტემის ისტორიის ადრეულ ეტაპზე. შემდეგ დაიწყო მათ შორის შეჯახებები, რის შედეგადაც მიიღეს ის ფორმები, რაც დღეს აქვთ.
უფრო მეტიც, მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ასეთი შეჯახებები სულ რაღაც 100 მილიონი წლის წინაც ხდებოდა, რაც პლანეტისთვის იმდენად ხანმოკლე დროა, როგორც თვალის დახამხამება. მდებარეობენ სატურნის მთვარეების ე. წ. ნორდიკულ ჯგუფში, რაც ასევე მიუთითებს იმაზე, რომ სწორედ ამ ადგილას მოხდა ბოლოდროინდელი შეჯახება.
ნორდიკული ჯგუფი არის მთვარეები, რომლებიც რეტროგრადული მიმართულებით მოძრაობენ, დახრილი კუთხით, ელიფსურ ორბიტაზე, სატურნის რგოლებს გარეთ. ახლად აღმოჩენილი მთვარეების მსგავსად, ისინიც კარტოფილის ფორმის არიან.
ახალი ბუნებრივი თანამგზავრები დეტალურადაა აღწერილი პუბლიკაციაში, რომელიც Planetary Science Journal-ში გამოქვეყნდება, ამჟამად კი ხელმისაწვდომია სერვერზე arXiv.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.