სატურნის ერთ-ერთი პატარა ბუნებრივი თანამგზავრის სიღრმეში თხევადი წყლის ოკეანე აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
სატურნის ერთ-ერთი პატარა ბუნებრივი თანამგზავრის სიღრმეში თხევადი წყლის ოკეანე აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

მზის სისტემა შეიძლება იმაზე წყლიანი ადგილია, ვიდრე გვეგონა.

სატურნის ერთ-ერთი ბუნებრივი თანამგზავრის ახალი ანალიზები მიუთითებს, რომ მასზე შეიძლება თხევადი წყლის ოკეანე იყოს. ეს გახლავთ მიმასი, პატარა მთვარე დიდი კრატერით.

ახალი კვლევის მიხედვით, უმნიშვნელო, თავისებურ რხევას, რომელიც ასტრონომებმა ამ მთვარეზე დააფიქსირეს, შეიძლება შიდა თხევადი ოკეანე იწვევდეს.

თუ მართლაც ასეა, მიმასი მზის სისტემის იმ მთვარეთა რიგებს შეუერთდება, რომლებიც ზედაპირქვეშ წყლის ოკეანეებს მალავენ; მათ შორის არის სატურნის კიდევ ერთი მთვარე ენცელადი და იუპიტერის თანამგზავრი ევროპა. თუმცა, მიმასი ამ შემთხვევაშიც კი ძლიერ განსხვავებული იქნება და კიდევ უფრო გააფართოებს ჩვენს წარმოდგენას.

„ვინაიდან მიმასის ზედაპირი ძლიერ კრატერირებულია, ვფიქრობდით, რომ ის უბრალო ყინულის ნაჭერია. სხვა წყლიანი მთვარეები, მაგალითად, ენცელადი და ევროპა, დაბზარულია და გეოლოგიური აქტივობის ნიშნები აქვს. როგორც ჩანს, მიმასის ზედაპირი გვატყუებდა და ჩვენი ახალი ცოდნა მნიშვნელოვნად გააფართოებს მზის სისტემაში და მის მიღმა სიცოცხლისათვის პოტენციურად ხელსაყრელ სხეულთა განსაზღვრებას“, — ამბობს სამხრეთ-დასავლეთის კვლევითი ინსტიტუტის გეოფიზიკოსი ელისა როდენი.

აქ, დედამიწაზე, სიცოცხლე ძირითადად მზის სინათლეზეა დამოკიდებული, მაგრამ არსებობს რამდენიმე ისეთი ადგილიც, სადაც ორგანიზმები სრულ წყვდიადში ცოცხლობენ.

ერთ-ერთი ასეთი ადგილი ოკეანეების ფსკერზეა, ჰიდროთერმული ღრმულების გარშემო, საიდანაც გამოიყოფა დედამიწის წიაღიდან ამოსული სითბო და საკვები ნივთიერებები. იქ სიცოცხლე დამოკიდებულია არა ფოტოსინთეზზე, არამედ ქემოსინთეზზე, ანუ საკვებ ენერგიას ქიმიური რეაქციებიდან იღებენ.

ეს საკითხი არამიწიერი სიცოცხლის ძებნისთვისაც რელევანტური გახდა მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ იუპიტერის მთვარე ევროპას და სატურნის მთვარე ენცელადს ყინულოვანი ზედაპირის ქვეშ თხევადი ოკეანეები აქვთ.

ამ მთვარეებზე მიმდინარეობს გეოლოგიური აქტივობაც, რასაც მათი პლანეტების გრავიტაციის მიერ მათი გაჭიმვა და შეკუმშვა იწვევს; ამ დროს საკმარისი სითბო გამომუშავდება, რათა ზედაპირქვეშ წყალი არ გაიყინოს.

თუმცა, როგორც ჩანს, მიმასი მთვარეთა ამ ჯგუფს არ მიეკუთვნება. ის სატურნთან ახლოს არის და აქვს უფრო გაწელილი (ელიფსური) ორბიტა, ვიდრე ენცელადს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის უფრო ძლიერ უნდა იჭიმებოდეს და იკუმშებოდეს; მაგრამ მისი აქტივობა ენცელადისაზე გაცილებით დაბალია.

ამან მეცნიერებს აფიქრებინა, რომ მიმასი მყარი, გაყინული უნდა ყოფილიყო და შესაბამისად, დეფორმირებისკენაც ნაკლებად მიდრეკილი.

მაგრამ არასასიამოვნო პრობლემად რჩება რწევა, ანუ ფიზიკური „რხევა“, რაც სატურნის სისტემაში გაგზავნილმა ხომალდმა „კასინიმ“ დააფიქსირა. მიმასი რომ მყარი ყოფილიყო, ის ასე არ დაირწეოდა.

ამ მთვარის რხევა მიუთითებდა, რომ მას ან განსხვავებული ბირთვი უნდა ჰქონოდა, ან თხევადი ოკეანე — რაღაც, რაც ბირთვს ზედაპირთან მტკიცედ კავშირში უშლის ხელს და მის გარშემო ამოძრავებს.

როდენს და მის ჯგუფს სურდათ გაერკვიათ თხევადი ოკეანის შესაძლებლობა. საჭირო იყო მთვარის წიაღიდან საკმარისი სითბოს წარმოქმნა და გაფანტვა, რათა მიმასს შიგნით წყალი თხევად მდგომარეობაში შენარჩუნებულიყო, მაგრამ ამავე დროს შეენარჩუნებინა ძალიან სქელი, გაყინული გარსი.

„მოდელების უმეტესობის შემთხვევაში, საჭირო იყო დაზუსტება, რათა ის მიგვეღო, რასაც ვაკვირდებოდით. ამჯერად გამოიკვეთა შიდა ოკეანის მტკიცებულება, რაც ყველაზე რეალური სცენარია ყინულის საფარის სტაბილურობისა და შემჩნეული რხევებისთვის“, — ამბობს როდენი.

მათი მოდელების მიხედვით, მიმასის ყინულოვანი გარსის სისქე 24-31 კილომეტრია, რომლის ქვეშაც ბრუნავს გლობალური ოკეანე. გამომდინარე იქიდან, რომ მიმასის დიამეტრი 396 კილომეტრია, ამ ზომის კვალობაზე ყინული ძლიერ სქელია; ენცელადის ყინულის გარსის სისქე 5-35 კილომეტრამდე მერყეობს, მაგრამ ამ მთვარის დიამეტრი 513 კილომეტრია.

ჯგუფმა ასევე განსაზღვრა, რომ მიმასის ზედაპირზე სითბური დინება ძლიერ მგრძნობიარეა ნებისმიერი მოცემული რეგიონის ყინულის სისქისადმი. ამის პირდაპირი გაზომვა უკვე სამომავლო დაკვირვებათა საქმეა.

და ბოლოს, როგორც მოდელები მიუთითებს, გარდა თხევადი ოკეანისა, მიმასს განსხვავებული ბირთვიც აქვს. ეს კი ეწინააღმდეგება მიმასის ევოლუციის წინა მოდელებს, რადგან ამ მთვარის ადრეულ დიფერენციაციას დღევანდელისგან ძლიერ განსხვავებული ორბიტა უნდა წარმოექმნა. შედეგად, მიმასი პოტენციურად ძლიერ საინტერესო სხეულია სამომავლო კვლევებისთვის.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი შედეგები მხარს უჭერს მიმასზე ამჟამად ოკეანის არსებობას, ძლიერ რთულია მისი ორბიტული და გეოლოგიური მახასიათებლების მორგება ჩვენს ამჟამინდელ წარმოდგენასთან მისი თერმულ-ორბიტული ევოლუციის შესახებ“, — აღნიშნავს როდენი.

მისი განცხადებით, მიმასის გადასვლა ოკეანურ მთვარეთა კატეგორიაში, მისი ფორმირებისა და ევოლუციის ეტალონურ მოდელს მოგვცემს. ეს კი უკეთეს წარმოდგენას შეგვიქმნის სატურნის რგოლებისა და საშუალო ზომის მთვარეების შესახებ, ისევე როგორც პოტენციურად სასიცოცხლო ოკეანურ მთვარეთა რაოდენობის შესახებ, განსაკუთრებით ურანთან.

კვლევა ჟურნალ Icarus-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია swri.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.